ძირითადი მასალა
დამამთავრებელი კლასების ბიოლოგია
კურსი: დამამთავრებელი კლასების ბიოლოგია > თემა 8
გაკვეთილი 5: ნერვული და ენდოკრინული სისტემებინერვული და ენდოკრინული სისტემების მიმოხილვა
საკვანძო ტერმინები
ტერმინი | მნიშვნელობა |
---|---|
ნერვული სისტემა | სხეულის სისტემა, რომელიც აგროვებს, ამუშავებს და პასუხობს ინფორმაციას ელექტრული სიგნალების გამოყენებით |
ნეირონი | ნერვული უჯრედი; ნერვული სისტემის საბაზისო ერთეული |
გლიური უჯრედი | უჯრედი, რომელიც ეხმარება და იცავს ნეირონებს |
ცენტრალური ნერვული სისტემა | ნერვული სისტემის ნაწილი, რომელიც შედგება თავისა და ზურგის ტვინებისგან |
პერიფერიული ნერვული სისტემა | ნერვული სისტემის ნაწილი, რომელიც შეიცავს იმ ნერვებს, რომლებიც არ არის თავისა თუ ზურგის ტვინის ნაწილი |
ენდოკრინული სისტემა | სხეულის სისტემა, რომელიც ქიმიური ნივთიერებების, ჰორმონების, მეშვეობით არეგულირებს უჯრედებსა და ორგანოებს |
ჰორმონი | ქიმიური მესენჯერი, რომელიც რეგულატორული ნივთიერების როლს ასრულებს |
ჯირკვალი | ორგანო, რომელიც გამოყოფს ქიმიურ ნივთიერებებს, მაგალითად, ჰორმონებს |
ნერვული სისტემა
ნერვული სისტემა გარემოს შესახებ მიღებული ინფორმაციის შესაგროვებლად, დასამუშავებლად და საპასუხოდ ელექტრულ იმპულსებს იყენებს.
ნერვული სისტემის უჯრედები
უნიკალური სტრუქტურის გამო ნეირონების სპეციალური ფუნქციაა მთელ სხეულში ელექტრული იმპულსების მიღება და გადაცემა. ნეირონებს ეხმარებიან გლიური უჯრედები, რომლებიც გარს ერტყმიან, იცავენ და იზოლირებას უკეთებენ მათ.
ყველა ნეირონს რამდენიმე საერთო მახასიათებელი აქვს, მათ შორის უჯრედის სხეული, დენდრიტები, და აქსონი. ეს სტრუქტურები მნიშვნელოვანია ნერვული იმპულსების გადასაცემად — იმ ელექტრული სიგნალებისა, რომელთა მეშვეობითაც ნეირონები ერთმანეთს უკავშირდებიან.
ნეირონები სპეციალიზებულნი არიან მათი საჭირო ფუნქციების მიხედვით:
- სენსორულ ნეირონებს იმპულსები გადააქვთ გრძნობის ორგანოებიდან, მაგალითად, თვალებიდან და ყურებიდან.
- მოტორულ ნეირონებს იმპულსები გადააქვთ კუნთებსა და ჯირკვლებში.
- შუამდებარე ნეირონებს (ინტერნეირონებს) სიგნალები გადააქვთ სენსორულ და მოტორულ ნეირონებს შორის, აგრეთვე სხვა შუამდებარე ნეირონებს შორისაც.
მსვენებარე ნეირონში იონები ერთმანეთისგან გამოყოფილნი არიან, რასაც ნატრიუმ-კალიუმის ტუმბოები არეგულირებს. თუკი ნეირონი მიიღებს საკმარისად დიდ სიგნალს, მოსვენების პოტენციალი იცვლება და წარმოიქმნება ელექტრული იმპულსი, რომელსაც მოქმედების პოტენციალს ვუწოდებთ. იმპულსის აღძვრის შემდეგ ის ქვემოთ, აქსონში მიემართება და აქსონის ტერმინალს აღწევს.
ნერვული სისტემის ნაწილები
ნერვული სისტემა ორი ნაწილისგან შედგება: ცენტრალური ნერვული სისტემისა (ცნს-სა) და პერიფერიული ნერვული სისტემისაგან (პნს-საგან).
ცნს თავისა და ზურგის ტვინისგან შედგება. სხეულისთვის მიცემული ბრძანებები თავის ტვინში იწარმოება, ზურგის ტვინი კი თავის ტვინს სხეულში არსებულ სხვა ნერვებთან აკავშირებს.
შეგვიძლია, პნს კიდევ ორ ნაწილად დავშალოთ:
- სომატური ნერვული სისტემა (სნს) არეგულირებს ნებით აქტივობებს, მაგალითად, კუნთების მოძრაობას. ის აგრეთვე აკონტროლებს რეფლექსებს, მაგალითად, ღუმლის ცხელი ზედაპირიდან ხელის უეცრად აღებას.
- ავტონომიური ნერვული სისტემა (ანს) არეგულირებს იმ აქტივობებს, რომლებიც არ ექვემდებარება ცნობიერ კონტროლს. მას ერთმანეთის საპირისპირო ორი ქვედანაყოფი აქვს: სიმპათიკური და პარასიმპათიკური ნერვული სისტემები. სიმპათიკური ნერვული სისტემა სხეულს „იბრძოლე ან გაიქეცი“ რეაქციებისთვის ამზადებს, პარასიმპათიკური ნერვული სისტემა კი მოსვენების პერიოდების დროსაა აქტიური.
ენდოკრინული სისტემა
ნერვული სისტემის მსგავსად, ენდოკრინული სისტემაც რეგულატორული სისტემაა. მიუხედავად ამისა, სიგნალის გადასაცემად ქიმიური იმპულსების ნაცვლად ის იყენებს ქიმიურ სიგნალებს — ჰორმონებს. ჰორმონები სისხლის მიმოქცევით გადაიცემა და უჯრედებისა და ორგანოების აქტივობებს აკონტროლებს.
მთავარი ჰორმონები და ჯირკვლები
ჰორმონი | ჯირკვალი, რომელშიც წარმოიქმნება | როლი |
---|---|---|
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი | ფარისებრი ჯირკვალი | არეგულირებს მეტაბოლიზმს |
ადრენალინი (ეპინეფრინი) | თირკმელზედა ჯირკვალი | მონაწილეობს „იბრძოლე ან გაიქეცი“ ტიპის რეაქციებში |
კორტიზოლი | თირკმელზედა ჯირკვალი | მონაწილეობს „იბრძოლე ან გაიქეცი“ ტიპის რეაქციებში, არეგულირებს მეტაბოლიზმსა და იმუნურ პასუხებს |
ესტროგენი | საკვერცხეები | ორგანიზმის სქესობრივი და რეპროდუქციული განვითარება, დიდწილად ქალებში |
ტესტოსტერონი | სათესლე ჯირკვლები, ზოგჯერ თირკმელზედა ჯირკვლები ან საკვერცხეები | ორგანიზმის სქესობრივი და რეპროდუქციული განვითარება, დიდწილად მამაკაცებში |
ინსულინი | კუჭქვეშა ჯირკვალი | სისხლში შაქრის დონის რეგულაცია, ცხიმების შენახვა |
გლუკაგონი | კუჭქვეშა ჯირკვალი | სისხლში შაქრის დონის რეგულაცია |
ენდოკრინული სისტემის რეგულაცია
ენდოკრინული სისტემა რეგულირდება უარყოფითი უკუკავშირის მექანიზმებით, რომლებიც ჰომეოსტაზის შენარჩუნებას უწყობენ ხელს. ამგვარად იმართება ჰორმონების კონცენტრაცია და სხეულის სისტემებზე მათი ზეგავლენა.
მაგალითად, სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს ინსულინი და გლუკაგონი — ჰორმონები, რომლებსაც კუჭქვეშა ჯირკვალი (პანკრეასი) აწარმოებს.
როდესაც სისხლში შაქრის დონე მატულობს, პანკრეასი ათავისუფლებს ინსულინს, რომელიც ასტიმულირებს სისხლიდან გლუკოზას ამოღებას. ამის წყალობით სისხლში შაქრის დონე ძალიან მაღალ მაჩვენებლამდე ვერ ადის.
როდესაც სისხლში შაქრის კონცენტრაცია ეცემა, პანკრეასი ათავისუფლებს გლუკაგონს, რომელიც ასტიმულირებს გლიკოგენის დაშლას და გლუკოზას სისხლში უშვებს. ეს ზრდის სისხლში შაქრის დონეს და ის ნორმალურ მაჩვენებლამდე აყავს.
ხშირი შეცდომები და მცდარი წარმოდგენები
- მართალია, ზოგჯერ ნეირონები ნერვული სისტემის ყველაზე მარტივად ამოცნობადი უჯრედებია, მაგრამ მასში მხოლოდ ისინი არ არის! მეტიც, ნერვულ სისტემაში ნეირონებზე თითქმის 10-ჯერ მეტი გლიური უჯრედია. გლიური უჯრედები (იგივე ნეიროგლიები) ეხმარებიან ნეირონებს, მიუძღვიან და იცავენ მათ, მათ აქსონებს კი მიელინის გარსებით უზრუნველყოფენ.
- ჰორმონები მხოლოდ რეპროდუქციული სისტემის ნაწილი არ არის. მართალია, არსებობს რეპროდუქციული ჰორმონები, მაგალითად, ტესტოსტერონი და ესტროგენი, მაგრამ ჰორმონების დიდი ნაწილი არ მონაწილეობს რეპროდუქციულ სისტემაში ან არ რეგულირდება მის მიერ. მრავალი ჰორმონი აკონტროლებს სხეულის ისეთ ჩვეულებრივ ფუნქციებს, როგორებიცაა შიმშილი ან ძილის სურვილი.
- მართალია, ენდოკრინული სისტემაც და ნერვული სისტემაც რეგულატორულებია, მაგრამ მათ შორის რამდენიმე ფუნდამენტური განსხვავება არსებობს. ერთი მხრივ, ენდოკრინული სისტემა ქიმიურად გადასცემს სიგნალებს (ჯირკვლების მიერ წარმოებული ჰორმონების მეშვეობით), ნერვული სისტემა კი სიგნალებს ელექტრულად გადასცემს (ნერვული იმპულსების მეშვეობით). ნერვული სისტემაში სიგნალის გადაცემა სწრაფია, რადგან ნეირონები ურთიერთშეკავშირებულნი არიან, თუმცა ამ სიგნალების ფუნქციები უფრო ხანმოკლედ სრულდება. სიგნალის გადაცემა ენდოკრინულ სისტემაში უფრო ნელია, ვინაიდან ჰორმონებს სისხლის მიმოქცევის გავლა უწევთ, მაგრამ მათ მიერ გამოწვეული საპასუხო რეაქციები, როგორც წესი, ორგანიზმში უფრო დიდხანს ნარჩუნდება.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.