If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ევოლუციისა და ბუნებრივი გადარჩევის მიმოხილვა

საკვანძო ტერმინები

ტერმინიმნიშვნელობა
ევოლუციაპროცესი, რომლითაც თანამედროვე ორგანიზმები დროთა განმავლობაში წარმოიშვნენ წინაპარი ორგანიზმებიდან
საერთო წინაპარიწინაპარი, რომელიც საერთოა ორი ან მეტი ჩამომავალი სახეობისთვის
ბუნებრივი გადარჩევაევოლუციური მექანიზმი, რომელშიც ის ინდივიდები, რომლებიც უკეთ არიან შეგუებულნი თავიანთ გარემოს, უფრო წარმატებით მოახერხებენ გადარჩენასა და გამრავლებას
ვარიაციაგანსხვავებები ერთისა და იმავე სახეობის ინდივიდებში არსებულ ნიშან-თვისებებს შორის
ადაპტაციანიშან-თვისება, რომელიც აუმჯობესებს ორგანიზმის უნარს, გადარჩეს და გამრავლდეს მოცემულ გარემოში
შეგუებულობაორგანიზმის გადარჩენისა და გამრავლების უნარი
ხელოვნური გადარჩევაორგანიზმების შერჩევითი შეჯვარება, რათა შთამომავლობაში ჩვენთვის სასურველი ნიშან-თვისებები მივიღოთ
გენების დრეიფიევოლუციის მექანიზმი, რომელშიც პოპულაციის ალელური სიხშირეები შემთხვევით იცვლება

დარვინის ევოლუციის თეორია

ჩარლზ დარვინმა შეიმუშავა ევოლუციის თეორია, რათა აეხსნა სიცოცხლის ერთიანობა და მრავალფეროვნება. ეს თეორია ემყარება საერთო წინაპრების იდეას.

ბუნებრივი გადარჩევა

დარვინის თეორია ბუნებრივი გადარჩევის მექანიზმზე აიგო, რომელიც, თავის მხრივ, ხნის იმას, თუ როგორ შეიძლება, პოპულაციებმა ევოლუცია განიცადონ ისე, რომ დროთა განმავლობაში ისინი გარემოსთან უკეთ შეგუებულები გახდნენ.
ღიად შეფერილ თაგვებს მტაცებლები უფრო მარტივად ამჩნევენ და, შესაბამისად, უფრო ხშირად ნადირობენ მათზე. შავი თაგვები უკეთ არიან შეგუებულნი თავიანთ გარემოს და უკეთ შეუძლიათ გადარჩენა და გამრავლება.
ბუნებრივი გადარჩევა მოქმედებს თაგვების პოპულაციაზე დროთა განმავლობაში.
ინდივიდებს თავიანთ მემკვიდრულ ნიშან-თვისებებში ვარიაციები აქვთ. ზოგიერთი ვარიაცია ინდივიდს უკეთ შეგუებულს ხდის მის გარემოში გადარჩენისა და გამრავლებისთვის.
თუკი ეს გაგრძელდება თაობების განმავლობაში, ეს სასარგებლო ადაპტაციები (გადარჩენისა და გამრავლების ხელშემწყობი მემკვიდრული მახასიათებლები) უფრო ხშირი გახდება პოპულაციაში.
პოპულაცია უბრალოდ კი არ განიცდის ევოლუციას (იცვლის გენეტიკურ შემადგენლობასა და მემკვიდრულ ნიშან-თვისებებს), არამედ იმგვარად განიცდის, რომ იგი საკუთარი საბინადრო გარემოსადმი ადაპტირებული, ანუ უკეთ შეგუებული, ხდება.

ხელოვნური გადარჩევა

სამყაროში ბუნებრივი გადარჩევის გარდა სხვა ტიპის გადარჩევებიც არსებობს.
ხელოვნური გადარჩევა, იგივე „სელექცია“, ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანები ირჩევენ სასურველ ნიშან-თვისებებს სასოფლო სამეურნეო პროდუქტებსა თუ ცხოველებში, ნაცვლად იმისა, რომ სახეობები ევოლუციას მიანდონ და ისინი თანდათანობით შეიცვალონ ადამიანის ჩარევის გარეშე, როგორც ეს ბუნებრივი გადარჩევის შემთხვევაში ხდება.
დროითი ხაზი, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ მოიშინაურა ადამიანმა ძაღლი ხელოვნური გადარჩევით დროის ხანგრძლივი მონაკვეთის განმავლობაში.
ძაღლების შეჯვარება შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ ირჩევენ ადამიანები სასურველ ან მოდურ ნიშან-თვისებებს. ცხოველების მომშენებლები განზრახ აჯვარებენ მშობლებს იმ იმედად, რომ სასურველი ნიშან-თვისებების (მაგ., ფერის, ზომის, ყურის ფორმის, დრუნჩის სიგრძის და ა.შ.) მქონე შთამომავლობას მიიღებენ.

ხშირი შეცდომები და მცდარი წარმოდგენები

  • ევოლუცია იგივე არ არის, რაც ადაპტაცია ან ბუნებრივი გადარჩევა. ბუნებრივი გადარჩევა არის ევოლუციის მექანიზმი, ანუ მიზეზი, საფუძველი. ადაპტაციები არის ფიზიკური ან ქცევითი ნიშან-თვისებები, რომლებიც ორგანიზმს მის გარემოსთან უკეთ შეგუებულს ხდის.
  • მემკვიდრული ვარიაცია შემთხვევითი მუტაციებით ჩნდება. შემთხვევითი მუტაციები ახალი მემკვიდრული ნიშან-თვისებების წარმოქმნის გამომწვევი მიზეზია. მაგალითად, კურდღელს არ შეუძლია, ბეწვის განსხვავებული შეფერილობის ქონა აირჩიოს. ნაცვლად ამისა, გენეტიკური მუტაციები წარმოშობს განსხვავებებს ბეწვის შეფერილობაში და ამ განსხვავებებს შეუძლია, კურდღელი უკეთ დამალოს მის გარემოში.
  • ბუნებრივი გადარჩევა არსებულ მემკვიდრულ ვარიაციაზე მოქმედებს. ბუნებრივ გადარჩევას სჭირდება გარკვეული საწყისი მასალა და ეს საწყისი მასალა მემკვიდრული ვარიაციაა. იმისთვის, რომ ბუნებრივმა გადარჩევამ მახასიათებელზე იმოქმედოს, უკვე უნდა არსებობდეს ვარიაცია და ეს ვარიაცია შთამომავლობისთვის მემკვიდრულად გადაცემადი უნდა იყოს.
  • ბუნებრივი გადარჩევა დამოკიდებულია გარემოზე. ბუნებრივი გადარჩევა არ გამოარჩევს რაიმე აზრით თავისთავად უპირატეს ნიშან-თვისებებს. ნაცვლად ამისა, იგი გამოარჩევს სპეციფიკური გარემოსთვის სასარგებლო ნიშან-თვისებებს. ნიშან-თვისებები, რომლებიც სასარგებლოა ერთ გარემოში, შესაძლოა, საზიანო იყოს სხვაში.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.