ძირითადი მასალა
დამამთავრებელი კლასების ბიოლოგია
კურსი: დამამთავრებელი კლასების ბიოლოგია > თემა 1
გაკვეთილი 1: ბიოლოგია და სამეცნიერო კვლევის მეთოდი- ბიოლოგიის მიმოხილვა
- მომზადება ბიოლოგიის შესასწავლად
- რა არის სიცოცხლე?
- სამეცნიერო კვლევის მეთოდი
- სამეცნიერო კვლევის მეთოდი
- ექსპერიმენტის დასკვნების ამხსნელი მონაცემების მაგალითები
- სამეცნიერო კვლევის მეთოდი და მონაცემთა ანალიზი
- კვლევის დიზაინი: შესავალი
- კონტროლირებული ექსპერიმენტები
- ბიოლოგია და სამეცნიერო კვლევის მეთოდის მიმოხილვა
- კვლევის დიზაინი და მიკერძოება
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
ბიოლოგია და სამეცნიერო კვლევის მეთოდის მიმოხილვა
საკვანძო ტერმინები
ტერმინი | მნიშვნელობა |
---|---|
ბიოლოგია | ცოცხალი ორგანიზმების შემსწავლელი მეცნიერება |
დაკვირვება | მოვლენების თანმიმდევრულად აღმოჩენა და აღწერა |
ჰიპოთეზა | სამეცნიერო ახსნა, რომლის შემოწმებაცაა შესაძლებელი ექსპერიმენტით ან დაკვირვებით |
კონტროლირებადი ექსპერიმენტი | ექსპერიმენტი, რომელშიც მხოლოდ ერთი ცვლადია |
დამოუკიდებელი ცვლადი | ცვლადი, რომელიც განგებ იცვლება ექსპერიმენტში |
დამოკიდებული ცვლადი | ცვლადი, რომელსაც ვაკვირდებით და რომელიც დამოუკიდებელი ცვლადის საპასუხოდ იცვლება |
საკონტროლო ჯგუფი | მთავარი ჯგუფი, რომელსაც არ აქვს ცვლილებები დამოუკიდებელ ცვლადში |
მეცნიერული (სამეცნიერო) თეორია | ფენომენის კარგად შემოწმებული და საყოველთაოდ მიღებული ახსნა |
კვლევითი მიკერძოება | პროცესი, რომლის დროსაც მკვლევარი გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად ზემოქმედებს შედეგებზე |
პლაცებო | ნივთიერება, რომელსაც არ აქვს სამკურნალო ეფექტი. ხშირად გამოიყენება კონტროლის სახით ექსპერიმენტებში |
ორმხრივად ბრმა მეთოდი | კვლევის მეთოდი, რომლის დროსაც არც ცდისპირებმა და არც მკვლევრებმა არ იციან, თუ ვინ იღებს განსაზღვრულ მკურნალობას |
ბიოლოგიის ბუნება
ბიოლოგია მეცნიერების ის განყოფილებაა, რომელიც ცოცხალ ორგანიზმებს შეისწავლის. ბიოლოგებმა გამოაცალკევეს ის ნიშან-თვისებები, რომლებიც ჩვენთვის ცნობილ ყველა ცოცხალ ორგანიზმს აქვს. მართალია, ზოგი მათგანი არაცოცხალ საგნებსაც აქვთ, მაგრამ იმისთვის, რომ რაღაც ცოცხალ არსებად ჩაითვალოს, მას ყველა მათგანი უნდა ჰქონდეს.
სიცოცხლის მახასიათებლები
- ორგანიზაცია: ცოცხალი არსებები ძალიან ორგანიზებულნი არიან (რაც გულისხმობს იმას, რომ მათ სპეციალიზებული, კოორდინირებული ნაწილები აქვთ) და ისინი ერთი ან მეტი უჯრედისგან შედგებიან.
- მეტაბოლიზმი: ცოცხალმა არსებებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ ენერგია და მოიხმარონ საკვები ნივთიერებები, რათა სიცოცხლის შესანარჩუნებლად საჭირო ქიმიური რეაქციები აწარმოონ. ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიური რეაქციების ერიანობას მეტაბოლიზმი ეწოდება.
- ჰომეოსტაზი: ცოცხალი ორგანიზმები არეგულირებენ თავიანთ შინაგან გარემოს, რათა შეინარჩუნონ შედარებით ვიწრო დიაპაზონი იმ პირობებისა, რომლებიც უჯრედთა ფუნქციონირებისთვისაა საჭირო.
- ზრდა: ცოცხალი ორგანიზმები რეგულირებად ზრდას ექვემდებარებიან. ცალკეული უჯრედები პირდაპირ ზომაში იზრდებიან, მრავალუჯრედიანი ორგანიზმები კი უჯრედების გაყოფის გზით იზრდებიან.
- რეპროდუქცია: ცოცხალ ორგანიზმებს ახალი ორგანიზმების წარმოსაქმნელად რეპროდუქცია (გამრავლება) შეუძლიათ.
- საპასუხო რეაქცია: ცოცხალი ორგანიზმები რეაგირებენ მათი გარემოდან წამოსულ სტიმულებსა თუ ცვლილებებზე.
- ევოლუცია: ცოცხალი ორგანიზმების პოპულაციები ევოლუციას ექვემდებარებიან, რაც ნიშნავს, რომ პოპულაციის გენეტიკური შემადგენლობა შეიძლება, შეიცვალოს დროთა განმავლობაში.
მეცნიერული მეთოდოლოგია
მეცნიერული (სამეცნიერო) მეთოდი მოიცავს დაკვირვებების წარმოებასა და კითხვების დასმას.
ამ დაკვირვებებზე დაყრდნობით მეცნიერები ადგენენ ჰიპოთეზებს, შემდეგ კი ატარებენ კონტროლირებად ექსპერიმენტებს, რათა შეაგროვონ და გააანალიზონ მონაცემები. ამ მონაცემების გამოყენებით მათ შეუძლიათ დასკვნების გაკეთება და ახალი სამეცნიერო კვლევისთვის კითხვების შედგენა.
სამეცნიერო მეთოდის მაგალითი: პური ვერ გავხუხეთ
მრავალი ექსპერიმენტიდან მიღებული მონაცემები გამოიყენება სამყაროს უკეთ შესასწავლად და სამეცნიერო თეორიების შესამუშავებლად.
ექსპერიმენტის დაგეგმვა
ექსპერიმენტირება მეცნიერების გულია. მეცნიერები სვამენ კითხვებს, აგროვებენ მტკიცებულებებს, სხვებს უზიარებენ იდეებს და აანალიზებენ მონაცემებს.
ექსპერიმენტის დაგეგმვისას ჯერ საჭიროა ნათლად იდენტიფიცირება იმ კითხვისა (თუ კითხვებისა), რომელსაც ექსპერიმენტმა უნდა უპასუხოს. აგრეთვე აუცილებლად უნდა გამოიკვეთოს დამოუკიდებელი ცვლადი და დამოკიდებული ცვლადი, რადგან კარგად დაგეგმილი ექსპერიმენტის მიზანია, გამოარკვიოს, თუ როგორ მოქმედებს ერთი ცვლადი მეორეზე.
მარტივ ექსპერიმენტს მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი ცვლადი უნდა ჰქონდეს. ყველა სხვა ფაქტორი, რომელმაც შეიძლება იმოქმედოს ექსპერიმენტის შედეგზე, აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს ან უცვლელი დარჩეს. გარდა ამისა, ექსპერიმენტის ერთი ჯგუფი საკონტროლო ჯგუფი უნდა იყოს — მკაცრად განსაზღვრული ჯგუფი, რომელიც შედარების წერტილად გამოიყენება.
შეცდომებისა და მიკერძოების აღმოფხვრა
მნიშვნელოვანია ექსპერიმენტის ისე დაგეგმვა, რომ მან ყველაზე ზუსტი შესაძლო შედეგი მოგვცეს.
მეცნიერები, როგორც წესი, ცდილობენ, ობიექტურები იყვნენ, მაგრამ ისინიც ადამიანები არიან და აქვთ თავიანთი გემოვნება და პირადი მიკერძოებები. ამის გამო მეცნიერული მონაცემები ზოგჯერ სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირდება სხვადასხვა მეცნიერის მიერ.
ამის თავიდან ასაცილებლად რამდენიმე გზა არსებობს:
- დიდი ზომის შერჩევა ექსპერიმენტში: შერჩევის დიდი ზომა საშუალებას მოგცემთ, გააბათილოთ ცდისპირებს შორის არსებული ისეთი მცირე სხვაობები, რომლებმაც შეიძლება, მოულოდნელი შედეგები მოგცეთ.
- ექსპერიმენტული ცდების რამდენჯერმე გამეორება: ცდისპირებს შორის არსებულმა მცირე განსხვავებებმა და აგრეთვე შეცდომებმა მეთოდოლოგიაში ან მონაცემთა შეგროვებაში შეიძლება, მცდარი შედეგები მოგვცეს. განმეორებადი ცდები ამცირებს ამ ეფექტებს.
- ყველა მონაცემის გათვალისწინება: ზოგჯერ მაცდურია იდეა იმისა, რომ მონაცემთა ნაწილი, უბრალოდ, მოისროლოთ, რადგან ის შეუთავსებელია არსებულ ჰიპოთეზასთან. მიუხედავად ამისა, ასეთ შემთხვევაში არაზუსტ კვლევას მიიღებთ! უნდა გაითვალისწინოთ ყველა მონაცემი, განურჩევლად იმისა, მხარს უჭერს თუ არა ის თქვენს ჰიპოთეზას.
- თუკი საჭიროა, გამოიყენეთ პლაცებო: პლაცებოს გამოყენების მეშვეობით ექსპერიმენტის ცდისპირებმა არ იციან, ნამდვილი სამკურნალო ნივთიერება მიიღეს თუ არა. ეს მკვლევრებს აძლევს საშუალებას, გაარვკიონ, ნამდვილად აქვს თუ არა ნივთიერებას ეფექტი.
- თუკი საჭიროა, გამოიყენეთ ორმხრივად ბრმა მეთოდი: ორმხრივად ბრმა მეთოდების მეშვეობით არც მკვლევრებმა იციან ცალკეული ცდისპირის სტატუსი. ეს დამკვირვებლური მიკერძოებისთვის თავის არიდების საშუალებას იძლევა.
აღმოჩენების გაზიარება
იმისთვის, რომ კვლევა მიღებული გახდეს, ის ჯერ სამეცნიერო საზოგადოებამ უნდა იხილოს. მეცნიერები ხშირად ერთიანდებიან ჯგუფებში და სხვა ჯგუფებს უზიარებენ კვლევას. ამ კომუნიკაციის სისწორისთვის ის აუცილებლად სპეციფიკური წესების დაცვით უნდა წარიმართოს.
კვლევის შედეგების გამოქვეყნება სარეცენზიო სამეცნიერო ჟურნალებში კვლევის ორგანიზატორებს იდეების გაზიარების, სხვა მეცნიერებს კი წარმოდგენილი მონაცემების ანალიზის შეფასებისა და შემოწმების საშუალებას აძლევს.
დაიმახსოვრეთ
- ჰიპოთეზა აუცილებლად სწორი ახსნა არ არის. ნაცვლად ამისა, ის სავარაუდო ახსნაა, რომლის სისწორე-მცდარობაც შეგვიძლია შევამოწმოთ, მისი სიმცდარის შემთხვევაში კი ახალი ჰიპოთეზა მოვიფიქროთ.
- ყველა ტიპის ახსნა ჰიპოთეზად არ გამოდგება. ჰიპოთეზა აუცილებლად შემოწმებადი და გამცდარებადი უნდა იყოს, რათა მეცნიერულად ჩაითვალოს. მაგალითად, „სამყარო მშვენიერია“ კარგი ჰიპოთეზა არ არის, რადგან არ არსებობს ექსპერიმენტი, რომელიც შეამოწმებდა ამ მტკიცებულების სისწორეს და უარყოფდა მას.
- შემთხვევების უმეტესობაში, სამეცნიერო კვლევის მეთოდი განმეორებადი პროცესია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ციკლი უფროა, ვიდრე წრფე. ერთი ექსპერიმენტის შედეგი ხშირად აჩენს უფრო მეტ კითხვას სამომავლო ექსპერიმენტებისთვის.
- მეცნიერები სიტყვა „თეორიას“ სრულიად სხვა დატვირთვით იყენებენ, ვიდრე არამეცნიერები. როდესაც ადამიანები ამბობენ, „თეორია მაქვს“, ისინი გულისხმობენ, რომ მათ „მოსაზრება აქვთ“. მეორე მხრივ, მეცნიერული თეორიები ბუნებრივი ფენომენის კარგად შემოწმებული და მეტად სარწმუნო სამეცნიერო ახსნებია. მათში გაერთიანებულია მრავალი განმეორებადი დაკვირვება და მრავალი ექსპერიმენტიდან შეგროვებული მონაცემები.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.