ძირითადი მასალა
დამამთავრებელი კლასების ბიოლოგია
კურსი: დამამთავრებელი კლასების ბიოლოგია > თემა 9
გაკვეთილი 3: თანასაზოგადოებათა ეკოლოგია- ეკოსისტემის ბიომრავალფეროვნება
- ეკოსისტემები და ეკოლოგიური ქსელები
- თანასაზოგადოების სტრუქტურა
- შემოტანილი სახეობები და ბიომრავალფეროვნება
- ეკოლოგიური სუქცესია
- თანასაზოგადოებათა ეკოლოგიის მიმოხილვა
- თანასაზოგადოებათა ეკოლოგია
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
თანასაზოგადოებათა ეკოლოგიის მიმოხილვა
საკვანძო ტერმინები
ტერმინი | მნიშვნელობა |
---|---|
თანასაზოგადოება | ცალკეულ არეალში მობინადრე ყველა განსხვავებული სახეობის ყველა პოპულაცია |
სახეობრივი სიმდიდრე | თანასაზოგადოებაში არსებული სახეობების რაოდენობა |
სახეობრივი მრავალფეროვნება | სახეობრივი სიმდიდრისა და სახეობრივი თანაბარზომიერობის (ფარდობითი რაოდენობების) საზომი |
ძირეული სახეობა | სახეობა, რომელიც საკვანძო როლს ასრულებს თანასაზოგადოების შექმნასა და განსაზღვრაში |
ქვაკუთხედური სახეობა | სახეობა, რომელსაც მის სიმრავლესთან შედარებით არაპროპორციულად დიდი ეფექტი აქვს თანასაზოგადოების სტრუქტურაზე |
ინვაზიური სახეობა | არაადგილობრივი სახეობა, რომლის ახალ გარემოში შემოყვანაც იწვევს ზიანს ან რომელსაც შეუძლია ზიანის გამოწვევა |
ეკოლოგიური სუქცესია | ეკოლოგიური თანასაზოგადოების შემადგენლობის პროგრესული ცვლილებების წყება დროთა განმავლობაში |
პიონერი სახეობა | პირველი სახეობა, რომელიც სუქცესიის დროს სახლდება მოცემულ არეალში |
კლიმაქსური თანასაზოგადოება | თანასაზოგადოება, რომელმაც ეკოლოგიური სუქცესიის შემდეგ სტაბილურ მდგომარეობას მიაღწია |
თანასაზოგადოების სტრუქტურა
თანასაზოგადოების სტრუქტურა აღწერს თანასაზოგადოების კომპოზიციას (შემადგენლობას) და მოიცავს ამ თანასაზოგადოებაში არსებული სახეობების რაოდენობასა და მათ ფარდობით რიცხოვნობებს. სხვადასხვა ეკოლოგიური თანასაზოგადოება შეიძლება ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული იყოს მასში შემავალი სახეობების ტიპებისა და რაოდენობების მიხედვით.
მაღალი სახეობრივი სიმდიდრის მქონე თანასაზოგადოებები, როგორც წესი, გვხვდება ეკვატორის მახლობელ არეალებში, ხოლო დაბალი სახეობრივი სიმდიდრის თანასაზოგადოებები — პოლუსების მახლობლად.
სახეობათა დიდი რაოდენობა და მათი შედარებით თანაბარი სიმრავლე უფრო მაღალ სახეობრივ მრავალფეროვნებას წარმოშობს. რაც უფრო მაღალია სახეობრივი მრავალფეროვნება თანასაზოგადოებაში, მით უფრო სტაბილურია იგი და უფრო კარგად მოახერხებს პერტურბაციების (შეშფოთებების; ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევის) შემდეგ აღდგენას.
რამდენიმე ფაქტორი, რომელიც თანასაზოგადოების სტრუქტურაზე ზემოქმედებს, არის კლიმატური კანონზომიერებები, გეოგრაფია, პერტურბაციები და ორგანიზმებს შორის არსებული ურთიერთკავშირები.
ძირეული, ქვაკუთხედური და ინვაზიური სახეობები
ზოგიერთ სახეობას სხვა სახეობებზე უფრო ძლიერი გავლენა აქვს თანასაზოგადოების სტრუქტურაზე.
ძირეული სახეობები, როგორც წესი, ცვლიან გარემოს ისე, რომ მან თანასაზოგადოებაში შემავალი სხვა სახეობების უზრუნველყოფა მოახერხოს.
ქვაკუთხედური სახეობები, როგორც წესი, უფრო მრავალფეროვნად ზემოქმედებენ თანასაზოგადოებაზე, ვიდრე ძირეული სახეობები, და ისინი, ჩვეულებრივ, ტროფიკულობის მაღალ დონეებს მიეკუთვნებიან.
ინვაზიურმა სახეობებმა შეიძლება, რესურსებისა და ჰაბიტატისთვის ბრძოლაში აჯობონ ადგილობრივ სახეობებს, შეცვალონ თანასაზოგადოების სტრუქტურა და გამოიწვიონ ზოგიერთი სახეობის გადაშენება.
ეკოლოგიური სუქცესია
სუქცესია მრავალი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება მოხდეს. ხშირ შემთხვევაში თითოეული სახეობა ისე მოქმედებს გარემოზე, რომ ამ უკანასკნელმა სხვა სახეობებს მისცეს მისი კოლონიზაციის შესაძლებლობა. დროთა განმავლობაში ეს ზრდის გარემოს კომპლექსურობას, რაც ასევე ზრდის სახეობრივ მრავალფეროვნებას მასში.
არსებობს ორი ტიპის სუქცესია და ისინი საწყისი წერტილებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან:
- პირველადი სუქცესიის დროს ახლახან გამოჩენილ ან ახლად წარმოქმნილ ქანზე პირველად სახლდებიან ცოცხალი ორგანიზმები. არეალს თავდაპირველად ითვისებენ ამტანი მცენარეები და ლიქენები, რომლებიც ნაკლებად პრეტენზიულები არიან ნიადაგის მიმართ, და მათ პიონერი სახეობები ეწოდებათ.
- მეორეული სუქცესიის დროს არეალი, რომელზეც ცოცხალი ორგანიზმები ცხოვრობდნენ, დაირღვა, შემდეგ კი ხელახლა კოლონიზირდა.
დროის ხანგრძლივი მონაკვეთის განმავლობაში, თუკი არ მოხდა გარემოს წონასწორობის შემდგომი დარღვევები და თანასაზოგადოებამ მიაღწია სტაბილურ, მოწიფულ მდგომარეობას, წარმოიქმნება კლიმაქსური თანასაზოგადოება.
შეცდომები და მცდარი წარმოდგენები
- ყველა არაადგილობრივი სახეობა ინვაზიური არ ხდება. ინვაზიური სახეობები საზიანონი არიან მათი ახალი გარემოსთვის ან მათ მისი დაზიანების პოტენციალი აქვთ. ისინი დევნიან სხვა სახეობებს მათთან კონკურენციის გზით, ზემოქმედებენ მათ ჯანმრთელობაზე ან ანადგურებენ მათ ჰაბიტატებს.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.