If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

რა შეგიძლიათ აკეთოთ ბიოლოგის ცოდნით?

შეიტყვეთ მეტი იმ მრავალი პროფესიის შესახებ, რაც ბიოლოგიის დარგში არსებობს. ჩვენ იმ საფეხურებსაც განვიხილავთ, რაც უნდა გაიაროთ თქვენთვის საინტერესო პროფესიის კარიერაში.

რა შეგიძლიათ აკეთოთ ბიოლოგის ცოდნით?

გაინტერესებთ თქვენი ბიოლოგიის გაკვეთილები, ბუნება, ცხოველებიმ მცენარეები, მედიცინა ან უბრალოდ ცნობისმოყვარეობით გავსებენ ცოცხალი ორგანიზმები?
თუ ასეა, შესაძლოა ფიქრობთ, ბიოლოგიის დარგში აირჩიოთ მომავალი პროფესია! მაგრამ შეიძლება, კითხვებიც გაქვთ ამასთან დაკავშირებით. როგორია, იყო პროფესიონალი ბიოლოგი? მთელი დრო ლაბორატორიაში უნდა გაატარო თუ ტროპიკულ ჯუნგლებში უნდა დადიოდე? საკმარისია შემოსავალი? და შეგეძლებათ თუ არა სხვებს დაეხმაროთ და უკეთესობისკენ შეცვალოთ სამყარო?
ყველა კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია და პასუხები მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ ზუსტად რას აპირებთ, აკეთოთ თქვენი ბიოლოგიის ცოდნით! ბიოლოგიაში განათლება მრავალი პროფესიისკენ მიმავალი გზა შეიძლება იყოს, მათ შორის მკვლევარობის (მაგ. ბიომედიცინისა და ეკოლოგიის) და სხვა დარგებისკენ (მაგ. მასწავლებლობა/ლექტორობა, სამეცნიერო კომუნიკაცია და საჯარო პოლიტიკა).
ამ სტატიის მიზანია, მიმოვიხილოთ ბიოლოგიასთან დაკავშირებული პროფესიების მაგალითები და წარმოდგენა შეგიქმნათ, მაინც რამდენი სხვადასხვა რამის კეთება შეგიძლიათ ამ საოცრად საინტერესო საგნის ცოდნით!

ბიოლოგია ბევრ კარს გიხსნით

თავად ბიოლოგია ძალიან ფართო დარგია და ბიოლოგები სწავლობენ სიცოცხლეს დაწყებული ცალკეული მოლეკულებიდან, დამთავრებული მთლიანი ორგანიზმებითა და ეკოსისტემებით. მაგრამ ბიოლოგიაში პროფესიების არჩევანი კიდევ უფრო დიდია! ბიოლოგებს არა მარტო სხვადასხვა კვლევით დარგში შეუძლიათ მუშაობა, არამედ გამოყენებით სფეროებშიც, მაგალითად მედიცინაში, ბუნების დაცვაში, განათლებაში და კიდევ სხვა მრავალი მიმართულებით.
ბიოლოგიასთან დაკავშირებული პროფესიების ჩამონათვალი, რომელიც შეიძლება, გამოგადგეთ:
  • ექიმი, ექთანი, ექიმის დამხმარე, გენეტიკის კონსულტანტი
  • გარემოს დაცვის ეკოლოგი, გარემოს ადვოკატი
  • ლაბორატორიის ან საველე მკვლევარი უნივერსიტეტში ან ინსტიტუტში
  • სამეცნიერო საკითხების მწერალი (შტატგარეშე, კომპანიაში ან არაკომერციულ ორგანიზაციაში)
  • მედიკამენტების მკვლევარი, ბიოსამედიცინო მოწყობილობის ინჟინერი
  • საკვების მეცნიერი ან სოფლის მეურნეობის ექსპერტი
  • მასწავლებელი, პროფესორი, საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი
  • მთავრობის ან პოლიტიკოსების მრჩეველი სამეცნიერო საკითხებში
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია უამრავი შესაძლო ვარიანტიდან!

გაიგეთ მეტი ბიოლოგიასთან დაკავშირებულ პროფესიებთან შესახებ!

შემიძლია, უფრო მეტი დრო დავუთმო სხვადასხვა ვარიანტის განხილვას, მაგრამ იმისთვის, რომ უკეთ მიხვდეთ, როგორია სინამდვილეში ბიოლოგიასთან დაკავშირებულ სფეროში მუშაობა, რამდენიმე ადამიანს გავესაუბრეთ და პირადად მათგან მოისმინეთ ეს ყველაფერი. გაიცანით:
  • ერინ კეინი, პრიმატოლოგი, რომელიც ჯეინ გუდოლის ნაბიჯებს მიჰყვება და თან შესანიშნავი ბალერინაცაა!
  • ჯოველ კუეიროლო, სკოლის მასწავლებელი, რომელიც ბიოლოგიისადმი სიყვარულს უზიარებს თავის მოსწავლეებს... და მთვარის შუქსაც, რადგან საველე ეკოლოგიითაა დაკავებული ზაფხულობით!
  • კრის ნორთარდი, კვების მეცნიერი, რომელიც რძის პროდუქტებს უფრო გემრიელს ხდის და ალტიმატ-ფრიზბის გამოცდილი მოთამაშეა!
  • სტეფანი სპენსი, მწერალი ბუნების დაცვის საკითხში სიერას კლუბში და სამეცნიერო ფანტასტიკის პოდკასტის სცენარის ავტორი!
  • ალისა ლიმანი, სამეცნიერო მწერალი, რომელიც ხალხს ეხმარება, უკეთ გაიგონ მონაცემები თავიანთი გენომის შესახებ, თავისუფალ დროს კი ნახევარმარათონებში მონაწილეობს!
  • კარლ სტენოიენი, მწერების ეკოლოგი, რომელიც პეპლებზე კვერცხების დამდებ პარაზიტ ბზიკებს შეისწავლის და ათჭიდებში მონაწილეობს!
  • პოლ ნიოი, ფარმაცევტული მკვლევარი და ხელოვნების მოყვარული!
დროთა განმავლობაში ახალ პროფილებსაც დავამატებთ, ასე რომ, შემოიარეთ ხოლმე, თუ გსურთ, მეტი გაიგოთ ბიოლოგიის სფეროს კარიერებზე (და მიიღოთ გამოსადეგი რჩევები!) თქვენნაირი ადამიანებისგან, რომლებიც ზუსტად ამ პროფესიებით მუშაობენ.

ძალიან მაინტერესებს [X პროფესია]! რა უნდა ვქნა?

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე კარიერა განსაკუთრებით საინტერესოდ გეჩვენათ, გარკვეული სამომავლო ნაბიჯების გადადგმაც შეგიძლიათ! რამდენიმე რჩევას შემოგთავაზებთ, თუ როგორ შეიტყოთ მეტი.

დაუკავშირდით თქვენთვის საინტერესო პროფესიის მქონე ადამიანებს

რა პროფესიაც არ უნდა გაინტერესებდეთ, სავარაუდოდ, თქვენ გარშემოც იქნებიან იმ სპეციალობით მომუშავე ადამიანები.
  • შეგიძლიათ, ელ. ფოსტით დაუკავშირდეთ რამდენიმე მათგანს, წარუდგინოთ თქვენი თავი და ჰკითხოთ, შეგიძლიათ თუ არა მათთან გასაუბრება პროფესიის უკეთ გაცნობის მიზნით (ამას საინფორმაციო ინტერვიუ ეწოდება).
  • შეგიძლიათ, ისიც ჰკითხოთ, მათი სამსახურის აჩრდილობის უფლებას თუ მოგცემენ. ეს ნიშნავს, რომ მათ ცოტა ხნით, ერთი დღით ან კვირით, თან უნდა დაჰყვებოდეთ და თქვენი თვალით ნახოთ, როგორია მათი სამსახური სინამდვილეში.
დარწმუნდით, რომ ძალიან ზრდილობიანად ეკონტაქტებით ადამიანს საინფორმაციო ინტერვიუს ან სამსახურის აჩრდილობის თხოვნისას. უნდა გესმოდეთ, რომ ზოგს დრო არ აქვს ან არ შეუძლია, დაგეხმაროთ. მიუხედავად ამისა, თუ ძებნას გააგრძელებთ, სავარაუდოდ, იპოვით ვინმეს, ვინც გამოცდილებას გაგიზიარებთ (და შეიძლება, ის თქვენი მენტორიც კი გახდეს).

გამოიყენეთ შესაბამისი შესაძლებლობები

ეძებეთ შესაძლებლობები, რომლებიც დაგეხმარებათ, „ცხვირი შეყოთ“ თქვენთვის საინტერესო სფეროში. ასეთი გამოცდილების მიღება ორი მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი: 1) ეს დაგეხმარებათ, აითვისოთ საჭირო უნარ-ჩვევები და შეიძინოთ პროფესიული კონტაქტები და 2) დაგეხმარებათ, მიხვდეთ, ნამდვილად მოგწონთ თუ არა ეს პროფესია და გენდომებათ თუ არა ამ საქმის კეთება მომავალში.
მაგალითად, გაინტერესებთ ბიოლოგიური ან ბიოსამედიცინო კვლევები? თუ კოლეჯის სტუდენტი ხართ ან თქვენს ახლომახლოა კოლეჯი/უნივერსიტეტი, იპოვეთ ბიოლოგიური და ბიოსამედიცინო კვლევების დეპარტამენტის ვებსაიტი და ლაბორატორია, რომელიც თქვენთვის საინტერესო თემაზე მუშაობს. დაუკავშირდით ლაბორატორიის ხელმძღვანელ პროფესორს და ჰკითხეთ, თუ შეიძლება, ესტუმროთ, გაგზავნეთ თქვენი მონაცემები სტაჟირებაზე, სწავლა-სამუშაოს შემთავსებელ პოზიციაზე ან მოხალისეობაზე! მსგავსი შესაძლებლობები შეიძლება ბიოტექნოლოგიურ კომპანიებშიც შეგხვდეთ, მაგალითად, მედიკამენტებზე, ბიოსამედიცინო მოწყობილობებზე ან დიაგნოსტიკურ კვლევებზე მომუშავეებში.
რა თქმა უნდა, ყოველთვის კოლეჯი ან უნივერსიტეტი არ გჭირდებათ მეცნიერებისთვის! უამრავი შესაძლებლობაა სამოქალაქო მეცნიერებაში, რაც გულისხმობს არაბიოლოგი ადამიანების მიერ ინფორმაციის შეგროვებას ბიოლოგიური ფენომენის შესასწავლად (მაგ., იზრდება თუ მცირდება რომელიმე მცენარის ან ცხოველის პოპულაცია). „ეზოში ჩიტების თვლა“ პროექტია, რომელიც ძალიან სახალისო იყო, როცა ვმონაწილეობდი! თუ ბუნება და ცხოველები გიყვართ, ასეთი რამ კარგი შესაძლებლობა იქნება თქვენთვის იმის გასარკვევად, ეკოლოგობა ხომ არაა შესაფერისი პროფესია.

წარმატებას გისურვებთ ბიოლოგიის სამყაროში მოგზაურობისას!

რა პროფესიითაც არ უნდა იყოთ დაინტერესებული, ყველაზე შესაფერისი სპეციალობის მოსაძებნად მნიშვნელოვანია: ძიება (დაუკავშირდეთ ადამიანებს ამ სფეროში და თქვენვე სცადოთ ბედი) და გულწრფელობა საკუთარ თავთან — რისი კეთება მოგწონთ და არ მოგწონთ ყოველდღიურად. მაგალითად, შესაძლოა, ბიოსამედიცინო მკვლევარობა გინდოდეთ, მაგრამ აღმოაჩინოთ, რომ არ გსურთ თაგვებთან მუშაობა ან ბუნებაში ყოფნა უფრო გიზიდავთ.
თუ ასე მოხდა, არაუშავს! მიეცით თქვენს თავს შესაძლებლობა, გამოსცადოთ განსხცვავებული ვარიანტები. რაც მეტს გამოიკვლევთ, უფრო შესაფერის საქმეს იპოვით საბოლოოდ!

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.