ძირითადი მასალა
დამამთავრებელი კლასების ბიოლოგია
კურსი: დამამთავრებელი კლასების ბიოლოგია > თემა 8
გაკვეთილი 1: სხეულის სტრუქტურა და ჰომეოსტაზისხეულის სტრუქტურისა და ჰომეოსტაზის მიმოხილვა
საკვანძო ტერმინები
ტერმინი | მნიშვნელობა |
---|---|
ჰომეოსტაზი | ცვლილებისადმი მდგრადობის ტენდენცია, რათა შენარჩუნდეს სტაბილური, შედარებით მუდმივი შინაგანი გარემო |
უარყოფითი უკუკავშირის მარყუჟი | უკუკავშირის მარყუჟი, რომელიც გამომწვევი სტიმულის საპირისპიროდ მოქმედებს |
დადებითი უკუკავშირის მარყუჟი | უკუკავშირის მარყუჟი, რომელიც აძლიერებს საწყის სიგნალს |
უჯრედი | სიცოცხლის უმცირესი ერთეული |
ქსოვილი | ჯგუფი მსგავსი უჯრედებისა, რომლებიც განსაზღვრულ სამუშაოს ასრულებენ ერთად |
ორგანო | სტრუქტურა, რომელიც შედგება ორი ან მეტი ქსოვილისგან და ისეა მოწყობილი, რომ განსაზღვრული ფუნქცია შეასრულოს |
ორგანოთა სისტემა | მსგავსი ფუნქციების მქონე ორგანოების ჯგუფი |
ჰომეოსტაზის შენარჩუნება
სხეული მრავალი ფაქტორის მიმართ ინარჩუნებს ჰომეოსტაზს. მათ შორისაა სხეულის ტემპერატურა, სისხლში შაქრის დონე და pH დონეები.
ჰომეოსტაზი მრავალ დონეზე ნარჩუნდება და არა — მხოლოდ მთლიანი სხეულის დონეზე, როგორც ეს ტემპერატურის შემთხვევაშია. მაგალითად, კუჭი ინარჩუნებს ისეთ pH-ს, რომელიც განსხვავდება მისი გარშემომყოფი ორგანოების pH-ისგან, და თითოეული უჯრედი ინარჩუნებს იონთა იმ კონცენტრაციებს, რომლებიც გარშემო არსებული სითხის კონცენტრაციებისგან განსხვავებულია. თითოეულ დონეზე ჰომეოსტაზის შენარჩუნება საკვანძოა სხეულის მთლიანი ფუნქციონირების შესანარჩუნებლად.
უკუკავშირის მარყუჟები
ჰომეოსტაზი, როგორც წესი, მოიცავს უარყოფითი უკუკავშირის მარყუჟებს, რომლებიც ანეიტრალებს სხეულის სხვადასხვა მახასიათებლის გადახრებს ოპტიმალური მნიშვნელობიდან. უარყოფითი უკუკავშირის მარყუჟის მაგალითია სხეულის ტემპერატურის რეგულაცია.
უარყოფითი უკუკავშირის მარყუჟების საპირისპიროდ, დადებითი უკუკავშირის მარყუჟები აძლიერებს საწყის სტიმულს. სხვაგვარად თუ ვიტყვით, ისინი სისტემას მის საწყის მდგომარეობას აშორებენ.
სხეულის აგებულება
სხეულს აქვს ორგანიზაციის დონეები, რომლებიც ერთმანეთზეა აგებული. უჯრედები აგებენ ქსოვილებს, ქსოვილები ქმნიან ორგანოებს, ხოლო ორგანოები — ორგანოთა სისტემებს.
ორგანიზაციის თითოეულ დონეზე (უჯრედები, ქსოვილები, ორგანოები და ორგანოთა სისტემები) სტრუქტურა მჭიდროდ უკავშირდება ფუნქციას.
ხშირი შეცდომები და მცდარი წარმოდგენები
- უარყოფითი უკუკავშირი სხეულისთვის ცუდი არ არის. მართალია, სახელში სიტყვა „უარყოფითია“ ნახსენები, მაგრამ უკუკავშირის ეს მარყუჟები მნიშვნელოვანი და სასარგებლოა სხეულისთვის. ამ შემთხვევაში „უარყოფითი“ მხოლოდ იმას გულისხმობს, რომ უკუკავშირის მარყუჟი სტიმულის, ანუ სიგნალის, საპირისპიროდ მოქმედებს, და არა იმას, რომ უკუკავშირის მარყუჟი საზიანოა.
- ჰომეოსტაზი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ „ყველაფრის ნორმალურ მდგომარეობაში შენარჩუნება; და სხეულმა ყოველთვის არ იცის, თუ რა არის მისთვის უკეთესი“. სხეული მუდმივად არეგულირებს საკუთარ თავს და ის მექანიზმები, რომლებიც ინარჩუნებს ჰომეოსტაზს, ყოველთვის მოქმედებს. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ ეს ჰომეოსტაზური მექანიზმები წარუმატებლად მოქმედებენ. თუკი პირობები არ გამოსწორდა, ამან შეიძლება, დაავადება ან დარღვევა გამოიწვიოს. მაგალითად, თუკი თქვენს სისხლში კალციუმის რაოდენობა სწორად არ დარეგულირდა და ძალიან დაბალ მაჩვენებლამდე ჩავიდა, შესაძლოა, ჰიპოკალცემია განგივითარდეთ.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.