If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

მენდელის კანონების სახესხვაობები (მიმოხილვა)

ამ კანონების დამატებები, გამონაკლისები და ცვლილებები. მენდელის კანონების სახესხვაობების მიმოხილვა: მრავლობითი ალელიზმი, არასრული დომინანტობა, კოდომინანტობა, პლეიოტროპიზმი, ლეტალური ალელები, სქესთან შეჭიდულობა, გენეტიკური ურთიერთქმედება, პოლიგენური ნიშან-თვისებები და გარემოს ეფექტები.

მიმოხილვა: მენდელის მარტივი მოდელი

გრეგორ მენდელის მემკვიდრეობითობის ძირითადი პრინციპები საუკუნეზე მეტია, რაც არსებობს და ჭეშმარიტად ითვლება. მათი მეშვეობით აიხსნება, თუ როგორ გადაეცემა მრავალი სხვადასხვა ნიშან-თვისება მემკვიდრეობით მრავალ სხვადასხვანაირ ორგანიზმში, მათ შორის ადამიანებშიც.
მენდელის თავდაპირველი მოდელის მნიშვნელოვანი ასპექტებია:
  1. მემკვიდრეობითი ნიშან-თვისებები გადაეცემა მემკვიდრეობითი ფაქტორებით, რომელთაც ახლა გენებს ვუწოდებთ. გენები წყვილ-წყვილადაა ორგანიზმში წარმოდგენილი (ანუ, ორგანიზმში გენის ორი ასლია).
  2. ერთისა და იმავე ნიშან-თვისების გენის სხვადასხვა ვარიანტი შეიძლება არსებობდეს - ამ ვარიანტებს დღეს ალელები ეწოდებათ. როცა ორგანიზმში ერთი გენის ორი სხვადასხვა ალელია, ერთ-ერთი (დომინანტური ალელი) გადაფარავს, აჯობებს მეორეს (რეცესიულს) და მხოლოდ თვითონ გამოვლინდება გარეგნულად.
  3. გამეტების წარმოქმნისას თითოეული კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი ორგანიზმში არსებული გენის ორი ასლიდან მხოლოდ ერთს იღებს და ეს ორი ასლი გამეტებში შემთხვევითად გადანაწილდება (ალელთა სეგრეგაციის კანონი).
  4. სხვადასხვა ნიშან-თვისებების განმსაზღვრელი გენები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გადაეცემა მემკვიდრეობით (გენთა დამოუკიდებლად განაწილების კანონი).
მემკვიდრეობითობის ცოდნის საფუძველი დღემდე ეს წესებია - ანუ ითვლება, რომ სწორედ ისინი ხსნიან, თუ როგორ გადაეცემა ნიშან-თვისებები მემკვიდრეობით და როგორ განსაზღვრავს ორგანიზმის გენოტიპი (ალელების ნაკრები) მის ფენოტიპს (გარეგნულად გამოვლენილ ნიშან-თვისებათა ერთობლიობას). და მაინც, დღეს უკვე ვიცით, რომ ამ წესებს აქვს გამონაკლისები, დამატებები და განსხვავებული ვარიანტები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაემატოს მენდელის ჩამოყალიბებულ მოდელს, რათა სრულყოფილად შევძლოთ მემკვიდრეობითობის თავისებურებების ახსნა.

ცალკეულ გენებთან დაკავშირებული განსხვავებები

მენდელის კანონების ზოგი ნაირსახეობა ცალკეულ გენებს უკავშირდება. მათ შორისაა:
  • მრავლობითი ალელიზმი. მენდელმა ბარდის გენების მხოლოდ ორი ალელი შეისწავლა, მაგრამ სინამდვილეში პოპულაციებში ხშირად ცალკეული გენები მრავალი სხვადასხვა ალელითაა წარმოდგენილი.
  • არასრული დომინანტობა. ზოგჯერ ორგანიზმში ორი სხვადასხვა ალელის არსებობისას მხოლოდ ერთი კი არა, ორივე გამოვლინდება გარეგნულად და მათ შორის შუალედური ფენოტიპი მიიღება.
  • კოდომინანტობა. ორგანიზმში არსებული ორი სხვადასხვა ალელი შეიძლება, ერთდროულად და სრულიად გამოვლინდეს, ნაცვლად მხოლოდ ერთის ან ორივეს შუალედური ფენოტიპის გამოვლენისა.
  • პლეიოტროპიზმი. ზოგი გენი არა მხოლოდ ერთ, არამედ რამდენიმე სხვადასხვა ნიშან-თვისებაზე ახდენს გავლენას.
  • ლეტალური ალელები. ზოგ გენს აქვს ალელები, რომლებიც ჰომოზიგოტურ ან ჰეტეროზიგოტურ მდგომარეობაში არსებობისას ორგანიზმის დაღუპვას იწვევენ.
  • სქესთან შეჭიდულობა. გენები, რომლებიც სასქესო ქრომოსომებზე მდებარეობს (მაგალითად, ადამიანებში X ქრომოსომაზე) ავტოსომურ (არასასქესო) ქრომოსომებზე მდებარე გენებისგან განსხვავებულად გადაეცემა მემკვიდრეობით.
ამ თემების დეტალურად გასაცნობად, შეგიძლიათ, პირდაპირ შესაბამის სტატიებსა და ვიდეოებზე გადახტეთ:

ერთდროულად რამდენიმე გენთან დაკავშირებული განსხვავებები

მენდელის კანონების სხვა ნაირსახეობები უკავშირდება ურთიერთქმედებას ორ (ან, შესაძლოა, მრავალ) გენს შორის. მრავალი ნიშან-თვისება ერთზე მეტი გენით განისაზღვრება და როცა ორი გენი ერთსა და იმავე პროცესზე მოქმედებს, მათი ურთიერთქმედების შედეგი სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. მაგალითად:
  • კომპლემენტარული გენები. ორი სხვადასხვა გენის რეცესიული ალელი ერთნაირად შეიძლება გამოვლინდეს ფენოტიპურად.
  • ეპისტაზი. ერთი გენის ალელებმა შეიძლება, შენიღბონ მეორე გენის ალელების ეფექტი.
ამასთანავე, ზოგი გენი ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს ქრომოსომაზე, ანუ შეჭიდულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი დამოუკიდებლად არ გადანაწილდებიან გამეტებში.

პოლიგენური მემკვიდრეობითობა და გარემოს ეფექტები

ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ბევრი ნიშან-თვისება, როგორიცაა სიმაღლე, კანისა და თვალის ფერი, დაავადებების (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის) განვითარების რისკი, ერთდროულად მრავალი ფაქტოის მიერ განისაზღვრება. ეს ფაქტორები შეიძლება, იყოს გენეტიკური, გარემოზე დამოკიდებული ან ორივე.
  • პოლიგენური მემკვიდრეობა. ზოგი ნიშან-თვისება პოლიგენურია, ანუ მათ ერთდროულად რამდენიმე გენი განსაზღვრავს. პოლიგენურ მემკვიდრეობაში ფენოტიპების მთელი სპექტრი იქმნება, ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ რამდენიმე, მკაფიოდ ჩამოყალიბებული ვარიანტი გამოვლინდეს.
  • გარემოს ეფექტები. სინამდვილეში ნიშან-თვისებათა უდიდესი ნაწილი არა მხოლოდ გენოტიპით, არამედ გარემოს ფაქტორებითაც განისაზღვრება. ეს ფაქტორები გავლენას ახდენენ იმაზე, თუ როგორ გამოვლინდება გენოტიპი ფენოტიპად.
გენეტიკისა და გარემოს ურთიერთქმედება ორი ფენომენის მიზეზია: არასრული პენეტრანტობა, რომლის დროსაც ერთი გენოტიპის მქონე ყველა ინდივიდში შესაბამისი ფენოტიპი არ ვლინდება დაცვალებადი ექსპრესიულობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთნაირი გენოტიპის მქონე ინდივიდებში ფენოტიპი უფრო ძლიერად ან სუსტად შეიძლება ვლინდებოდეს.
ამ თემების დეტალურად გასაცნობად, შეგიძლიათ, პირდაპირ შესაბამის სტატიაზე გადახტეთ:

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.