If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ზიკა ვირუსის ბიოლოგია

გაიგეთ მეტი ზიკას ვირუსის ძირითადი ბიოლოგიის, წარმოშობის, სიცოცხლის ციკლისა და სიმპტომების შეახებ.

შესავალი

შესაძლოა, ახალ ამბებში გსმენიათ ზიკას ვირუსის შესახებ. ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ზიკას ვირუსის ბოლოდროინდელი გავრცელების გამო ბევრ ადამიანს სურს, მეტი გაიგოს ამ ვირუსის შესახებ.
ამ სტატიაში ჩვენ ზიკას ვირუსს ბიოლოგიური თვალსაზრისით განვიხილავთ. პირველ ყოვლისა, ჩვენ ვისაუბრებთ მის სტრუქტურასა და სასიცოცხლო ციკლზე, აგრეთვე ვნახავთ, თუ რა გზით გადაიცემა იგი და როგორ აინფიცირებს უჯრედებს. შემდეგ, ჩვენ ვიხილავთ, თუ როგორ მოქმედებს ზიკას ვირუსი ადამიანებზე და განვიხილავთ ვირუსის კონტროლის სამომავლო გეგმებს.

რა არის ზიკას ვირუსი?

ზიკა მიეკუთვნება ვირუსების ჯგუფს, რომელსაც ფლავივირუსები ეწოდება და რომელიც აგრეთვე მოიცავს ტროპიკულ ციებას, დასავლეთ ნილოსისა და ყვითელ ციებ-ცხელებას1. ფლავივირუსები არიან მცირე ზომის სტრუქტურები, რომლებიც ცილის, რნმ-ისა (დნმ-ის მონათესავე მოლეკულისა) და ლიპიდური მემბრანისგან შედგებიან. თითოეული ვირუსული ნაწილაკი შეიცავს ერთჯაჭვიანი რნმ-ის გენომს, რომელიც გახვეულია ცილოვან გარსში — კაფსიდში, რომელსაც, თავის მხრივ, გარს არტყია მებრანის გარე სფერო — გარეგანი გარსი2. შეგიძლიათ, ზიკას ვირუსული ნაწილაკები იხილოთ მიკროსკოპში გადაღებულ ფოტოზე ქვემოთ, მარჯვნივ, სადაც ისინი მცირე ზომის მუქ სფეროებს წააგვანან. ერთ-ერთი ნაწილაკი ისრითაა მითითებული.
მარცხნივ, ზიკას ვირუსული ნაწილაკის სქემატური გამოსახულება განივი კვეთითა და გარე ხედით. ვირუსი შედგება რნმ-ის მოლეკულისგან, მას გარშემორტყმული ცილოვანი კაფსიდისგან და კაფსიდის გარშემო გარეგანი მემბრანული გარსისგან. გარეგანი გარსი შეიცავს მრავალ ცილას, რომლებიც ფარავს ვირუსული ნაწილაკის ზედაპირის დიდ ნაწილს.
მარჯვნივ, ზიკას ვირუსული ნაწილაკების ტრანსმისიული ელექტრონული მიკროგრაფი. ნაწილაკები წააგვანან პატარა სფეროებს მუქი ბირთვითა და შედარებით უფრო ღია ფერის შემოგარენით.
_სურათის წყარო: მარცხნივ, სახეცვლილია სურათიდან „ზიკას ვირუსი: ვირიონი“, ViralZone, Swiss Institute of Bioinformatics (CC BY-NC 4,0); მარჯვნივ, „ზიკას ვირუსი“, ს. გოლდსმითი, CDC Public Health Image Library (საჯარო დომენი)._
ვირუსების განმსაზღვრელი მახასიათებელი ისაა, რომ მათ არ შეუძლიათ თავისით გამრავლება. მასპინძელი უჯრედები უნდა დააინფიცირონ და „გადააპროგრამონ" ვირუსების მწარმოებელ ქარხანებად. ზიკა ვირუსიც არ არის გამონაკლისი. მას თავისით გამრავლება არ შეუძლია, მაგრამ შეუძლია, დააინფიციროს რამდენიმე სახეობის უჯრედი (მათ შორის ადამიანების, მაიმუნებისა და კოღოების) და იქ გამრავლდეს3. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცით, თუ რომელ უჯრედებს „უმიზნებს" ზიკა ადამიანის ორგანიზმში, უჯრედების კულტურებზე ჩატარებულმა კვლევაბმა აჩვენა, რომ ზიკას ადამიანის კანში არსებული სხვადასხვა ტიპის იმუნური უჯრედების ინფიცირება შეუძლია4.

საიდან მოვიდა ზიკა?

ზიკა ახალი ვირუსი არ არის. იგი პირველად ზიკას ტყის მაიმუნიდან გამოყვეს უგანდაში 1947 წელს, მისით ადამიანის დაინფიცირების პირველი აღრიცხული შემთხვევა კი 1954 წელს იყო5. შემდგომ წლებში კიდევ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდება აფრიკაში, 1960-იანი წლების დასაწყისიდან კი — ეკვატორულ აზიაშიც. ამ პერიოდში არ აღრიცხულა ჯანმრთელობის სერიოზული გართულებები თუ ეპიდემია, ხოლო ზიკას ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე ჩატარებული სისხლის ანალიზები იმის მანიშნებელი იყო, რომ ვირუსის გავრცელების არეალებში ადამიანთა დიდი ნაწილი იყო მისი ზემოქმედების ქვეშ6. ამ მიზეზთა გამო ზიკა განსაზღვრეს, როგორც იოლი ფორმის, სპორადულად მიმდინარე ვირუსი5.
ზიკას ვირუსის ეპიდემია პირველად დაფიქსირდა 2007 წელს იაპის კუნძულებზე, მიკრონეზიაში. ამ ეპიდემიის დროს კუნძულის 3 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 70%-ზე მეტი იყო დაინფიცირებული ზიკას ვირუსით5. მართალია, სერიოზული გართულებებისა თუ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები არ ყოფილა, მაგრამ ამ მასშტაბის ეპიდემია უპრეცედენტო იყო, ვინაიდან იმ დროისთვის ზიკათი დაინფიცირების 15-ზე ნაკლები შემთხვევა იყო აღრიცხული. შესაძლოა, მანამდე ზიკასთან შეხების არქონის გამო იაპის კუნძულების მოსახლეობა უფრო დაუცველი იყო ეპიდემიისგან, ვიდრე ვირუსის ბუნებრივი არეალის მოსახლეობა5.
2013 და 2014 წლებში ზიკას კიდევ ერთმა ეპიდემიამ იფეთქა საფრანგეთის პოლინეზიასა და მის გარშემო არსებულ კუნძულებზე. ამ ეპიდემიის დროს ჯანდაცვის ორგანოებმა შენიშნეს ნეიროლოგიური აშლილობების, მათ შორის გიიენ-ბარეს სინდრომის (რომელიც იწვევს დროებით პარალიზს), გაზრდილი სიხშირე, აგრეთვე ნერვული სისტემისა და თავის ტვინის ანომალიები ჩვილებში5,7.
ამერიკაში ზიკას ვირუსით დაინფიცირების პირველი ადგილობრივი შემთხვევა დაფიქსირდა ბრაზილიაში 2015 წლის მაისში. მას შემდეგ ასეთი შემთხვევები აღირიცხა სამხრეთი და ცენტრალური ამერიკის მრავალ ქვეყანაში. ზიკას ვირუსის შტამი, რომელიც ამჟამად ამერიკაშია გავრცელებული, ახლოდ ენათესავება საფრანგეთის პოლინეზიის ეპიდემიის შტამს, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ ვირუსმა ბრაზილიაში საფრანგეთის პოლინეზიიდან შემოაღწია8,9.

როგორ ვრცელდება ზიკა?

ზიკას ვირუსის გავრცელების მთავარ გზას წარმოადგენენ Aedes გვარის კოღოები. ამ მხრივ, ზიკა ჰგავს თავის მონათესავე ფლავივირუსებს, როგორებიცაა ტროპიკული ციება, ყვითელი ციებ-ცხელება და დასავლეთ ნილოსის ვირუსი. როდესაც კოღო ზიკათი დაინფიცირებული პიროვნებიდან მიირთმევს სისხლს, ვირუსი კოღოს უჯრედებსაც აინფიცირებს. მას შემდეგ, რაც კოღოში ინფექცია განვითარდება (როგორც წესი, დაახლოებით კვირა-ნახევრის შემდეგ), მისი ნერწყვი ვირუსულ ნაწილაკებს შეიცავს10. როდესაც დაინფიცირებული კოღო სხვა ადამიანს კბენს საკვების მისაღებად, შესაძლოა, ვირუსული ნაწლაკები მასზეც გადავიდეს და ადამიანი ზიკათი დაავადდეს.
Aedes albopictus კოღოს ფოტო.
_სურათის წყარო: „Aedes albopictus", ჯეიმზ გათანი, CDC Public Health Information Library (საჯარო დომენი)._
მართალია, ზიკას ვირუსის გადაცემის ეს გზაა ყველაზე ხშირი, მაგრამ სხვა ტიპის გადაცემებიცაა შესაძლებელი. მაგალითად, ფეხმძიმე ქალმა, რომელსაც ზიკა შეეყრება, შეიძლება, ვირუსი გადსდოს თავის ჩანასახს ან ბავშვს მშობიარობის დროს. იყო შემთხვევები, როდესაც ზიკას ვირუსი გადაიცა სქესობრივი კავშირით, აგრეთვე ზიკათი დაინფიცირებული დონორის სისხლის გადასხმით11,12.

როგორ აინფიცირებს ზიკა უჯრედებს?

მას შემდეგ, რაც ზიკას ვირუსული ნაწილაკები ადამიანის სხეულში აღმოჩნდება, მათ ცალკეულ უჯრედებში უნდა შეაღწიონ, რათა გამრავლდნენ და მეტი ვირუსი წარმოქმნან. უჯრედში შეღწევა შესაძლებელია იმის გამო, რომ ზიკას ვირუსულ ნაწილაკს მის გარეგან გარსში აქვს განსზღვრული ცილები, რომლებსაც ადამიანის უჯრედების რეცეპტორ ცილებთან შეუძლია ურთიერთქმედება. როდესაც ვირუსული ცილები ებმის უჯრედის რეცეპტორებს, ისინი „ატყუებენ“ უჯრედს და აიძულებენ ვირუსული ნაწილაკის შეშვებას13.
_სახეცვლილი სურათის წყაროა „ზიკას ვირუსი: გენომი“, ViralZone, Swiss Institute of Bioinformatics (CC BY-NC 4,0)._
უჯრედის შიგნით ვირუსის რნმ-გენომი გამოთავისუფლდება უჯრედის ციტოპლაზმაში, სითხით სავსე მთავარ სირვცეში. იქ რნმ-ის მოლეკულა „იკითხება“ („ითარგმნება“, ტრანსლაციას განიცდის) უჯრედის ფერმენტების მიერ, რათა წარმოიქმნას გრძელი ცილა, რომელიც შემდეგ რამდენიმე პატარა ცილად „დაიჭრება“ (იხილეთ ქვედა სურათზე მარცხნივ). ამ ცილათაგან ზოგიერთი წარმოადგენს იმ სტრუქტურულ კომპონენტებს, რომლებიც ახალი ვურუსული ნაწილაკის წარმოსაქმნელადაა საჭირო, მაგალითად, კაფსიდისა და გარეგანი გარსის ცილები. სხვა ვირუსული ცილები ახდენენ რნმ-გენომის კოპირებასა და პროცესინგს13,14.
ვირუსული ცილები და რნმ-გენომის ასლები ლაგდებიან ენდოპლაზმური ბადის (ებ-ის) ზედაპირზე — იმ ორგანოიდის, რომელიც უჯრედის ექსპორტირების სისტემის ნაწილია. ახალი ვირუსული ნაწილაკები ენდოპლაზმურ ბადეში „იკვირტებიან“, თან კი მისი მემბრანის მცირე ნაწილიც მიაქვთ. ეს „მოპარული“ მემბრანა მოგვიანებით ვირუსის გარეგან გარსს წარმოქმნის. შემდეგ ნაწილაკები კიდევ ერთ სტრუქტურაში, გოლჯის აპარატში, გადადიან, სადაც ისინი კვლავ მუშავდებიან, სანამ უჯრედიდან გამოვლენ13,14. გამოთავისუფლებულ ვირუსულ ნაწილაკებს შეუძლიათ სხვა უჯრედების ინფიცირება და ინფექციის ციკლის გაგრძელება.
დიაგრამა ეფუძნება „ფლავივირუსის სასიცოცხლო ციკლს“, ტედ პირსონი15.

როგორია ზიკას სიმპტომები და შედეგები?

ხშირ შემთხვევაში ზიკათი დაინფიცირების სიმპტომები საკმაოდ მსუბუქია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიხედვით, ზიკათი დაინფიცირებული 5 ადამიანიდან მხოლოდ 1 ხდება ავად, დამახასიათებელ სიმპტომებს შორის კი არის გამონაყარი, სიცხე, კონიუნქტივიტი (თვალების გაღიზიანება) და სახსრების ტკივილი16. ეს სიმპტომები, როგორც წესი, ქრება და ადამიანთა უმეტესობა არ ექვემდებარება ზიკას ვირუსის ხანგრძლივ ზემოქმედებას.
ფეხმძიმე ქალები და მათი ჩანასახები ზიკას საზიანო ეფექტების დიდი რისკის ქვეშ არიან17. კერძოდ, არსებობს კავშირი ფეხმძიმობის დროს ზიკათი დაინფიცირებასა და ახალშობილებში მიკროკეფალიას (პატარათავიანობას) შორის. მიკროკეფალიას ზოგჯერ თან ახლავს ნეიროლოგიური პრობლემები და ორგანიზმის შენელებული განვითარება, თუმცა ეს ეფექტები დიდწილად ცვალებადია სხვადასხვა ადამიანის შემთხვევაში18. ჯანდაცვის ორგანოები მოუწოდებენ ქალებს, რომლებიც ფეხმძიმედ არიან (ან შეიძლება, რომ ფეხმძიმედ გახდნენ), მიიღონ ზიკათი დაინფიცირების საწინააღმდეგო ზომები19.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში ზიკამ შეიძლება გამოიწვიოს ნევროლოგიური პრობლემები, მაგალითად, გიენ-ბარის სინდრომი. გიენ-ბარის სინდრომი აუტოიმუნური მდგომარეობაა, რომელიც დროებით (რამდენიმე კვირის ან თვის მანძილზე გრძელდება) პარალიზს იწვევს. გიენ-ბარის სინდრომი დაფიქსირდა იმ ადგილებში, სადაც გავრცელებულია ზიკას ინფექცია, მაგრამ მკვლევარები ჯერ ისევ იკვლევენ მათ შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობას20.

როგორ დავიცვათ თავი ზიკასგან?

მოკლევადიან პერსპექტივაში ჯანდაცვის ორგანოები ურჩევენ ხალხს, იმ რეგიონებში, რომლებშიც ზიკას ვირუსი აქტიურია, მოერიდონ კოღოებს ზიკასგან თავის დასაცავად. დაინფიცირების მაღალი რისკის მქონე ჯგუფების, მაგალითად, ფეხმძიმე ქალების, შემთხვევაში, მათ უნდა გადადონ ისეთ რეგიონებში მოგზაურობა, რომლებშიც ზიკას ვირუსია გავრცელებული21. მათთვის კი, ვინც ზიკას აქტიურობის რეგიონებში ცხოვრობს, უმჯობესია სახლის პირობებში დარჩენა, მწერების დასაფრთხობი საშუალებებისა (რეპელენტებისა) და მათი საწინააღმდეგო ბადეების გამოყენება, აგრეთვე დამდგარი (დაგუბებული) წყლის უბნების განადგურება, რადგან ისინი კოღოების გამრავლების ადგილს წარმოადგენენ22.
გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო საიმედო თავდაცვას წარმოადგენს ზიკას საწინააღმდეგო ვაქცინაცია. სასიხარულოა, რომ ტროპიკული ციების, ზიკას მონათესავე ფლავივირუსის, საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება ნებადართული გახდა ბრაზილიაში. ვაქცინა შემუშავდა ყვითელი ციებ-ცხელების, კიდევ ერთი მონათესავე ფლავივირუსის, ინაქტიურ ფორმაზე დაყრდნობით და შესაძლებელია, რომ ზიკას ვაქცინის შესაქმნელად მსგავსმა სტრატეგიამ გაამართლოს23. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ზიკას საწინააღმდეგო ვაქცინის ერთ-ერთი კანდიდატის დამაიმედებელი პირველადი შედეგები24. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ მრავალი ტესტის ჩატარებაა საჭირო იმისთვის, რომ გაირკვეს, თუ რამდენად უსაფრთხო და ეფექტურია ეს და სხვა პოტენციური ვაქცინები ადამიანთათვის.
შენიშვნა: ეს სტატია არ იძლევა სამედიცინო რჩევებს და ის მხოლოდ ინფორმაციის მოწოდებისთვისაა განკუთვნილი. თუკი თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაგიჩნდათ კითხვები და რჩევის მიღება გსურთ, ყოველთვის მიმართეთ კვალიფიცირებულ მედიცინის მუშაკს. არასდროს უგულებელყოთ პროფესიონალური სამედიცინო რჩევა ან არ გადადოთ მისი მიღება იმის გამო, რომ რაღაც წაიკითხეთ ან ნახეთ ხანის აკადემიაზე.
ბოლოს განახლდა: 10 მაისს, 2016

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.