ძირითადი მასალა
დამამთავრებელი კლასების ბიოლოგია
უჯრედის მემბრანის მიმოხილვა
საკვანძო ტერმინები
ტერმინი | მნიშვნელობა |
---|---|
პლაზმური მემბრანა | სპეციალიზებული სტრუქტურა, რომელიც გარს არტყია უჯრედსა და მის შინაგან გარემოს; აკონტროლებს ნივთიერებების მოძრაობას უჯრედში/უჯრედიდან |
ჰიდროფობური | მოლეკულა, რომელიც უკუაგდებს წყალს („წყლის მოშიში“) |
ჰიდროფილური | მოლეკულა, რომელიც წყლისკენ მიიზიდება („წყლის მოყვარული“) |
ამფიპათიური | მოლეკულა, რომელსაც ჰიდროფობური ბოლოც აქვს და ჰიდროფილურიც |
ფოსფოლიპიდი | ამფიპათიური ლიპიდი, რომელიც აგებულია გლიცერინისგან, ორი ცხიმოვანი მჟავის კუდისგან და ფოსფატის ჯგუფისგან |
ფოსფოლიპიდური ბიშრე (ორმაგი შრე) | ბიოლოგიური მემბრანა, რომელიც შედგება კუდებით შიგნით მიმართული ფოსფოლიპიდების ორი შრისგან |
ნახევრად განვლადი მემბრანა | მემბრანა, რომელიც ზოგიერთ ნივთიერებას ატარებს |
პლაზმური მემბრანის სტრუქტურა და ფუნქცია
პლაზმური მემბრანა ნახევრად განვლადია (ან შერჩევითად განვლადი). ის შედგება ფოსფოლიპიდების ორმაგი შრისგან, ასევე მრავალი სხვა ლიპიდისგან, ცილისა და ნახშირწყლისგან.
თითოეული ფოსფოლიპიდი ამფიპათიურია ორი ჰიდროფობური კუდითა და ერთი ჰიდროფილური თავით. ჰიდროფობური კუდები შიგნითაა მიმართული ერთმეორისკენ, ჰიდროფილური თავები კი — გარეთ.
პლაზმური მემბრანის უნიკალური სტრუქტურა მცირე ნივთიერებების (მაგალითად, ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის) მარტივად გატარების საშუალებას იძლევა.
ხშირი შეცდომები და მცდარი წარმოდგენები
- ჰიდროფობური კუდები შიგნითაა მიმართული, ჰიდროფილური თავები კი — გარეთ. თუკი ეს ორი დაბოლოება ერთმანეთში გერევათ, გაიხსენეთ სიტყვა „ფობია“, რომელიც „შიშს“ ნიშნავს. ჰიდროფობურ კუდებს წყლის ეშინიათ, ამიტომ ისინი შეძლებისდაგვარად შორს დაიჭერენ თავს უჯრედის შიგნით და გარეთ არსებული ხსნარებისგან.
- პლაზმური მემბრანა შეიცავს ფოსფოლიპიდების ორმაგ შრეს, მაგრამ ეს ორი ტემრინი ურთიერთჩანაცვლებადი არ არის. პლაზმური მემბრანის ნაწილი ფოსფოლიპიდების ბიშრეა, რომელიც ფოსფოლიპიდების მოლეკულების ორი შრისგან შედგება. მიუხედავად ამისა, პლაზმური მემბრანა აგრეთვე შეიცავს სხვა მაკრომოლეკულებს, მაგალითად, მემბრანულ ცილებსა და ნახშირწყლებს. შესაბამისად, შეგვიძლია, ვთქვათ, პლაზმური მემბრანა ფოსფოლიპიდების ორმაგ შრეს შეიცავს, თუმცა ის მხოლოდ მისგან არ შედგება.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.