ძირითადი მასალა
დამამთავრებელი კლასების ბიოლოგია
კურსი: დამამთავრებელი კლასების ბიოლოგია > თემა 9
გაკვეთილი 1: ეკოლოგიის შესავალიეკოლოგიის შესავლის მიმოხილვა
საკვანძო ტერმინები
ტერმინი | მნიშვნელობა |
---|---|
ეკოლოგია | დარგი, რომელიც შეისწავლის, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ორგანიზმები ერთმანეთთან და თავიანთ გარემოსთან |
ბიოტური | ცოცხალი ან ოდესღაც ცოხალი ფაქტორი ეკოსისტემაში |
აბიოტური | არაცოცხალი ფაქტორი ეკოსისტემაში |
ორგანიზმი | ცალკეული ცოცხალი არსება |
სახეობა | ჯგუფი მსგავსი ორგანიზმებისა, რომლებსაც შეუძლიათ შეჯვარება და ნაყოფიერი შთამომავლობის წარმოქმნა |
პოპულაცია | ჯგუფი ინდივიდებისა, რომლებიც ერთსა და იმავე სახეობას მიეკუთვნებიან და ერთსა და იმავე არეალში ბინადრობენ |
თანასაზოგადოება | განსაზღვრულ რეგიონში მცხოვრები ყველა სახეობის ყველა პოპულაცია |
ეკოსისტემა | განსაზღვრულ ადგილას მცხოვრები ორგანიზმები და მათი ფიზიკური გარემო |
ბიოსფერო | დედამიწის ყველა ეკოსისტემა |
ბიომრავალფეროვნება | ორგანიზმების მრავალფეროვნება ეკოსისტემაში |
ეკოლოგია
ეკოლოგია მრავალ სხვადასხვა დონეზე შეისწავლება და ის უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ტექნოლოგიური და გარემო ზეგავლენების ზრდასთან ერთად. ჩვენ კარგად უნდა გავიგოთ ეკოლოგია, რათა შევიმუშაოთ საფუძვლიანი მეთოდები, რომლებიც შეამცირებს უარყოფით ზეგავლენებს ბიომრავალფეროვნებაზე.
ბიოტური და აბიოტური ფაქტორები
ეკოსისტემებზე გავლენას ახდენენ ბიოტური და აბიოტური ფაქტორები.
ბიოტურ ფაქტორებს შორისაა ცხოველები, მცენარეები, სოკოები, ბაქტერიები და პროტისტები. აბიოტური ფაქტორების რამდენიმე მაგალითია წყალი, ნიადაგი, ჰაერი, მზის სინათლე, ტემპერატურა და მინერალები.
მაგალითად, წითელი პანდები ენოტების შორეული ნათესავები არიან და ისინი მხოლოდ აღმოსავლეთ ჰიმალაიში გვხვდებიან. დროის დიდ ნაწილს წითელი პანდები ხეებზე ატარებენ და დიდწილად ვეგეტარიანულად იკვებებიან.
ბოლო წლებში წითელი პანდების პოპულაცია მნიშვნელოვნად შემცირდა, რის გამოც გარემოს დამცველმა ჯგუფებმა ის მოწყვლად ან გადაშენების გზაზე მდგომ სახეობად გამოაცხადა.
ბიოტური ფაქტორებმა, როგორებიცაა, მაგალითად, ხეების ჭრა და შინაური ძაღლების დაავადებების გავრცელება, გადამწყვეტი როლი ითამაშეს წითელი პანდების პოპულაციის კლებაში. მართალია, დღემდე აბიოტური ფაქტორები ნაკლებად მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ, მაგრამ ტემპერატურის ცვლილებამ შეიძლება, მომავალში გამოიწვიოს საცხოვრებელი გარემოს დაკარგვა.
იმ ბიოტური და აბიოტური ფაქტორების გამორკვევა, რომელთა გამოც იკლო წითელი პანდების რაოდენობამ, ეხმარება ეკოლოგებს, შეიმუშაონ ბუნების დაცვის გეგმები ამ სახეობისთვის.
ეკოლოგიის დონეები
ეკოლოგები ხშირად ხუთ ვრცელ დონეზე მუშაობან, ზოგჯერ სრულიად განცალკევებულად, ზოგჯერ კი — ნაწილობრივი გადაფარვით: ორგანიზმი, პოპულაცია, თანასაზოგადოება, ეკოსისტემა და ბიოსფერო.
უმცირესიდან უდიდესისკენ:
- ორგანიზმი: ორგანიზმების ეკოლოგები შეისწავლიან ადაპტაციებს, სასარგებლო ნიშან-თვისებებს, რომლებიც ბუნებრივი გადარჩევის შედეგად ინერგება და რომლებიც ორგანიზმებს საშუალებას აძლევს, იცხოვრონ ცალკეულ გარემოში. ეს ადაპტაციები შეიძლება იყოს მორფოლოგიური, ფიზიოლოგიური ან ქცევითი.
- პოპულაცია: პოპულაცია არის ჯგუფი ერთისა და იმავე სახეობის ორგანიზმებისა, რომლებიც ერთდროულად ცხოვრობენ ერთსა და იმავე გარემოში. პოპულაციური ეკოლოგები შეისწავლიან პოპულაციების ზომას, სიმჭიდროვესა და სტრუქტურას და მათ ცვლილებას დროთა განმავლობაში.
- თანასაზოგადოება: ბიოლოგიური თანასაზოგადოება მოიცავს სხვადასხვა სახეობის ყველა პოპულაციას, რომელიც მოცემულ გარემოში ბინადრობს. თანასაზოგადოების ეკოლოგები კონცენტრირდებიან პოპულაციებს შორის არსებულ ურთიერთობებზე და თანასაზოგადოების ჩამოყალიბებაში ამ ურთიერთობების გავლენაზე.
- ეკოსისტემა: ეკოსისტემა მოიცავს ცალკეული გარემოს ყველა ბიოტურ და აბიოტურ ფაქტორს, რომლებიც გავლენას ახდენენ ამ თანასაზოგადოებაზე. ეკოსისტემის ეკოლოგები ხშირად კონცენტრირდებიან ენერგიის ნაკადზე და საკვები ნივთიერებების რეცირკულაციაზე.
- ბიოსფერო: ბიოსფერო არის პლანეტა დედამიწა, რომელსაც ეკოლოგიურ სისტემად განვიხილავთ. ბიოსფეროს დონეზე მომუშავე ეკოლოგები სწავლობენ გლობალურ კანონზომიერებებს — მაგალითად, სახეობათა განაწილებას ან კლიმატს — ეკოსოსტემებს შორის ურთიერთობებს და იმ მოვლენებს, რომლებიც დედამიწის მთელ სფეროზე ახდენენ გავლენას, მაგალითად, კლიმატის ცვლილებას.
ხშირი შეცდომები და მცდარი წარმოდგენები
- მკვდარი ორგანიზმები აბიოტურები არ არიან. ზოგ ადამიანს ჰგონია, რომ თუკი ორგანიზმი ცოცხალი აღარ არის, ის არ შეიძლება, ბიოტურად მივიჩნიოთ. მიუხედავად ამისა, თუკი რაიმე ოდესღაც მაინც იყო ცოცხალი ან ცოცხალი ორგანიზმის ნაწილი (მაგალითად, ძვალი ან თმა), ის მაინც ბიოტურად მიიჩნევა.
- პოპულაციები და თანასაზოგადოებები ერთი და იგივე არ არის. მართალია, ზოგი ადამიანი ამ ტერმინებს ურთიერთჩანაცვლებადად იყენებს, მაგრამ ბიოლოგიაში მათ სპეციფიკური მნიშვნელობები აქვთ. პოპულაციები მოცემულ არეალში მცხოვრები მხოლოდ ერთი სახეობისგან შედგებიან, თანასაზოგადოებები კი რამდენიმე სახეობას აერთიანებს.
- ზოგიერთ ადამიანს ჰგონია, რომ რამდენიმე სახეობის დაკარგვას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მიუხედავად ამისა, ეს საერთოდ არ არის ასე! ბიომრავალფეროვნება აუცილებელია ჩვენი პლანეტისთვის, რადგან თითოეული სახეობა, განურჩევლად იმისა, რამდენად დიდი ან პატარაა იგი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს.გარდა ამისა, უფრო მდიდარი ბიომრავალფეროვნება ორგანიზმებსა და ეკოსისტემებს გარემოს ცვლილებებთან ადაპტირების საშუალებას აძლევს, მას ასევე დიდი წვლილი შეაქვს მედიცინასა და სოფლის მეურნეობაში!
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.