ძირითადი მასალა
დამამთავრებელი კლასების ბიოლოგია
კურსი: დამამთავრებელი კლასების ბიოლოგია > თემა 8
გაკვეთილი 4: საჭმლის მომნელებელი და ექსკრეტორული სისტემებისაჭმლის მომნელებელი და გამომყოფი სისტემების მიმოხილვა
საკვანძო ტერმინები
ტერმინი | მნიშვნელობა |
---|---|
საჭმლის მომნელებელი სისტემა | სხეულის სისტემა, რომელიც საჭმელს ენერგიად და საკვებ ნივთიერებებად გარდაქმნის, რათა სხეულს საწვავი მიაწოდოს |
ქიმიური მონელება | საჭმლის დაშლა ქიმიური აგენტების, მაგალითად, ფერმენტებისა და ნაღველის, მეშვეობით |
მექანიკური მონელება | საჭმლის დაშლა ფიზიკური ხერხებით, მაგალითად, ღეჭვით |
აბსორბცია | პროცესი, რომლითაც საკვები ნივთიერებები საჭმლის მომნელებელი სისტემი კედლებს გადის და სისხლში გადადის |
ექსკრეტორული სისტემა | სხეულის სისტემა, რომელიც სხეულიდან იშორებს მეტაბოლურ ნარჩენებს |
ექსკრეცია | ნარჩენებისა და ჭარბი წყლის სხეულიდან მოშორების პროცესი |
საჭმლის მომნელებელი სისტემა
ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემა საჭმელს მცირე მოლეკულებად შლის, რომლებიც შემდეგ სხეულის უჯრედების მიერ გამოიყენება.
საჭმლის მონელება მაშინ იწყება, როდესაც საჭმელი პირში (პირის ღრუში) ხვდება. აქ მექანიკური მონელებაც ხდება და ქიმიურიც. კბილები ანაკუწებს და შლის საჭმელს (მექანიკური), ხოლო ნერწყვში არსებული ფერმენტი, რომელსაც ამილაზა ეწოდება, ნახშირწყლების დაშლას იწყებს (ქიმიური).
გადაყლაპვის შემდეგ დაღეჭილი საჭმელი (რომელსაც ახლა უკვე ბოლუსი ეწოდება) საყლაპავ მილში ჩადის. საყლაპავი მილი ერთმანეთთან აკავშირებს პირის ღრუსა და კუჭს, თუმცა მასში მონელება არ ხდება.
ბოლუსი შემდეგ კუჭში ჩადის, სადაც მექანიკური და ქიმიური მონელება ხდება. კუჭის კედელში არსებული კუნთები დღვებენ ბოლუსს (მექანიკური), რისი მეშვეობითაც ის მომნელებელ ფერმენტებსა და კუჭის წვენთან ირევა (ქიმიური). ეს პროცესი ბოლუსს გარდაქმნის თხევად მასად, რომელსაც ქიმუსი ეწოდება.
მონელება კუჭში რამდენიმე საათი გრძელდება. ამ დროის განმავლობაში ფერმენტი პეპსინი საკვებში არსებული ცილების დიდ ნაწილს შლის.
ქიმუსი ნელ-ნელა გადადის წვრილ ნაწლავში, სადაც ქიმიური მონელების დიდი ნაწილი მიმდინარეობს. ნაღველი, რომელიც ღვიძლში იწარმოება, ნაღვლის ბუშტიდან გამოთავისუფლდება და ცხიმების დაშლას უწყობს ხელს. ამასთანავე პანკრეასისა (კუჭქვეშა ჯირკვლისა) და ნაწლავების კედლების ფერმენტები ქიმუსში ირევა და მონელების უკანასკნელ საფეხურს იწყებს.
საკვები ნივთიერებების შეწოვა (აბსორბცია) დიდწილად წვრილ ნაწლავში ხდება. საკვები ნივთიერებები მის კედლებში შეიწოვება, სისხლის მიმოქცევის სისტემაში გადადის და იმ დროისთვის, როდესაც ქიმუსი წვრილ ნაწლავს ტოვებს, მასში მხოლოდ წყალი და მოუნელებელი ნივთიერებები რჩება.
შემდეგ ქიმუსი მსხვილ ნაწლავში გადადის. აქ მას წყალი შორდება, ბაქტერიები კი მოუნელებელ ნივთიერებებს შლიან და მნიშვნელოვან ნაერთებს წარმოქმნიან (მაგალითად, K ვიტამინს). დარჩენილ კონცენტრირებულ ნარჩენ მასალას ფეკალიები (ექსკრემენტები) ეწოდება. ისინი სწორ ნაწლავში (რექტუმში) გადადის და ანუსიდან ტოვებს სხეულს.
დამხმარე ორგანოები
დამხმარე ორგანოები საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნაწილი არ არის, მაგრამ ისინი მონელებას უწყობს ხელს. მათ შორისაა:
- სანერწყვე ჯირკვლები: ასველებენ საჭმელს და სახამებლების ქიმიურ მონელებას იწყებენ.
- ღვიძლი: წარმოქმნის ცხიმების მონელებისთვის საჭირო ნაღველს, წმენდს სისხლს და ამუშავებს შეწოვილ ვიტამინებს
- ნაღვლის ბუშტი: ინახავს ღვიძლის მიერ წარმოებულ ნაღველს
- კუჭქვეშა ჯირკვალი: იგივე პანკრეასი; გამოყოფს პანკრეასის წვენს, რათა ხელი შეუწყოს ცილებისა და ნახშირწყლების მონელებას
ექსკრეტორული სისტემა
ექსკრეტორული სისტემა სხეულიდან იშორებს მეტაბოლურ ნარჩენებს.
ექსკრეციის მთავარი ორგანოებია თირკმლები, ლობიოს ფორმის მქონე ორგანოების წყვილი, რომელიც ღვიძლის ქვემოთაა განლაგებული. თირკმლები ფილტრავენ სისხლს და არეგულირებენ სხეულში წყლის ბალანსს.
ექსკრეციაში კიდევ რამდენიმე სხვა ორგანოც მონაწილეობს, მათ შორის:
- კანი, რომელიც ოფლის სახით იშორებს ჭარბ წყალსა და მარილს,
- ფილტვები, რომლებიც ამოისუნთქავს ნახშირორჟანგს და
- ღვიძლი, რომელიც შლის სისხლში არსებულ ტოქსიკურ ნივთიერებებს და აზოტშემცველ ნარჩენებს შარდოვანად გარდაქმნის
საშარდე ტრაქტი
საშარდე ტრაქტი ექსკრეტორული სისტემის მთავარი ნაწილია. ის სისხლს ნარჩენებისა და წყლისგან ფილტრავს და მათ სხეულიდან იშორებს.
სპეციალური ფუნქციური ერთეულების, ნეფრონების, მეშვეობით თირკმლებში იწარმოება ნარჩენი პროდუქტი — შარდი. მოგვიანებით შარდი სხეულიდან გამოიყოფა. ეს პროცესი სამ საფეხურად მიმდინარეობს:
- გაფილტვრა: სისხლი შედის ნეფრონში, რომელიც მას მინარევებისგან ფილტრავს.
- რეაბსობრცია: მინარევები მილაკებში მოძრაობს, სისხლის დანარჩენი ნაწილი კი ხელახლა შეიწოვება (რეაბსორბირდება) კაპილარის კედლებში და სისხლში გადადის.
- ექსკრეცია: შარდი თირკმლებიდან შარდსაწვეთებით გადადის შარდის ბუშტში, სადაც ის მანამ რჩება, სანამ შარდსადენიდან არ გამოიყოფა.
ხშირი შეცდომები და მცდარი წარმოდგენები
- საჭმლის მონელება კუჭში არ იწყება. მართალია, მონელების რაღაც ნაწილი კუჭში ხდება, მაგრამ ეს პროცესი ჯერ კიდევ პირის ღრუში იწყება, სადაც საკვებზე ღეჭვა და ნერწყვში არსებული ამილაზა მოქმედებს.
- საჭმლის მომნელებელი სისტემა არ წარმოქმნის შარდს. ზოგიერთ ადამიანს ჰგონია, რომ საჭმლის მომნელებელ სისტემას ორი „საბოლოო პროდუქტი“ აქვს — ფეკალიები და შარდი. მიუხედავად ამისა, შარდი ექსკრეტორულ სისტემაში წარმოიქმნება და არა — საჭმლის მომნელებელში.
- წვრილი ნაწლავი მსხვრილ ნაწლავზე უფრო გრძელია. მეტიც, წვრილი ნაწლავი დაახლოებით 20 ფუტის (6 მეტრის) სიგრძისაა და ოთხჯერ უფრო გრძელია, ვიდრე მსხვილი ნაწლავი (რომელიც 5 ფუტის, ანუ 1.5 მეტრის, სიგრძისაა)! მიუხედავად ამისა, ნაწლავებს სახელები მათი დიამეტრების გამო ეწოდა და არა — სიგრძის. მსხვილი ნაწლავის დიამეტრი დაახლოებით 3 დუიმია (7.62 სმ), წვრილი ნაწლავისა კი — 1 დუიმი (2.54 სმ).
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
- პეპსინს რომელი ორგანოიდი გამოყოფს?(1 მოწონება)