ძირითადი მასალა
დამამთავრებელი კლასების ბიოლოგია
კურსი: დამამთავრებელი კლასების ბიოლოგია > თემა 8
გაკვეთილი 2: სისხლის მიმოქცევისა და სასუნთქი სისტემებისასუნთქი სისტემის მიმოხილვა
საკვანძო ტერმინები
ტერმინი | მნიშვნელობა |
---|---|
სასუნთქი სისტემა | სხეულის სისტემა, რომელიც სხეულსა და გარემოს შორის აირების მიმოცვლაზეა პასუხისმგებელია |
ფარინქსი (ხახა) | მილი, რომელიც აკავშირებს ცხვირს/პირს საყლაპავ მილთან |
ლარინქსი (ხორხი) | მილი, რომელიც დერეფანს წარმოქმნის ხახასა და ტრაქეას შორის |
ტრაქეა | მილი, რომელიც ხორხს ფილტვების ბრონქებთან აკავშირებს |
ბრონქები | ტრაქეადან გამოტოტვილი ქსოვილის ტოტები |
ბრონქიოლა | საჰაერო გზა, რომელიც ბრონქიდანაა გამოწვერილი |
ალვეოლები | ფილტვების ის სტრუქტურები, რომლებშიც ხდება აირების მიმოცვლა |
დიაფრაგმა | თორაკალური (გულმკერდის) კუნთი, რომელიც ფილტვების ქვემოთ ძევს და ხელს უწყობს ჩასუნთქვას/ამოსუნთქვას |
სასუნთქი სისტემა
ფიზიოლოგიური სუნთქვის პროცესი ორი მთავარი ნაწილისგან შედგება: გარეგანი სუნთქვისა და შინაგანი სუნთქვისგან. გარეგანი სუნთქვა, რომელსაც უბრალოდ სუნთქვასაც უწოდებენ, მოიცავს როგორც ფილტვების ჰაერით მომარაგებას (ჩასუნთქვას), ისე ჰაერის ატმოსფეროში გამოთავისუფლებას (ამოსუნთქვას). შინაგანი სუნთქვის დროს ჟანგბადი და ნახშირორჟანგი მიმოიცვლება უჯრედებსა და სისხლძარღვებს შორის.
სუნთქვა იწყება ცხვირით ან პირით, სადაც ჟანგბადიანი ჰაერი შედის მანამ, სანამ ის ჩაეშვება ხახაში, ხორხსა და ტრაქეაში. ტრაქეა იტოტება ბრონქებად, რომელთაგან თითოეულიც ფილტვებში ეშვება. ბრონქები იყოფა უფრო პატარა ბრონქებად, საბოლოოდ კი კიდევ უფრო პატარა მილაკებად, რომლებსაც ბრონქიოლები ეწოდება. ბრონქიოლების ბოლოებში არის საჰაერო პარკები, რომლებსაც ალვეოლები ეწოდება და სწორედ ესაა ის ადგილი, სადაც აირის მიმოცვლა ხდება.
სუნთქვის პროცესის მნიშვნელოვანი სტრუქტურაა დიაფრაგმა. როდესაც დიაფრაგმა იკუმშება, ის ბრტყელდება და ფილტვები ფართოვდება, რითაც ჰაერი ფილტვებში ჩაედინება. როდესაც დიაფრაგმა მოდუნებულია, ჰაერი უკან ამოდის და ფილტვები მისგან იცლება.
ხშირი შეცდომები და მცდარი წარმოდგენები
- ფიზიოლოგიური სუნთქვა და უჯრედული სუნთქვა ერთი და იგივე არ არის. ადამიანები სიტყვა „სუნთქვას“ ზოგჯერ უჯრედული სუნთქვის აღსანიშნავად იყენებენ, რომელიც უჯრედული პროცესია და რომლის დროსაც ნახშირწყლები ენერგიად გარდაიქმნება. ეს ორი პროცესი ერთმანეთს უკავშირდება, თუმცა ისინი ერთი და იგივე არ არის.
- ჩვენ არ ვისუნთქავთ მხოლოდ ჟანგბადს და არ ამოვისუნთქავთ მხოლოდ ნახშირორჟანგს. ზოგჯერ „ჟანგბადი“ და „ჰაერი“ ურთიერთჩანაცვლებად ტერმინებად გამოიყენება. მართალია, რომ ჰაერი, რომელსაც ჩავისუნთქავთ, უფრო მეტ ჟანგბადს შეიცავს, ვიდრე ის ჰაერი, რომელსაც ამოვისუნთქავთ; აგრეთვე იმ ჰაერში, რომელსაც ამოვისუნთქავთ, უფრო მეტი ნახშირორჟანგია, ვიდრე იმაში, რომელსაც ჩავისუნთქავთ. მიუხედავად ამისა, ჟანგბადი მხოლოდ ერთ-ერთი აირია იმ ჰაერში, რომლითაც ვსუნთქავთ (მეტიც, ჰაერი უფრო მეტ აზოტს შეიცავს, ვიდრე ჟანგბადს!).
- ორგანიზმში ჟანგბადის გადატანაში მხოლოდ სასუნთქი სისტემა არ მონაწილეობს. სასუნთქი სისტემა უშუალოდ მოქმედებს სისხლის მიმოქცევის სისტემასთან ერთად, რათა ჟანგბადი მთელ სხეულს მიაწოდოს. სასუნთქი სისტემიდან აღებული ჟანგბადი მოძრაობს სისხლძარღვებში, რომლებითაც შემდეგ ჟანგბადით გაჯერებული სისხლი ქსოვილებსა და უჯრედებს მიეწოდება.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.