If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ფილოგენიის მიმოხილვა

საკვანძო ტერმინები

ტერმინიმნიშვნელობა
ფილოგენიასახეობების ან სახეობათა ჯგუფების ევოლუციური ჩამომავლობის ხაზების შემსწავლელი მეცნიერება
საერთო წინაპარიწინაპარი, რომელიც საერთოა ორი ან მეტი ჩამომავალი სახეობისთვის
ფილოგენეზური ხე (კლადოგრამა)დიაგრამა, რომელიც ასახავს ორგანიზმებს შორის არსებულ ევოლუციურ კავშირებს

ფილოგენია

ფილოგენია მეცნიერებს სახეობებისა და სხვა ჯგუფების იმგვარად ორგანიზმებაში ეხმარება, რომ აისახოს ჩვენეული ხედვა იმისა, თუ როგორ განიცადეს მათ საერთო წინაპრისგან ევოლუცია.

ფილოგენეზური ხეები

ფილოგენეზურ ხეზე, ანუ კლადოგრამაზე, ჩვენთვის საინტერესო სახეობები თუ ჯგუფები მოქცეულია ხაზების, ე.წ. ტოტების, ბოლოებში.
მაგალითად, ქვემოთ მოცემული ფილოგენეზური ხე ასახავს ტოტების ბოლოებში მოცემულ ხუთ სახეობას, A, B, C, D და E სახეობებს, შორის არსებულ ურთიერთკავშირებს:
ფილოგენეზური ხე, რომელზეც მონიშნულია განტოტვის წერტილები
ფილოგენეზური ხე. სურათი სახეცვლილია ოპენსტაქსიდან, CC BY 4,0.
ტოტების ერთმანეთთან კავშირი გვიჩვენებს ჩვენეულ გაგებას იმისა, თუ როგორ განიცადეს საერთო წინაპრისგან ევოლუცია ამ ხეში მოქცეულმა სახეობებმა. განტოტვის თითოეულ წერტილში მოცემულია განტოტვის ამ წერტილიდან ჩამომავალი ჯგუფების ყველაზე ბოლოდროინდელი საერთო წინაპარი.
ფილოგენეზური ხე, რომელზეც მონიშნულია ყველაზე ბოლოდროინდელი საერთო წინაპრები
ფილოგენეზური ხე და ყველაზე ბოლოდროინდელი საერთო წინაპრები. სურათი სახეცვლილია ოპენსტაქსიდან, CC BY 4,0.
მაგალითად, განტოტვის იმ წერტილში, რომელიც დასაბამს აძლევს A და B სახეობებს, ვპოულობთ ამ ორი სახეობის ყველაზე ბოლოდროინდელ საერთო წინაპარს. განტოტვის ყველაზე შორეულ მარცხენა წერტილში ვხედავთ ხეში მოცემული ყველა სახეობის ყველაზე ბოლოდროინდელ საერთო წინაპარს.
ყველა ფილოგენეზური ხე ერთნაირად არ გამოიყურება. ზოგიერთი მათგანი ბლოკებადაა დაყოფილი, როგორც ქვედა სურათის მარცხნივაა ნაჩვენები. სხვები დიაგონალური ხაზებისგან შედგება, როგორც ქვემოთ, მარჯვნივ ნაჩვენები ხე. აგრეთვე შესაძლებელია, ვერტიკალურად ატრიალებული შეგხვდეთ ორივე ტიპის ხე, როგორც ესაა ნაჩვენები ბლოკებად დაყოფილი ხის შემთხვევაში. ფილოგენეზური ხის მიმართულება არ ცვლის მასში არსებულ ინფორმაციას.
ფილოგენეზური ხის ტიპები. სურათი სახეცვლილია ოპენსტაქსიდან, CC BY 4,0.

მონათესავეობა

ფილოგენეზურ ხეში ორი სახეობა უფრო მეტად ენათესავება ერთმანეთს, თუკი მათ უფრო ბოლოდროინდელი საერთო წინაპარი ჰყავთ, და ნაკლებად ენათესავება, თუკი მათი სერთო წინაპარი უფრო ძველია.
სახეობათა ნებისმიერი წყვილისა თუ ჯგუფის ბოლო საერთო წინაპრის საპოვნელად ვიღებთ ჩვენთვის საინტერესო ორი სახეობის ტოტების ბოლოებს და „უკან მივუყვებით“, სანამ არ მივალთ ისეთ წერტილამდე, რომელშიც ისინი იკვეთება.
A და B სახეობებს უფრო ბოლოდროინდელი საერთო წინაპარი ჰყავთ, ვიდრე B და C სახეობებს, რადგან მათი ჩამომავლობის ხაზები უფრო მალე იკვეთება.
სახეობათა მონათესავეობის შედარება ფილოგენეზური ხის გამოყენებით. სურათი სახეცვლილია ოპენსტაქსიდან, CC BY 4,0.
მაგალითად, იმის განსასაზღვრად, თუ რომელი სახეობები ენათესავებიან უფრო მეტად ერთმანეთს, A და B თუ B და C, ჩვენ უკან გავუყვებით სახეობათა ორივე წყვილის ხაზებს ხეში. ერთმანეთს ჯერ A და B სახეობების ხაზები ხვდება, რაც ნიშნავს, რომ მათ უფრო ბოლოდროინდელი საერთო წინაპარი ჰყავთ და ისინი უფრო მეტად ენათესავებიან ერთმანეთს, ვიდრე B და C სახეობები.

ხშირი შეცდომები და მცდარი წარმოდგენები

  • ფილოგენეზური ხეები მონათესავეობის ჰიპოთეზებია. მართალია, ვიცით, რომ თანამედროვე ორგანიზმები წინაპარი ორგანიზმებისგან წარმოიშვნენ, ამ ევოლუციის გზა ზოგჯერ, უბრალოდ, საუკეთესო ვარაუდია იმ დროისთვის ხელმისაწვდომ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. რაც უფრო მეტს გავიგებთ ორგანიზმთა ჯგუფის ჩამომავლობის ხაზის შესახებ, მით უფრო ზუსტი გახდება მათი ფილოგენეზური ხე.
  • ფილოგენეზური ხეები მხოლოდ ფიზიკურ ნიშან-თვისებებს არ ემყარება. ფილოგენეზური ხის ასაგებად მეცნიერები ხშირად ადარებენ და აანალიზებენ მასში შემავალი სახეობებისა თუ სხვა ჯგუფების მრავალ მახასიათებელს. მართალია, შესაძლოა, მასში მოიაზრებოდეს შინაგანი და გარეგანი ფიზიკური ნიშან-თვისებები, მაგრამ ზოგჯერ მასში სხვა ფაქტორებიცაა გათვალისწინებული, მაგალითად, ქცევა ან დნმ-ის მიმდევრობები.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.