If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ეკოლოგიური დონეები: ინდივიდებიდან ეკოსისტემებამდე

ინდივიდები, სახეობები, პოპულაციები, თანასაზოგადოებები და ეკოსისტემები...რა განსხვავებაა მათ შორის?
ოდესმე გსმენიათ გამოთქმა „მოთამაშეებს ვერ დაასახელებ პროგრამის გარეშე“ და აღმოგიჩენიათ, რომ ეს მართლაც ასეა? ზოგჯერ საჭიროა დამატებითი ინფორმაცია, მოთამაშეთა სია, მათი ტიტულები და ფუნქციები, ურთიერთქმედებებისა და წესების განმარტებები, ახსნები, რათა გაიგოთ სპორტული ღონისძიების, თეატრალური დადგმისა თუ თამაშის არსი. იმავეს თქმა შეიძლება ეკოსისტემაზეც, რომლის გასაგებადაც საჭიროა მის შემადგენელ ელემენტებს შორის არსებული მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი განსხვავებების ცოდნა. ისეთი ტერმინები, როგორებიცაა „ინდივიდი“, „პოპულაცია“, „სახეობა“, „თანასაზოგადოება“ და „ეკოსისტემა“, ერთმანეთისგან განსხვავებულ ეკოლოგიურ საფეხურებს ეწოდებათ და ისინი ერთმანეთის სინონიმები თუ ურთიერთჩამნაცვლებელი ტერმინები სულაც არაა. აქ მოცემულია მცირე სახელმძღვანელო თუ პროგრამა, რათა გაიგოთ, რას წარმოადგენენ ეს ეკოლოგიური მოთამაშეები.
თქვენ ხართ ინდივიდი, თქვენი შინაური კატა ინდივიდია, კანადაში მობინადრე ლოსი ინდივიდია, ინდოეთის ოკეანეში მდებარე კუნძულზე არსებული ქოქოსის პალმის ხე ინდივიდია, წყნარ ოკეანეში მოცურავე რუხი ვეშაპი ინდივიდია და ძროხის ნაწლავში მცხოვრები თასმისებური ჭიაც ინდივიდია ისევე, როგორც თვითონ ძროხა. ინდივიდი ერთი ორგანიზმი და ერთი ტიპის ორგანიზმია (მაგ., ადამიანი, კატა, ლოსი, პალმის ხე, რუხი ვეშაპი, თასმისებური ჭია, ძროხა). ორგანიზმის ტიპს ვუწოდებთ სახეობას. ტერმინ „სახეობის“ მრავალი სხვადასხვა განმარტება არსებობს, თუმცა ამ ეტაპისთვის იგი, უბრალოდ, ორგანიზმის ერთ, უნიკალურ ტიპს ვუწოდოთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ამ ტერმინის ინგლისური თარგმანი „species“ ყოველთვის „s-ზე“ ბოლოვდება. მაშინაც კი, როდესაც მხოლოდ ერთი ტიპის ორგანიზმზეა საუბარი, ერთ სახეობაზე, მას „species“ ვუწოდებთ; არ არსებობს სიტყვა „specie“. ეს, უბრალოდ, ცხოვრების გრამატიკული ფაქტებიდან ერთ-ერთია.
თითოეულმა სახეობამ, რომელიც შეისწავლეს და აღწერეს მეცნიერებმა, მიიღო ორნაწილიანი სამეცნიერო სახელი, ანუ ბინარული სახელწოდება, რომელიც უნიკალურად განსაზღვრავს მას (მაგ., ადამიანები Homo sapiens; შინაური კატები = Felis catus; ლოსები (ცხენირმები) = Alces alces; ქოქოსის პალმები = Cocos nucifera; რუხი ვეშაპები = Eschrichtius robustus; ძროხის თასმისებური ჭიები = Taenia saginata; და შინაური ძროხები = Bos primigenius). სამეცნიერო სახელის მთელი ძალა თუ ღირებულება ისაა, რომ იგი ნათლად გამოხატავს იმას, თუ რა ტიპის ორგანიზმზეა საუბარი. ვინაიდან მთელ სამყაროში მხოლოდ ერთი ტიპის ორგანიზმს აქვს მოცემული უნიკალური სახელი, ეს უფრო ამარტივებს კომუნიკაციასა და გაგებას, ვიდრე ჩვეულებრივი სახელების გამოყენება. მაგალითად, თუკი ინგლისურად საუბრობთ gopher-ზე მისი ჩვეულებრივი (ამ) სახელის გამოყენებით, შესაძლოა, გულისხმობდეთ მიწის ქვეშ მობინადრე ძუძუმწოვარს, გველის ან კუს სახეობას. გააჩნია, რომელ რეგიონში იმყოფებით.
თუკი gopher-ის ქვეშ ნაგულისხმევია Gopherus polyphemus, მაშინ საუბარია ხმელეთის კუზე.
აბა, პოპულაცია რაღაა? ეს არის ჯგუფი ინდივიდებისა, რომლებიც ერთსა და იმავე სახეობას მიეკუთვნებიან. პოპულაციები გეოგრაფიულად განისაზღვრება; ისინი განსაზღვრულ არეალში ბინადრობენ, თუმცა ამ არეალის ზომა თუ მასშტაბი სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს – შეგვიძლია, ვისაუბროთ ქალაქში, შტატში, ქვეყანასა თუ ნახევარსფეროში მცხოვრები ადამიანების პოპულაციაზე (იგივე მოსახლეობაზე). ან შეგვიძლია, ვისაუბროთ პალმის ხეებზე, რომლებიც გვხვდებიან ინდოეთის ოკეანის მხოლოდ ერთ კუნძულზე, ან სეიშელის ყველა კუნძულზე, ან ინდოეთის ოკეანის ყველა კუნძულზე. პიროვნებამ, რომელიც პოპულაციას შეისწავლის ან წერს მასზე, უნდა გადაწყვიტოს, თუ რა მასშტაბი გამოიყენოს, რა შეესაბამება ყველაზე მეტად იმას, რასაც იგი შეისწავლის ან რის ახსნასაც ცდილობს. ეს მეცნიერების ხიბლთაგან ერთ-ერთია – საკმაოდ თავისუფლად შეგიძლიათ, დამოუკიდებლად განსაზღვროთ თქვენი პროექტის საზღვრები და მასშტაბები, თუმცა აგრეთვე მნიშვნელოვანია, ნათლად განმარტოთ, რა მასშტაბს იყენებთ.
სახეობები პოპულაციებისგან შედგებიან. რამდენი პოპულაციისგან? გააჩნია. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ფართოდაა სახეობა გავრცელებული და რამდენად მცირე ან დიდია გეოგრაფიული არეალი. ზოგიერთი სახეობა ძალიან შეზღუდულადაა განაწილებული, მაგალითად, შეიძლება, რომელიმე სახეობის გავრცელების არეალი მარტოოდენ ერთი კუნძულით ან ერთი მთით შემოიფარგლებოდეს მთელ მსოფლიოში. კუნძულზე ან მთის მწვერვალზე მობინადრე ერთადერთი პოპულაცია ქმნის მთლიან სახეობას. ბუნების დაცვის თვალსაზრისით, ასეთი პოპულაციები ძალიან მოწყვლადები არიან – ამ ერთ პოპულაციას რამე რომ მოუვიდეს, მთელი სახეობა დაიკარგება; გადაშენდება, თუმცა მრავალი სახეობა უფრო ფართოდაა გავრცელებული. მაგალითად, ლოსების პოპულაციები გვხვდება იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში, მენში, მინესოტაში, ალბერტაში, მანიტობაში და აშშ-სა და კანადის სხვა შტატებსა და პროვინციებში. თუკი გსურთ, გაიგოთ, სულ რამდენი ლოსია დედამიწაზე, დაგჭირდებათ ყველა ლოკაციაზე მობინადრე ყველა პოპულაციის რიცხოვნობის ცოდნა.
თანასაზოგადოებები შედგებიან მოცემულ არეალში მობინადრე განსხვავებული სახეობების ყველა პოპულაციისგან. რატომ ასეთი ბუნდოვანი ტერმინი – „მოცემულ არეალში“? რადგან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მასშტაბი დამოკიდებულია იმ პიროვნებაზე, ვინც შეისწავლის თანასაზოგადოებას ან წერს მასზე. შეგვიძლია, ვისაუბროთ თანასაზოგადოებაზე იმ ორგანიზმებისა, რომლებიც ცხოვრობენ წვიმიანი ტყის ერთადერთი ხის კენწეროსა თუ საბურველში ან შეგვიძლია, მთელი ტყის ყველა ხე მოვიცვათ. თანასაზოგადოების კონცეფციაში ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ იგი მოიცავს გარკვეულ არეალში მობინარე ყველა განსხვავებული სახეობის პოპულაციას და ამ სახეობებს შორის არსებულ ურთიერთქმედებებს. პოპულაციათაგან თითოეული შედგება ცალკეული სახეობის ინდივიდებისგან, რომლებიც ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ – საკუთარი (მაგ., ბრძოლა, წმენდითი ქცევა (იგივე გრუმინგი), შეჯვარება, დამტვერვა) ან სხვა სახეობის (მაგ., ნადირობა, ბუდის ასაშენებლად გამოყენება, მათზე გაზრდა) წევრებთან. თანასაზოგადოებათა ეკოლოგები შეისწავლიან მოცემულ არეალში მობინადრე პოპულაციებსა და მათ ურთიერთქმედებებს. ამ სახელმძღვანელოში ცალკე სტატიაა ეკოლოგიური ურთიერთქმედებების განსხვავებული ტიპების შესახებ.
დაგვრჩა ეკოსისტემის საფეხური. რა განსხვავებაა თანასაზოგადოებასა და ეკოსისტემას შორის? ეკოსისტემაზე საუბრისას განვიხილავთ მოცემულ არეალში არსებულ არა მხოლოდ სახეობებსა და პოპულაციებს, არამედ ფიზიკურ გარემოსაც, არაცოცხალ, ანუ აბიოტურ, პირობებს (ენობრივი შენიშვნა: პრეფიქსი „ა-“ ნიშნავს ცნებას „გარეშე“, სიტყვის ფუძე „ბიო“ კი სიცოცხლის აღმნიშვნელია, ამიტომ „აბიოტური“ სიტყვასიტყვით ნიშნავს ფრაზას „სიცოცხლის გარეშე“, ანუ არაცოცხალს), ანუ, არა უბრალოდ იმას, თუ როგორი ფიზიკური გარემოა მოცემული, არამედ იმასაც, თუ როგორ ზემოქმედებს ის ორგანიზმებზე და, ზოგჯერ, როგორ ზემოქმედებენ ორგანიზმები მასზე. მაგალითად, წვიმა და ატმოსფერული ნალექები გავლენას ახდენს იმაზე, თუ სად ცხოვრობენ ხმელეთის მცენარეთა და ცხოველთა განსხვავებული სახეობები; ზოგიერთ მათგანს შეუძლია, გადაურჩეს უდაბნოს სიმშრალეს, ზოგს სჭირდება უხვნალექიანობა, რომელიც წვიმიან ტყვეებს ახასიათებს, თუმცა თვითონ ტყეებიც ზემოქმედებენ ტემპერატურასა და ნალექიანობაზე. ზაფხულის რომელიმე ცხელ დღეს შეგიმჩნევიათ, ღია სივრცესთან შედარებით რამდენად გრილი და ნოტიოა გარემო ტყის ჩრდილის ქვეშ? ჭიებიც კი ცვლიან ნიადაგის სტრუქტურასა და შემადგენლობას, როდესაც მასში დაძრომიალობენ.
რა ზომისაა ეკოსისტემა? აბა, გამოიცანით – მისი ზომა ისევ მეცნიერსა თუ ავტორზეა დამოკიდებული და იგი განსაზღვრავს, თუ რამდენად მცირე ან დიდი იქნება ეკოსისტემა. ეკოსისტემად შეგიძლიათ, განსაზღვროთ ყველაფერი, დაწყებული თქვენი სახლის ეზოთი ან უოლდენის ტბორით (ინგლ. Walden Pond), დამთავრებული ავსტრალიის მთლიანი აუთბექით (ინგლ. Australian outback). განსხვავებული ზომები თუ მასშტაბები გარკვეული კვლევების, ანგარიშებისა თუ პოლიტიკის შესაფერისი იქნება. უბრალოდ, მეცნიერმა ან ავტორმა უნდა ახსნას, რამხელაა სისტემა და რატომ არის მისი ზომა სწორად შერჩეული.
იმედი გვაქვს, ზემოთ მოცემული დიაგრამა დაგეხმარებათ, წარმოიდგინოთ, თუ როგორ უკავშირდება ერთმანეთს განსხვავებული ეკოლოგიური საფეხურები. ინდივიდები ქმნიან პოპულაციას; პოპულაციები ქმნიან სახეობას; რამდენიმე სახეობა და მათი ერთმანეთში ურთიერქმედება წარმოქმნის თანასაზოგადოებას; ამ უკანასკნელისთვის აბიოტური ფაქტორების დამატებით კი ეკოსისტემას ვიღებთ. ასეთია ეკოლოგიის იერარქია.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.