If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ინვაზიური სახეობა

რა არის საჭირო იმისთვის, რომ სახეობას ინვაზიური ვუწოდოთ. როგორ შეიძლება, ინვაზიურმა სახეობამ ეკოლოგიური თანასაზოგადოებები დააზიანოს.

საკვანძო საკითხები

  • ინვაზიური (შემოჭრილი) სახეობა (ინგლ. Invasive species) ის სახეობაა, რომელიც ადამიანმა შეიყვანა მისთვის ბუნებრივ საზღვრებს გარეთ არსებულ არეალში და რომელსაც შეუძლია — ან რომელმაც უკვე შეძლო — ახალი ჰაბიტატის დაზარალება.1
  • ინვაზიურმა სახეობებმა შეიძლება, რესურსებისა და ჰაბიტატისთვის ბრძოლაში აჯობონ ადგილობრივ სახეობებს, შეცვალონ თანასაზოგადოების სტრუქტურა და გამოიწვიონ ზოგიერთი სახეობის გადაშენება.
  • აზიური კობრი ინვაზიური სახეობების პოტენციური გავლენის კარგი მაგალითია. ადამიანების მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში შემოყვანილმა თევზების ამ სახეობამ აითვისა ამერიკის დიდი ტბების წყლები და საფრთხე შეუქმნა ადგილობრივი თევზების პოპულაციებსა და მეთევზეობას.

შესავალი

თვალი შეავლეთ ქვემოთ მოცემულ ფოტოს. მორიგი მშვენიერი დილა ტენესის ფერდობებზე! მაგრამ, მოიცა ... ეს ხეები ... რაღაცითაა დაფარული. უკეთ დააკვირდით და ნახავთ, რომ თითქმის მთლიან ლანდშაფტს მსხვილი, მწვანე საფარი აკრავს. ეს საფარი ინვაზიური მცენარეა — კუძუ.
ტენესის ფერდობი, რომლის ხეები, ბუჩქები და ზედაპირი კუძუთია დაფარულია.
სურათის წყარო: კუძუ, კეიტი ეშდაუნი, CC BY 2,0
კუძუ კარგი მაგალითია იმისა, თუ რამდენად დრამატულად შეიძლება განვითარდეს მოვლენები, როდესაც სახეობა შემოგვყავს იმ ეკოსისტემაში, რომელშიც მას უამრავი რესურსი და ცოტა მტაცებელი ჰყავს. ამერიკის შეერთებულ შტატებში მცენარე კუძუ აზიიდან შემოიტანეს 1800-იანების მიწურულს. იგი დეკორატიულ მცენარედ იყო ჩაფიქრებული და 1900-იანების დასაწყისში ფართოდ დაითესა სამხრეთში, რათა შეემცირებინა ნიადაგის ეროზია. თუმცა, მისი დათესვისას ადამიანებმა არ იცოდნენ, რომ ეს ვაზი მალევე დაფარავდა მთელ ლანდშაფტს, ყოველდღიურად ერთი ფუტის სიმაღლით გაიზრდებოდა და მხუთავი სარტყელივით გადაეფარებოდა მიწის ზედაპირს, ბუჩქებს, ხეებს, სახლებსა და ძველ მანქანებსაც კი.2
ინვაზიური სახეობა კუძუ კარგი — და შემზარავი! — მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება, ეკოლოგიურმა ცვლილებებმა, მათ შორის ადამაინის ჩარევით განპირობებულმა, შეცვალოს თანასაზოგადოებები და ეკოსისტემები. ამ სტატიაში უფრო დეტალურად ვიხილავთ, თუ რა არის ინვაზიური სახეობა და როგორ შეუძლია მას ეკოსისტემის დარღვევა, რითიც იგი ხშირად ამცირებს ადგილობრივი სახეობების რიცხოვნობას და ცვლის თანასაზოგადოების მთლიან სტრუქტურას.

რა არის ინვაზიური სახეობა?

ინვაზიური სახეობა ის სახეობაა, რომელიც შემოიტანეს/შემოიყვანეს მისთვის უჩველო არეალში და რომელსაც შეუძლია — ან რომელმაც უკვე შეძლო — ახალი ჰაბიტატის დაზარალება.1 აშშ-ში ბევრი ინვაზიური სახეობაა, ქვემოთ მოცემულ სურათზე კი მათი რამდენიმე მაგალითია ნაჩვენები. თუკი გილაშქრიათ ტყეში, საზაფხულო ნაოსნობაში მიგიღიათ მონაწილეობა ან, უბრალოდ, ქალაქში გაგისეირნიათ, არსებობს იმის ალბათობა, რომ ინვაზიურ სახეობას გადაყრიხართ.
ზედა მარცხენა სურათი: იასამნისფერი ცოცხმაგარა, მაღალი, წვრილი იასამნისფერი ყვავილი. ზედა შუა სურათი: პატარა ზებრა-მოლუსკები, რომლებიც ტბაში არსებულ ხელოვნურ ობიექტს ეკრობიან. ზედა მარჯვენა სურათი: ხეშავი, ბუჩქოვანი მცენარე ყვითელი ყვავილებით. ქვედა მარცხენა სურათი: ნივრის მდოგვი, პატარა მცენარე თეთრი ყვავილებით. ქვედა შუა სურათი: ზურმუხტისფერი იფნის რკილი, ნათელი შეფერილობის მქონე მწვანე მწერი, რომელიც ჭრიჭინას ჰგავს. ქვედა მარჯვენა სურათი: შოშია.
სურათის წყარო: თანასაზოგადოებათა ეკოლოგია: სურათი 16, ოპენსტაქსის კოლეჯი, ბიოლოგია, CC BY 4,0; ორიგინალი ნამუშევრის ავტორია — მარცხნიდან მარჯვნივ, დაწყებული ზემოდან — ლიზ უესტი; მ. მაკ-კორმიკი, NOAA; ე. დრონკერტი; დენ დეივისონი; USDA; დონ დებოლდი

შემთხვევის შესწავლა: აზიური კობრი

მოდით, ახლა განვიხილოთ კუძუს ალტერნატივა წყლის სამყაროში: აზიური კობრი. მას შემდეგ, რაც 1970-იან წლებში აზიური კობრი აშშ-ში შემოიყვანეს, მისი რიცხოვნობა საოცრად გაიზარდა დაუცხრომელი მადისა და სწრაფი რეპროდუქციის წყალობით, რის გამოც ისინი ახლა მისისიპისა და ილიონისის მდინარეების ბიომასის 95%-ს წარმოადგენენ. მეტიც, ამ თევზის გამო აღიძრა საერთაშორისო სასამართლო პროცესი წყლითსავალი გზებისთვის აშშ-სა და კანადას შორის! ეს დრამატული მაგალითია იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ინვაზიური სახეობა ახალ ადგილას იკიდებს ფეხს.
როდის დაიწყო ყველაფერი? აზიური კობრი — რომელიც ერთი სახეობა კი არა, რამდენიმე მონათესავე სახეობაა — აშშ-ში 1970-იანებში შემოიყვანეს.2 ისინი დიდწილად მეთევზეობისთვის და ჩამდინარე წყლების გასაწმენდად შემოიყვანეს, რადგან კობრს წყალსატევში არსებული ჭარბი პლანქტონების შეჭმა შეეძლო. მიუხედავად ამისა, რამდენიმე თევზი გაიქცა. 1980-იანებში ამ თევზებმა დაიპყრეს მდინარე მისისიპის აუზის წყლითსავალი გზები, მათ შორის მდინარეები ილინოისი და მისური.
ხარბი მჭამელობისა და სწრაფი რეპროდუქციის წყალობით, აზიურ კობრს ხშირად ადგილობრივი თევზების დაჯაბნა ძალუძს, როდესაც იგი მათთან საბინადრო გარემოსა და საკვების წყაროებს იყოფს. შავი კობრი ჭამს ორსაგდულიან მოლუსკებსა და ლოკოკინებს, რის გამოც ეს უკანასკნელნი ნაკლებად ხელმისაწვდომნი არიან ადგილობრივი თევზებისთვის და ზიანდება საკვებად განკუთვნილი ზღვის პროდუქტების პოპულაციები. აზიური კობრის კიდევ ერთი სახეობა, ვერცხლისფერი კობრი, ჭამს პლანქტონებს, რომლებიც თევზების მრავალი ადგილობრივი სახეობის მთავარი საკვებია მათი ლარვული და ახალგაზრდული სტადიების დროს.2
მართალია, აზიური კობრის ჭამა შეიძლება, მაგრამ თევზი საკმაოდ ძვლიანია და, როგორც წესი, დიდი მოთხოვნით არ სარგებლობს აშშ-ში. აგრეთვე, სათევზაოდ თუ გახვალთ, ფრთილად იყავით: შეიძლება, აზიურმა კობრმა გაგაწნათ სილა! მოტორიანი ნავების მოახლოებით გამოწვეული ხმაურით დამფრთხალი თევზი ხშირად წყლიდან ჰაერში ხტება და ზოგჯერ ნავში ეცემა ან თვითონ მენავეებსაც კი ეხეთქება. წყლიდან ამომხტარი კობრის სურათი ქვემოთაა მოცემული.
უკანა პლანი: აშშ-ის თევზებისა და ველური ცხოველების დაცვის სამსახურის თანამშრომელი ნავზე, ბადით ხელში. წინა პლანი: წყლიდან ამომხტარი აზიური კობრი
სურათის წყარო: აზიური კობრი, სტივ ჰილიბრენდი, USFWS, CC BY 2,0
დიდი ტბები და მათი სახელგანთქმული ორაგულისა და კალმახის თევსაჭერები ასევე დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ აზიური კობრის გამო. ამ ინვაზიურმა თევზებმა უკვე დაიპყრეს მიჩიგანის ტბაში ჩამავალი მდინარეები და არხები, მათ შორის მთავარი წყლითსავალი გზები, რომლებიც დიდ ტბებსა და მდინარე მისისიპის აკავშირებენ ერთმანეთთან.
იმისთვის, რომ კობრს ამ არხის დატოვებისა და მიგრაციის საშუალება არ მიეცეს, გამოიყენება ელექტრული ბარიერები. მიუხედავად ამისა, საფრთხე მაინც იმდენად დიდია, რომ რამდენიმე შტატმა და კანადამ სასამართლოში მოითხოვეს, რომ ჩიკაგოს არხი სამუდამოდ ჩამოეჭრას მიჩიგანის ტბას. ჯერჯერობით არ ვიცით, აზიური კობრი მარტოოდენ ხელისშემშლელ ფაქტორად დარჩება თუ იგი საბოლოოდ გაანადგურებს მტკნარი წყლის უდიდეს თევსაჭერს მსოფლიოში.
აზიური კობრის ეს შემთხვევა გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება, გადაიკვეთოს პოპულაციური და თანასაზოგადოებათა ეკოლოგია, თევზსაჭერების მენეჯმენტი და პოლიტიკა და რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ეკოლოგია ადამიანთათვის საკვების მიწოდებისა და აშშ-ის ეკონომიისთვის. უფრო პიროვნულ დონეზე თუ განვიხილავთ, იგი აგრეთვე გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეკოლოგია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მშვიდად ატარებენ დღეს მდინარეზე ... და რომლებსაც შეიძლება, მფრინავმა კობრმა გააწნას სილა!

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.