ძირითადი მასალა
დამამთავრებელი კლასების ბიოლოგია
კურსი: დამამთავრებელი კლასების ბიოლოგია > თემა 4
გაკვეთილი 1: გამრავლების სახეებიგამრავლების სახეების მიმოხილვა
საკვანძო ტერმინები
ტერმინი | მნიშვნელობა |
---|---|
სქესობრივი გამრავლება | ორი მშობელი ორგანიზმის შეჯვარებით ახალი ინდივიდის მიღება |
უსქესო გამრავლება | ერთი მშობელი ორგანიზმიდან ახალი ინდივიდის მიღება |
შთამომავლობა | გამრავლების შედეგად მიღებული შთამომავლობა |
გამეტა | სასქესო უჯრედი (მამრებში სპერმატოზოიდი, მდედრებში - კვერცხუჯრედი) |
განაყოფიერება | ორი გამეტის შერწყმა ახალი ორგანიზმის წარმოსაქმნელად |
ზიგოტა | ორი გამეტის შერწყმის შედეგად მიღებული უჯრედი |
გამრავლების სახეები
გამრავლების ორი მთავარი სახე არსებობს: სქესობრივი და უსქესო.
სქესობრივი გამრავლება
სქესობრივი გამრავლებისთვის ორი მშობელია საჭირო. თითოეული მათგანი თითო გამეტას წარმოქმნის - სასქესო უჯრედს, რომელსაც ნორმალური უჯრედის ნახევარი დნმ აქვს. მამრი ინდივიდების გამეტებს სპერმატოზოიდები ეწოდება, მდედრებისას - კვერცხუჯრედები.
განაყოფიერებისას ორი გამეტა ერწყმის ერთმანეთს და მიიღება ზიგოტა, უჯრედი, რომლისგანაც ემბრიონი ვითარდება.
უსქესო გამრავლება
უსქესო გამრავლებას მხოლოდ ერთი მშობელი ესაჭიროება.
უსქესო გამრავლების მრავალი სახე არსებობს. ოთხი ძირითადი კატეგორიაა:
1) ბინარული გაყოფა: ერთი მშობელი ორგანიზმის დნმ ორმაგდება და შემდეგ ორ უჯრედში ნაწილდება. ეს პროცესი ძირითადად ბაქტერიებში გვხვდება.
2) დაკვირტვა: მშობელი ორგანიზმის ზედაპირზე გამონაზარდი ჩნდება, სწყდება მას და დამოუკიდებელ ინდივიდად ყალიბდება. ეს გვხვდება საფუარა სოკოებსა და ზოგ ცხოველში (მაგ. ჰიდრა, ქვემოთ).
3) ფრაგმენტაცია: ორგანიზმი ორ ან მეტ ნაწილად იყოფა და თითოეული მათგანისგან ახალი ინდივიდი ვითარდება. ეს გვხვდება მრავალ მცენარეში, ასევე ზოგ ცხოველში (მაგ., მარჯანი, ზღვის ღრუბელი და ზღვის ვარსკვლავი).
4) პართენოგენეზი: ემბრიონი გაუნაყოფიერებელი უჯრედისგან ვითარდება. ეს გვხვდება უხერხემლოებში, ზოგიერთ თევზში, ამფიბიასა და რეპტილიაში.
სქესობრივი და უსქესო გამრავლების შედარება
სქესობრივი | უსქესო |
---|---|
საჭიროებს ორ მშობელს | საჭიროებს ერთ მშობელს |
სპერმა კვერცხუჯრედს ანაყოფიერებს | ერთი ორგანიზმი თავის ზუსტ ასლს წარმოქმნის |
გვხვდება ცხოველებში, ყვავილოვან მცენარეებსა და ზოგ სოკოში | გვხვდება ბაქტერიებში, ზოგი მცენარესა და სოკოში, ზოგ ცხოველში (ღრუბლები) |
შთამომავლობა მშობლებისგან განსხვავდება | შთამომავლობა მშობლის იდენტურია |
ქმნის გენეტიკურ მრავალფეროვნებას, მაგრამ საჭიროებს ბევრ დროს | იოლი და სწრაფია, მაგრამ გენეტიკური მრავალფეროვნება არ მიიღება |
ხშირი შეცდომები და მცდარი წარმოდგენები
- სქესობრივი გამრავლება მაინცდამაინც უსქესოზე „უკეთესი" არ არის და პირიქით. რომელიმე სახე მეორეზე ბევრად უპირატესი რომ იყოს, დღესდღეობით ყველა ორგანიზმი მისი მეშვეობით გამრავლდებოდა. თუმცაღა, გამრავლების ორივე სახე დღეს მრავალ სახეობაში გვხვდება, რაც ნიშნავს, რომ ორივე მათგანს აქვს თავისი ევოლუციური უპირატესობები.
მაგალითად, სქესობრივი გამრავლება მრავალფეროვნების საშუალებას იძლევა, მაგრამ ორსულობა ხანგრძლივია და საკმაოდ ბევრ რამეს მოითხოვს მშობელი ორგანიზმისგან. უსქესო გამრავლება სწრაფად ხდება, მაგრამ მთელ შთამომავლობას ერთი და იგივე გენეტიკური ინფორმაცია აქვს, ამიტომ ინდივიდები უფრო ადვილად ავადდებიან.
- დაკვირტვა და ფრაგმენტაცია სხვადასხვა რამაა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, ეს ორი პროცესი მსგავსია, ფრაგმენტაციის დროს მშობელი ორგანიზმი ნაწევრდება და თითოეული ნაწილისგან ახალი ინდივიდი ან შთამომავლობა ვითარდება. დაკვირტვის დროს მშობელ ორგანიზმზე გამონაზარდი (კვირტი) წარმოიქმნება.
- ზოგ ორგანიზმს სქესობრივი გამრავლებაც შეუძლია და უსქესოც. ეს განსაკუთრებით სოკოებსა და მცენარეებს ეხება (იშვიათად, ცხოველებსაც - მაგ. პართენოგენეზი). ხშირად გამრავლების სახე დამოკიდებულია გარემო პირობებზე ან ზრდის ციკლის სტადიაზე.
- სქესობრივ გამრავლებას ორი მშობელი ესაჭიროება, მაგრამ ზოგჯერ ორივე მათგანი შეიძლება ერთი ინდივიდი იყოს. ეს დამაბნეველად ჟღერს, მაგრამ ზოგი ორგანიზმი ჰერმაფროდიტია, რაც ნიშნავს, რომ მამრობითი გამეტებიც აქვს და მდედრობითიც. შესაბამისად, მათ თვითგანაყოფიერებაც შეუძლიათ. იმის მიუხედავად, რომ გამეტები ერთსა და იმავე ინდივიდს მიეკუთვნება, გამრავლების ამ სახეს მაინც სქესობრივად ვთვლით, რადგან მასში ორი გამეტა მონაწილეობს.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
- გამარჯობა,მაინტერესებს შიზოგონია და ფრაგმენტაცია ერთმანეთისგან რითი განსხვავდება? ანუ ფრაგმენტაციის დროს ახალი ინდივიდი წარმოიქმნება მშობლის რაღაც ნაწილისგან და ამ ნაწილს მშობელი მოგვიანებით აღიდგენს.
ხოლო შიზოგონიის დროს ორგანიზმი მრავალჯერ იყოფა და ეგრევე ახალი ორგანიზმები წარმოიქმნება და ახასითებს მარტო ერთუჯრედიანებს,ხოლო ფრაგმენტაცია მრავალუჯრედიანებს.
მოკლედ, მაინტერესებს სწორად ვმსჯელობ თუ არა(1 მოწონება)