ძირითადი მასალა
დამამთავრებელი კლასების ბიოლოგია
კურსი: დამამთავრებელი კლასების ბიოლოგია > თემა 8
გაკვეთილი 2: სისხლის მიმოქცევისა და სასუნთქი სისტემებისისხლის მიმოქცევის სისტემის მიმოხილვა
საკვანძო ტერმინები
ტერმინი | მნიშვნელობა |
---|---|
სისხლის მიმოქცევის სისტემა | სხეულის სისტემა, რომელიც პასუხისმგებელია მთელ სხეულში სისხლის, საკვები ნივთიერებებისა და ნარჩენების გადატანაზე |
კარდიალური | გულის; გულთან დაკავშირებული |
პულმონარული | სასუნთქი; ფილტვებთან დაკავშირებული |
არტერია | სისხლძარღვი, რომელსაც სისხლი გულიდან გადააქვს |
ვენა | სისხლძარღვი, რომელიც სისხლს გულში აბრუნებს |
აორტა | მთავარი არტერია, რომელსაც სისხლი სისხლის მიმოქცევის დიდ წრეზე გადააქვს |
კაპილარი | მცირე ზომის სისხლძარღვი, რომელიც საკვები ნივთიერებების მიმოცვლის საშუალებას იძლევა |
წინაგული | გულის ზედა საკანი |
პარკუჭი | გულის ქვედა საკანი |
სისხლის მიმოქცევის სისტემა
სისხლის მიმოქცევის სისტემა სისხლისგან, სისხლძარღვებისა და გულისგან შემდგარი ქსელია. ეს ქსელი სხეულის ქსოვილებს ჟანგბადითა და სხვა საკვები ნივთიერებებით ამარაგებს, გადააქვს ჰორმონები და იშორებს არასაჭირო ნარჩენ პროდუქტებს.
გული
გული სპეციალიზებული კარდიალური (გულის) კუნთოვანი ქსოვილისგან შედგება, რომელიც მას სისხლის მიმოქცევის სისტემაში ტუმბოს როლის შესრულების საშუალებას აძლევს.
ადამიანის გული ოთხი საკნისგან შედგება. გულის თითოეულ მხარეს არის ერთი წინაგული და ერთი პარკუჭი. წინაგულები სისხლს იღებენ, პარკუჭები კი ტუმბავენ.
ადამიანის სისხლის მიმოქცევის სისტემა რამდენიმე წრისგან შედგება:
- სისხლის მიმოქცევის მცირე (ფილტვის) წრე უზრუნველყოფს სისხლის მიმოქცევას გულსა და ფილტვებს შორის.
- სისხლის მიმოქცევის დიდი წრე სისხლის დანარჩენ სხეულში დინების საშუალებას იძლევა.
- გვირგვინოვანი მიმოქცევა სისხლით ამარაგებს გულს (არ არის წარმოდგენილი ქვემოთ მოცემულ სურათზე).
სისხლი და სისხლძარღვები
სისხლძარღვების მეშვეობით სისხლი გულიდან მთელ სხეულში იტუმბება. არტერიებს სისხლი გულიდან გამოაქვს და კაპილარებში გადააქვს, რისი მეშვეობითაც ქსოვილებსა და უჯრედებს ჟანგბადით (და სხვა საკვები ნივთიერებებით) უზრუნველყოფს. ჟანგბადის მოშორების შემდეგ სისხლი უკან, ფილტვებში გადადის, სადაც ის ისევ იღებს ჟანგბადს და ვენების მეშვეობით ბრუნდება გულში.
სისხლის მიმოქცევის დიდი წრის მთავარი არტერიაა აორტა, რომელიც სხვა არტერიებად იტოტება და რომელსაც სისხლი სხეულის სხვადასხვა ნაწილში გადააქვს.
ხშირი შეცდომები და მცდარი წარმოდგენები
- არტერიებს, როგორც წესი, ჟანგბადით გაჯერებული სისხლი გადააქვს, ვენებს კი, როგორც წესი, უჟანგბადო სისხლი. უმეტესწილად ეს ასეა. მიუხედავად ამისა, პულმონარული (ფილტვის) არტერიები და ვენები გამონაკლისს წარმოადგენენ. ფილტვის ვენებს ჟანგბადით გაჯერებული სისხლი გადააქვთ გულის მიმართულებით, ფილტვის არტერიებს კი უჟანგბადო სისხლი გამოაქვთ გულიდან.
- სისხლი ყოველთვის წითელია. ვენები ჩვენს კანზე ლურჯად მოჩანს, რის გამოც ზოგიერთ ადამიანს ჰგონია, რომ უჟანგბადო სისხლი ლურჯია. მიუხედავად ამისა, ეს ასე არ არის! სისხლი ლურჯად მხოლოდ ქსოვილების მიერ სინათლის შთანთქმისა და ჩვენი თვალების მიერ ფერების აღქმის გამო მოჩანს. მართალია, ჟანგბადი გავლენას ახდენს სისხლის „სიკაშკაშეზე“ (მეტი ჟანგბადით ის უფრო კაშკაშა წითელი ხდება, ნაკლებით კი — უფრო მუქი), მაგრამ ის არასდროსაა ლურჯი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.