If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

რა არის ხელოვნების ისტორია?

დრ. რობერტ გლასის მიერ
ხელოვნების ისტორია შედარებით მარტივ კონცეფციად შეიძლება მოგვეჩვენოს: „ხელოვნება“ და „ისტორია“ ის საგნებია, რომლებიც უმეტესობამ პირველად დაწყებით კლასებში ვისწავლეთ. მიუხედავად ამისა, პრაქტიკაში „ხელოვნების ისტორიის“ იდეა კომპლექსურ კითხვებს ბადებს. ზუსტად რას ვგულისხმობთ ხელოვნებაში და რა ტიპის ისტორია (ან ისტორიები) უნდა გამოვიკვლიოთ? მოდით, განვიხილოთ თითოეული ტერმინი.
პიტერ პაულ რუბენსი, სამი ნახატი 24-სურათიანი ციკლიდან, რომელიც რუბენსმა დახატა მედიჩის გალერეისთვის ლუქსემბურგის სასახლეში, პარიზში (დღეისთვის ლუვრის მუზეუმი, პარიზი), 1621-25, ზეთი ტილოზე. მარცხნიდან მარჯვნივ: „მარია დე მედიჩის პორტრეტის წარდგენა“, „მარია დე მედიჩის მინდობილობით ქორწინება მეფე ჰენრი IV-ზე“, „მარია დე მედიჩის ჩამოსვლა მარსელში“ (ფოტო: სტივენ ცუკერი, CC BY-NC-SA 2,0)
პიტერ პაულ რუბენსი, სამი ნახატი 24-სურათიანი ციკლიდან, რომელიც რუბენსმა დახატა მედიჩის გალერეისთვის ლუქსემბურგის სასახლეში, პარიზში (დღეისთვის ლუვრის მუზეუმი, პარიზი), 1621-25, ზეთი ტილოზე. მარცხნიდან მარჯვნივ: „მარია დე მედიჩის პორტრეტის წარდგენა“, „მარია დე მედიჩის მინდობილობით ქორწინება მეფე ჰენრი IV-ზე“, „მარია დე მედიჩის ჩამოსვლა მარსელში“ (ფოტო: სტივენ ცუკერი, CC BY-NC-SA 2,0)

ხელოვნება ხელოსნობის წინააღმდეგ

სიტყვა „art“ (ქართ. ხელოვნება) მომდინარეობს ლათინური ars-იდან, რაც თავდაპირველად ნიშნავდა „უნარს“ ან „ხელობას“. ეს მნიშვნელობები ჯერ კიდევ პირველადია სხვა ინგლისურ სიტყვებში, რომლებიც ars-იდან მომდინარეობს, მაგალითად, „artifact“ (ქართ. არტეფაქტი. ადამიანის უნარ-ჩვევებით შექმნილი რამ) და „artisan“ (ქართ. ხელოსანი. ადამიანი, რომელსაც შესწევს უნარი საგნების შექმნისა). მიუხედავად ამისა, „art-ისა“ და „artist-ის“ (ქართ. ხელოვანი) მნიშვნელობები არ არის ასეთი მარტივი. ჩვენ გვესმის ხელოვნება, როგორც უფრო მეტი, ვიდრე დახელოვნებული ოსტატობა. ზუსტად რა განასხვავებს ხელოვნების ნიმუშს არტეფაქტისგან ან ხელოვანს ხელოსნისგან?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას სტუდენტებს, როგორც წესი, რამდენიმე იდეა ებადებათ. ერთ-ერთი არის მშვენიერება. ხელოვნების დიდი ნაწილი ვიზუალურად განმაცვიფრებელია, ხოლო მე-18, მე-19 და ადრეულ მე-20 საუკუნეებში ესთეტიკური მახასიათებლების ანალიზი, მართლაც, ცენტრალური იყო ხელოვნების ისტორიაში. ამ დროის განმავლობაში ხელოვნება, რომელიც ბაძავდა ანტიკურ ბერძნულ და რომაულ ხელოვნებას (კლასიკური ანტიკური ხელოვნება), მიიჩნეოდა მარადიული სრულყოფილებას განსახიერებად. ხელოვნების ისტორიკოსები კონცენტრირდნენ ე.წ. სახვით ხელოვნებებზე — მხატვრობაზე, ქანდაკებასა და არქიტექტურაზე — და ისინი აანალიზებდნენ მათი ფორმების ღირსებებს. მიუხედავად ამისა, გასული საუკუნე-ნახევრის განმავლობაში ორივე, ხელოვნებაც და ხელოვნების ისტორიაც, რადიკალურად შეიცვალა.
მარცხნივ: ჟან-ოგიუსტ-დომინიკ ენგრი, გაზაფხული, დაიწყო 1820 წ., ზეთი ტილოზე, 800 x 1630 სმ (ორსეის მუზეუმი, პარიზი); მარჯვნივ: ლიუსიენ ფროიდი, ჩვრებთან დგომისას, 1988-89, ზეთი ტილოზე, 168,9 x 138,4 სმ (ბრიტანეთის ტეიტის გალერეა, ლონდონი)
მარცხნივ: ჟან-ოგიუსტ-დომინიკ ენგრი, გაზაფხული, დაიწყო 1820 წ., ზეთი ტილოზე, 800 x 1630 სმ (ორსეის მუზეუმი, პარიზი); მარჯვნივ: ლიუსიენ ფროიდი, ჩვრებთან დგომისას, 1988-89, ზეთი ტილოზე, 168,9 x 138,4 სმ (ბრიტანეთის ტეიტის გალერეა, ლონდონი)
ხელოვანებმა ზურგი აქციეს კლასიკურ ტრადიციებს, შექმნეს ახალი გარემო და ესთეტიკური იდეალები, ხელოვნების ისტორიკოსებმა კი ყურადღება ხელოვნების ფორმალური მშვენიერების ანალიზიდან მისი კულტურული მნიშვნელობის ინტერპრეტაციაზე გადაიტანეს. დღეს ჩვენ მშვენიერება სუბიექტურ ცნებად გვესმის — ის კულტურული კონსტრუქტია, რომელიც იცვლება დროსა და სივრცეში. მართალია, ხელოვნების დიდი ნაწილი აგრძელებს მეტწილად ვიზუალურად ყოფნას, ხოლო ვიზუალური ანალიზი დღემდე ფუნდამენტური გზაა ხელოვნების ისტორიკოსებისთვის, მაგრამ თვითონ მშვენიერება აღარ მიიჩნევა ხელოვნების არსებით ატრიბუტად.
მეორე ზოგადი პასუხი კითხვაზე, თუ რა განასხვავებს ხელოვნებას ხელოსნობისგან, ხაზს უსვამს ორიგინალურობას, კრეატიულობასა და წარმოსახვას. ეს პასუხი ასახავს ხელოვნების თანამედროვე გაგებას, როგორც ხელოვანის გამომგონებლობითობის გამოხატულებას. ამის მიუხედავად, ეს იდეა წარმოიშვა ხუთასი წლის წინ აღორძინების ეპოქის ევროპაში და იგი ხელოვნების ისტორიკოსთა მიერ შესწავლილ მრავალ ნამუშევარს სულაც არ მიესადაგება პირდაპირ. მაგალითად, ანტიკური ეგვიპტური ხელოვნების ან ბიზანტიური ხატების შემთხვევაში, ტრადიციის შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ინოვაცია. გამომგონებლობითობის იდეა ნამდვილად მნიშვნელოვანია ხელოვნების ისტორიისთვის, თუმცა იგი არ არის უნივერსალური ატრიბუტი ხელოვნების ისტორიკოსების მიერ შესწავლილი ნამუშევრებისთვის.
ყოველივე ამან შეიძლება მიგვიყვანოს დასკვნამდე, რომ ხელოვნების განმარტება, მსგავსად მშვენიერებისა, არის სუბიექტური და არასტაბილური. ამ დილემის ერთ-ერთი გადაჭრაა ვარაუდი, რომ ხელოვნება, პირველ ყოვლისა, გამოირჩევა ვიზუალური შუამავლობით, ანუ უნარით, მიიზიდოს მაყურებლები. არტეფაქტები შეიძლება საინტერესო იყოს, მაგრამ ხელოვნებას, ჩემი აზრით, აქვს იმის პოტენციალი, რომ შეგვძრას ემოციურად, ინტელექტუალურად თუ სხვა მხრივ. მას ეს ძალუძს ვიზუალური მახასიათებლების (მასშტაბი, კომპოზიცია, ფერი და ა.შ.), იდეების გამოხატვის, ოსტატობის, გამომგონებლობითობის, იშვიათობის ან ამ და სხვა ნიშნების გარკვეული კომბინაციის მეშვეობით. ხელოვნების ზემოქმედების გზები იცვლება, მაგრამ როგორღაც ხელოვნებას გავყავართ ყოველდღიური და ჩვეულებრივი გამოცდილებიდან. უდიდესი ნიმუშები მოწმობს ადამიანთა ამბიციის, უნარ-ჩვევების, წარმოსახვის, შემეცნებისა და გრძნობების უკიდურესობას. ამგვარად, ხელოვნება გვიბიძგებს, დავფიქრდეთ იმის ფუნდამენტურ ასპექტებზე, თუ რას ნიშნავს ადამიანად ყოფნა. ნებისმიერ არტეფაქტს, როგორც ადამიანის უნარ-ჩვევების პროდუქტს, შეუძლია, უზრუნველყოს ადამიანის მდგომარეობის გაგება. მაგრამ ხელოვნებას, რომელიც სცდება ბანალურობის საზღვრებს, აქვს პოტენციალი, ყოველივე ეს უფრო ღრმა გზებით გააკეთოს. ამგვარად, ხელოვნება შესაძლოა. გავიგოთ, როგორც არტეფაქტის განსაკუთრებული კლასი, რომელიც გამოირჩევა თავისი უნარით, ვიზუალური გამოცდილების გზით გვაიძულოს, ვიფიქროთ და ვიგრძნოთ.
კოატლიკუე, დაახ. 1500, მექსიკა (აცტეკების იმპერია), ნაპოვნია პლაზა-მაიორის/სოკალოს სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს მეხიკოში, ბაზალტი, 257 სმ სიმაღლეში (ანთროპოლოგიის ეროვნული მუზეუმი, მეხიკო) (ფოტო: სტივენ ცუკერი, CC BY-NC-SA 2,0)
კოატლიკუე, დაახ. 1500, მექსიკა (აცტეკების იმპერია), ნაპოვნია პლაზა-მაიორის/სოკალოს სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს მეხიკოში, ბაზალტი, 257 სმ სიმაღლეში (ანთროპოლოგიის ეროვნული მუზეუმი, მეხიკო) (ფოტო: სტივენ ცუკერი, CC BY-NC-SA 2,0)

ისტორია: წარსულის გააზრება

ხელოვნებისა და მშვენიერების განმარტებების მსგავსად, იდეები ისტორიასთან დაკავშირებით დროთა განმავლობაში შეიცვალა. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ისტორიის წერა პირდაპირი პროცესი უნდა იყოს — ყოველივე ხომ ფაქტებს ეფუძნება, ასე არ არის? თეორიულად, კი, მაგრამ წარსულიდან მოღწეული მტკიცებულებები ვრცელი, ფრაგმენტული და უწესრიგოა. ისტორიკოსებმა უნდა გადაწყვიტონ, თუ რა ჩაამატონ და რა ამოიღონ, როგორ დაალაგონ მასალა და რა თქვან მასთან დაკავშირებით. ამის გასაკეთებლად ისინი ქმნიან ნარატივებს, რათა ახსნან წარსული ისე, რომ ეს გასაგები იყოს აწმყოში. გარდაუვალია, რომ აწმყოს ცვლილებასთან ერთად საჭირო ხდება ამ ნარატივების განახლება, ხელახლა დაწერა ან საერთოდაც მათი ამოღება და ახლებით ჩანაცვლება. ამგვარად, მთელი ისტორია სუბიექტურია - ის დროისა და ადგილის პროდუქტია და დაიწერა წარსულის იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომლებსაც იგი ინტერპრეტირებს.
ხელოვნების ისტორიის დისციპლინა ევროპაში კოლონიალური პერიოდის დროს (დაახლოებით მე-15 საუკუნიდან მე-20 საუკუნის შუა წლებამდე) განვითარდა. ხელოვნების ადრეული ისტორიკოსები ხაზს უსვამდნენ ევროპულ ტრადიციებს, აღნიშნავდნენ მათ ბერძნულ და რომაულ საწყისებსა და აკადემიური ხელოვნების იდეალებს. მე-20 საუკუნის შუა წლებში დადგინდა სტანდარტული ნარატივი „დასავლური ხელოვნებისთვის“, რომელმაც განსაზღვრა მისი განვითარების გზა პრეისტორიული, ანტიკური და შუასაუკუნეობრივი ხმელთაშუაზღვურიდან თანამედროვე ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებამდე. ხელოვნება დანარჩენი მსოფლიოდან, „არადასავლურად“ წოდებული, როგორც წესი, განიხილებოდა უმნიშვნელოდ და თანაც კოლონიალური გადმოსახედიდან.
მე-20 საუკუნეში მომხდარმა უდიდესმა სოციოკულტურულმა ცვლილებებმა ხელოვნების ისტორიკოსებს აიძულა, ცვლილებები შეეტანათ ამ ნარატივებში. დასავლური ხელოვნების ანგარიშები, რომლებიც მანამდე მხოლოდ თეთრკანიან მამაკაცებს მოიცავდნენ, გადაიხედა, რათა მასში ჩაემატებინათ ფერადკანიანი ხელოვანები და ქალები. ტრადიციული კონცენტრირება მხატვრობაზე, ქანდაკებასა და არქიტექტურაზე გაფართოვდა და მოიცვა ე.წ. მცირე ხელოვნებები, როგორებიცაა კერამიკა და ტექსტილი, აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის თანამედროვე საშუალებები, როგორებიცაა ვიდეო და პერფორმანსი. ბოლო წლებში ინტერესი არადასავლური ხელოვნების მიმართ მკვეთრად გაიზარდა.
დედა-დედოფლის ნიღბის სირზა (იიობა), მე-16 საუკუნე, ედოს ხალხები, ბენინის სამეფო კარი, ნიგერია, სპილოს ძვალი, რკინა, სპილენძი, 23,8 x 12,7 x 8,3 სმ (მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი, ნიუ-იორკი) (ფოტო: სტივენ ცუკერი, CC BY-NC-SA 2,0)
დედა-დედოფლის ნიღბის სირზა (იიობა), მე-16 საუკუნე, ედოს ხალხები, ბენინის სამეფო კარი, ნიგერია, სპილოს ძვალი, რკინა, სპილენძი, 23,8 x 12,7 x 8,3 სმ (მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი, ნიუ-იორკი) (ფოტო: სტივენ ცუკერი, CC BY-NC-SA 2,0)
დღესდღეობით ყველაზე დიდი სოციალური განვითარება, რომელიც ხელოვნების ისტორიის წინაშე დგას, არის გლობალიზმი. ვინაიდან ჩვენი მსოფლიო უფრო და უფრო ურთიერთდაკავშირებული ხდება, არსებითად მნიშვნელოვანია სიახლოვე სხვა კულტურებთან და შესაძლებლობების მრავალფეროვნება. ხელოვნების ისტორიას, როგორც ამბავს გამორჩეული არტეფაქტებისა კულტურების ფართო წრიდან, საკუთარი როლი აქვს სათამაშო ამ უნარების განვითარებაში. ახლა ხელოვნების ისტორიკოსები იაზრებენ და განიხილავენ იმას, თუ როგორ შეარიგონ დისციპლინის ევროპული ინტელექტუალური საწყისები და მისი პრობლემური კოლონიალური მემკვიდრეობა თანამედროვე მულტიკულტურალიზმთან და თუ როგორ დაწერონ ხელოვნების ისტორია გლობალურ ეპოქაში.
Smarthistory-ს ვიდეოები და სტატიები ასახავს სწორედ ხელოვნების ისტორიის, როგორც მეცნიერების, ისტორიას. ვინაიდან საიტი თავდაპირველად შეიქმნა დასავლური ხელოვნებისა და ისტორიის კურსის მხარდასაჭერად, მასალა თავდაპირველად კონცენტრირდებოდა დასავლური კანონის ყველაზე ცნობილ ნამუშევრებზე. ვინაიდან ამ ტრადიციის საკვანძო ეპოქები და ცივილიზაციები ამჟამად კარგადაა წარმოჩენილი და უფრო და უფრო მეტ სწავლულს შეაქვს თავისი წვლილი ამ საქმეში, ბოლო წლებში ობიექტებისა და თემების არეალი გაფართოვდა. რაც ყველაზე მთავარია, მნიშვნელოვნად დაიფარა მსოფლიო ტრადიციები დასავლეთის ფარგლებს გარეთ. რადგან საიტი აგრძელებს გაფართოებას, წარმოდგენილი ნაშრომები და პერსპექტივები განვითარდება ხელოვნების ისტორიის თანამედროვე ტენდენციების კვალდაკვალ. ფაქტობრივად, როგორც ციფრული მედიისა და ინტერნეტის გამოყენების ნოვატორებს ხელოვნების ისტორიული ცოდნის შექმნაში, გავრცელებასა და კვლევაში, Smarthistory-სა და მის მომხმარებლებს აქვთ პოტენციალი, დაეხმარობ ამ დისციპლინის მომავლის ფორმირებას.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.