If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

იმუნური სისტემის მიმოხილვა

საკვანძო ტერმინები

ტერმინიმნიშვნელობა
პათოგენიდაავადების გამომწვევი ორგანიზმი, მათ შორის ბაქტერიები
ანტიგენიმოლეკულა, რომელიც ასტიმულირებს იმუნურ პასუხს
თანდაყოლილი იმუნური სისტემაარასპეციფიკური იმუნური სისტემა
შეძენილი იმუნური სისტემაანტიგენსპეციფიკური იმუნური სისტემა
ანტისხეულიY ფორმის სპეციალიზებული ცილა, რომლებიც ანტიგენებს ნიშნავს განადგურებისთვის
B-უჯრედი (B-ლიმფოციტი)სისხლის თეთრი უჯრედები, რომლებიც წარმოქმნიან ანტისხეულებს და იმუნოლოგიურ მეხსიერებას უწყობენ ხელს
T-უჯრედი (T-ლიმფოციტი)სისხლის თეთრი უჯრედები, რომლებიც სპეციალიზდებიან B-უჯრედების დახმარებაზე (დამხმარე T) და დაინფიცირებული უჯრედების დახოცვაზე (მკვლელი T)
ჰუმორული (ანტისხეულებით განპირობებული) იმუნიტეტიშეძენილი იმუნური დაცვა, რომელიც დამოკიდებულია ანტისხეულების მოქმედებაზე
უჯრედული იმუნიტეტიშეძენილი იმუნური დაცვა, რომლის დროსაც უცხო უჯრედებს T-უჯრედები ანადგურებენ
ვირუსიარაცოცხალი ნაწილაკი, რომელიც შეიცავს ცილასა და დნმ-ს/რნმ-ს და რომელსაც ცოცხალი უჯრედის დაინფიცირება შეუძლია
ვაქცინაპათოგენის მკვდარი ან შესუსტებული ფორმა, რომელიც სხეულში ინიექცირების (შეყვანის) შემდეგ იმუნიტეტს ავითარებს

ინფექციური დაავადება

ინფექციურ დაავადებებს იწვევენ ვირუსები, ბაქტერიები, სოკოები, პროტისტები და სხვა პათოგენები.
პათოგენები ხშირ შემთხვევაში ხველების, დაცემინებისა და ადამიანებს შორის ფიზიკური კონტაქტის გზით გადაიცემა. მათი გავრცელება ხდება აგრეთვე სასმელი წყლის დაბინძურებით ან სხეულის სითხეების მიმოცვლით, მათ შორის სქესობრივი კავშირით ან

არასპეციფიკური დაცვა: თანდაყოლილი იმუნური სისტემა

ადამიანს სხეულს აქვს მთელი წყება არასპეციფიკური დაცვებისა, რომლებიც შეადგენენ თანდაყოლილ იმუნურ სისტემას. ეს დაცვითი მექნიზმები რომელიმე კონკრეტული პათოგენის წინააღმდეგ კი არ არის მიმართული, არამედ ყველანაირი ინფექციისგან თავის დაცვას უზრუნველყოფენ.

დაცვის პირველი ხაზი

სხეულის ყველაზე მნიშვნელოვანი არასპეციფიკური დაცვაა კანი, რომელიც პათოგენების საწინააღმდეგო ფიზიკურ ბარიერს წარმოადგენს. კანში არსებული ღრუებიც კი (მაგალითად, პირი და თვალები), ნერწყვით, ლორწოთი და ცრემლებითაა დაცული, რომლებიც, თავის მხრივ, ბაქტერიების უჯრედის კედლების დამშლელ ფერმენტს შეიცავენ.

დაცვის მეორე ხაზი

თუკი პათოგენი მაინც მოახერხებს სხეულში შეღწევას, იქ ის მეორეულ არასპეციფიკურ დაცვებს გადააწყდება.
სურათი, რომელზეც ნაჩვენებია სისხლის წითელი უჯრედების მიერ ქიმიური ნივთიერებების გამოყოფა ანთებითი პასუხის ინდუცირებისთვის
ანთებითი პასუხი. სურათ ოპენსტაქსიდან, CC BY 4,0
ანთებითი პასუხი (რეაქცია) იწყება მაშინ, როდესაც პათოგენი ასტიმულირებს სისხლის დინების ზრდას დაინფიცირებულ უბანში. ამ უბნის სისხლძარღვები ფართოვდება და სისხლის თეთრი უჯრედები გამოდიან სისხლძარღვებიდან, რათა დაინფიცირებულ ქსოვილს შეუტიონ. სისხლის ეს თეთრი უჯრედები, რომლებსაც ფაგოციტები ეწოდება, შთანთქავენ და ანადგურებენ ბაქტერიებს. ანთებითი პასუხის დროს ეს უბანი ხშირად წითელი, შეშუპებული და მტკივნეულია.
პათოგენის შემოჭრის შემდეგ იმუნურმა სისტემამ აგრეთვე შეიძლება გამოათავისუფლოს ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ზრდიან სხეულის ტემპერატურას და იწვევენ სიცხეს. სხეულის გაზრდილი ტემპერატურა ანელებს ან აჩერებს პათოგენების ზრდას და იმუნური პასუხის სისწრაფეს ზრდის.

სპეციფიკური დაცვა: შეძენილი იმუნური სისტემა

როდესაც პათოგენები ახერხებენ თანდაყოლილი იმუნური სისტემის დაცვითი მექანიზმების გავლას, აქტიურდება შეძენილი იმუნური სისტემა.
უჯრედის სხეულებს სპეციფიკური მარკერები აქვთ, რომელთა მეშვეობითაც ისინი „მედ“ მოინიშნება, რაც იმუნურ სისტემას აუწყებს, რომ მათ არ უნდა შეუტიოს.
როდესაც იმუნური სისტემა პათოგენებს „არა-მედ“ ამოიცნობს, ის უჯრედულ და ქიმიურ თავდაცვით მექანიზმებს იყენებს შესატევად. ახალ პათოგენთან შეხვედრისას შეძენილი იმუნური სისტემა ხშირად „იმახსოვრებს“ მას, რისი მეშვეობითაც იმავე პათოგენის ხელმეორე შემოჭრის შემთხვევაში უფრო სწრაფად უმკლავდება მას.
სპეციფიკურ იმუნურ რეაქციებს ანტიგენები აღძრავენ. ანტიგენები, როგორც წესი, პათოგენების ზედაპირზე გვხვდებიან და მხოლოდ მათთვის დამახასიათებელნი არიან. იმუნური სისტემა ანტიგენების საპასუხოდ აწარმოებს უჯრედებს, რომლებიც პირდაპირ უტევენ პათოგენს, ან აწარმოებს სპეციალურ ცილებს, ანტისხეულებს. ანტისხეულები ანტიგენს ებმის და იზიდავს უჯრედებს, რომლებიც შთანთქავენ და გაანადგურებენ პათოგენს.
იმუნური სისტემის მთავარი უჯრედებია ლიმფოციტები, რომლებსაც აგრეთვე B-უჯრედებს (B-ლიმფოციტებს) და T-უჯრედებს (T-ლიმფოციტებს) უწოდებენ. B-უჯრედები ძვლის ტვინში იწარმოება და იქვე მწიფდება. T-უჯრედებიც ძვლის ტვინში იწარმოება, თუმცა მათი მომწიფება თიმუსში (მკერდუკანა ჯირკვალში) ხდება.

ჰუმორული იმუნიტეტი

ჰუმორული (ანტისხეულებით განპირობებული) იმუნიტეტი დამოკიდებულია სხეულში ცირკულირებადი ანტისხეულების მოქმედებებზე.
ჰუმორული იმუნიტეტი იწყება მაშინ, როდესაც B-უჯრედის ანტისხეული ანტიგენს ებმის. შემდეგ B-უჯრედი ითვისებს ანტიგენს და წარუდგენს მას სპეციალიზებულ დამხმარე T-უჯრედს, რომელიც, თავის მხრივ, B-უჯრედს ააქტიურებს.
გააქტიურებული B-უჯრედი სწრაფად იზრდება და წარმოქმნის პლაზმურ უჯრედებს (პლაზმოციტებს), რომლებიც სისხლში ათავისუფლებენ ანტისხეულებს, და მეხსიერების B-უჯრედებს, რომლებიც ინახავენ ინფორმაციას პათოგენის შესახებ, რათა სამომავლოდაც შენარჩუნდეს მის მიმართ იმუნიტეტი.

უჯრედული იმუნიტეტი

მარტოოდენ ანტისხეულები ხშირად არ არის საკმარისი პათოგენებისგან სხეულის დასაცავად. ამ შემთხვევებში იმუნური სისტემა იყენებს უჯრედულ იმუნიტეტს, რათა სხეულის ინფიცირებული უჯრედები გაანადგუროს.
T-უჯრედები პასუხისმგებელნი არიან უჯრედულ იმუნიტეტზე. მკვლელი T-უჯრედები (ციტოტოქსიკური T-უჯრედები) სხეულის ინფიცირებული უჯრედების განადგურებაში მონაწილეობენ მათში ტოქსინებს გამოთავისუფლებისა და აპოპტოზის დაწყების გზით. დამხმარე T-უჯრედები სხვა იმუნურ უჯრედებს ააქტიურებენ.

ვაქცინები

ვაქცინები ანტიგენის ამოცნობისა და ანტისხეულების საპასუხო რეაქციის გამოყენებით მოქმედებს. ვაქცინა შეიცავს დაავადების გამომწვევი პათოგენის ანტიგენებს. მაგალითად, ყვავილის (დაავადების) ვაქცინა შედგება ყვავილისთვის დამახასიათებელი ანტიგენებისგან. როდესაც ადამიანს ყვავილზე ცრიან, იმუნური სისტემა ვაქცინაციას ანტისხეულების მწარმოებელი უჯრედების სტიმულირებით პასუხობს, მათ კი ყვავილის საწინააღმდეგო ანტისხეულების წარმოქმნა შეუძლიათ. შედეგად, თუკი სხეული მომავალში ყვავილს გადაეყრება, ის მზად იქნება მასთან საბრძოლველად.

ვირუსის სტრუქტურა

ვირუსები ინფექციური ნაწილაკებია, რომლებიც მრავლდებიან მასპინძელი უჯრედის „გატაცებით“ და უფრო მეტი ვირუსის წარმოსაქმნელად მისი მექანიზმის გამოყენებით.
ვირუსის დიაგრამა. გარე შრე მემბრანული გარეგანი გარსია. გარეგანი გარსის შიგნით მოთავსებულია ცილოვანი კაფსიდი, რომელიც ნუკლეინის მჟავის გენომს შეიცავს.
სურათი სახეცვლილია ვიკიმედიიდან, CC BY-SA 2,5
მრავალი ტიპის ვირუსი არსებობს. ისინი ერთმანეთისგან სტრუქტურით, გენომითა და მასპინძლის სპეციფიკურობით განსხვავდებიან. მიუხედავად ამისა, ვირუსებს რამდენიმე საერთო მახასიათებელიც აქვთ. ყველა ვირუსი შეიცავს დამცავ ცილოვან შრეს, კაფსიდს, რომელშიც მოთავსებულია მათი ნუკლეინის მჟავის გენომი (დნმ ან რნმ).
ზოგიერთ ვირუსს აგრეთვე აქვს მემბრანული შრე, რომელსაც გარეგანი გარსი ეწოდება და რომელიც გარს არტყია კაფსიდს.

ვირუსული ინფექციის საფეხურები

ვირუსები მასპინძელი უჯრედების ინფიცირების გზით მრავლდებიან. ისინი ვირუსული დნმ-ის ან რნმ-ის ინსტრუქციებით უზრუნველყოფენ მასპინძელ უჯრედებს და უფრო მეტი ვირუსის წარმოსაქმნელად იყენებენ მათ რესურსებს.
ვირუსული ინფექციის საფეხურები, წარმოდგენილი + სენს რნმ გენომის მქონე ვირუსისთვის.
  1. მიბმა. ვირუსი ებმის უჯრედის ზედაპირზე არსებულ რეცეპტორს.
  2. შესვლა. ვირუსი ენდოციტოზის გზით შედის უჯრედში. ციტოპლაზმაში კაფსიდი იშლება და ათავისუფლებს რნმ-გენომს.
  3. რეპლიკაცია და გენის ექსპრესია. რნმ გენომი კოპირდება (ვირუსული ცილის მეშვეობით, რაც არ არის ნაჩვენები სურათზე) და მასპინძელი უჯრედის რიბოსომების გამოყენებით „ითარგმნება“ (ტრანსლაციას განიცდის) ვირუსულ ცილებად. წარმოქმნილ ვირუსულ ცილებს შორისაა კაფსიდური ცილებიც.
  4. აწყობა. კაფსიდური ცილები და რნმ-გენომები ერთიანდება ახალი ვირუსული ნაწილაკების წარმოსაქმნელად.
  5. გამოსვლა. უჯრედი ლიზისს განიცდის (იშლება) და ათავისუფლებს ვირუსულ ნაწილაკებს, რომლებსაც შეუძლიათ სხვა მასპინძელი უჯრედების დაინფიცირება.
  1. ვირუსი ამოიცნობს და ებმის მასპინძელ უჯრედს მის ზედაპირზე არსებული რეცეპტორი მოლეკულის მეშვეობით.
  2. ვირუსი ან მისი გენეტიკური მასალა უჯრედში შედის.
  3. ვირუსული გენომი კოპირდება, მისი გენები კი ექსპრესირდება ვირუსული ცილების საწარმოებლად.
  4. გენომის ასლებისა და ვირუსული ცილებისგან ახალი ვირუსული ნაწილაკები იგება.
  5. დასრულებული ვირუსული ნაწილაკი ტოვებს უჯრედს და მზადაა სხვა უჯრედების დასაინფიცირებლად.

ხშირი შეცდომები და მცდარი წარმოდგენები

  • ყველა ბაქტერია პათოგენი არ არის. რეალურად, ბაქტერიების უდიდესი ნაწილი უწყინარია. მეტიც, მათ გარეშე ჩვენ ვერც კი გადავრჩებოდით! ბაქტერიები გვეხმარებიან საჭმლის მონელებაში, ვიტამინების წარმოქმნაში და ისინი აგრეთვე დუღილის აგენტების როლს ასრულებენ გარკვეული საჭმლების მომზადებაში.
    ზოგიერთი ბაქტერია აგრეთვე ავსებს ნიშებს, რომლებიც სხვაგვარად პათოგენური ბაქტერიებისთვის იქნებოდა ღია. მაგალითად, ანტიბიოტიკების გამოყენებამ შეიძლება გაანადგუროს გასტროინტესტინალური (კუჭ-ნაწლავის) ფლორა. ეს კონკურენტ პათოგენურ ბაქტერიებს ცარიელი ნიშის შევსების საშუალებას აძლევს, რასაც შეიძლება ფაღარათი და კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება მოყვეს.
  • ზოგიერთი დაავადება თითქმის სრულად განადგურდა ვაქცინების მეშვეობით. მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ამ დაავადებების საწინააღმდეგო ვაქციანცია. მათი დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არსებობს ადამიანთა პოპულაციაში და ვაქცინების სამომავლო გამოყენების გარეშე ჯერ კიდევ არის იმის საშიშროება, რომ ეს დაავადებები ისევ გავრცელდება ადამიანებს შორის.
  • ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ვაქცინები დაავადებისადმი მუდმივ იმუნიტეტს ავითარებს. ზოგიერთი დაავადებისთვის ერთი ვაქცინა საკმარისია, მაგრამ არსებობს მრავალი ისეთი დაავადება, რომელთაგან დასაცავადაც ერთზე მეტჯერ ვაქცინაციაა საჭირო.
    მაგალითად, ინფლუენცას (გრიპის) ვაქცინა დროთა განმავლობაში კარგავს ეფექტურობას, რადგან ინფლუენცას ვირუსი სწრაფად განიცდის მუტაციას. შესაბამისად, გრიპის ვაქცინის ფორმულირება ყოველწლიურად იცვლება, რათა უზრუნველიყოს მოსალოდნელი სპეციფიკური ვირუსებისგან დაცვა.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.