ძირითადი მასალა
დამამთავრებელი კლასების ბიოლოგია
კურსი: დამამთავრებელი კლასების ბიოლოგია > თემა 9
გაკვეთილი 7: ადამიანის გავლენა ეკოსისტემებზე- ადამიანთა აქტივობები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნებას
- რა არის ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილი?
- ბუნების დაცვა და ბრძოლა ბიომრავალფეროვნების გადასარჩენად
- შემოტანილი სახეობები და ბიომრავალფეროვნება
- როგორ ზემოქმედებს კლიმატის ცვლილება ბიომრავალფეროვნებაზე?
- ბიომრავალფეროვნების დაცვა: ინდივიდის ძალა
- ადამიანის გავლენა ეკოსისტემებზე - მიმოხილვა
- ადამიანის გავლენა ეკოსისტემებზე
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
ადამიანის გავლენა ეკოსისტემებზე - მიმოხილვა
საკვანძო ტერმინები
ტერმინი | მნიშვნელობა |
---|---|
ბიომრავალფეროვნება | ორგანიზმთა მრავალფეროვნება ეკოსისტემაში |
აღდგენადი რესურსები | რესურსები, რომლებიც გამოყენებისთანავე ახლდებიან |
აღუდგენელი რესურსები | რესურსები, რომელთა მარაგიც შეზღუდულია, რადგან მათი გამოყენება უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მათი განახლება |
ბუნებისა და ბუნებრივი რესურსების დაცვა | მეცნიერება, რომელიც შეისწავლის დედამიწის ბიომრავალფეროვნების კარგვასა და ამ კარგვის პრევენციის გზებს |
გადაშენება | პროცესი, რომლის დროს სახეობის ყველა წარმომადგენელი იღუპება |
გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობა | სახეობა, რომელიც იდენტიფიცირდა, როგორც გადაშენების პირას მყოფი |
ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილი | ბიოგეოგრაფიული რეგიონი, რომელიც შეიცავს მაღალ ბიომრავალფეროვნებას და აგრეთვე განადგურების საფრთხის ქვეშაა |
კლიმატის ცვლილება | გაზომვადი გრძელვადიანი ცვლილებები დედამიწის კლიმატში |
ადამიანის გავლენა ბიომრავალფეროვნებაზე
ადამიანთა აქტივობა პლანეტის ბიომრავალფეროვნების მთავარი საფრთხეა. ამას განაპირობებს ის, რომ დღემდე ადამიანთა მოსახლეობის (პოპულაციის) ზრდა ექსპონენციური იყო, რაც ნიშნავს, რომ ზრდის სიჩქარე არ შეცვლილა მოსახლეობის რიცხოვნობის მიუხედავად. ამის გამო ადამიანთა მოსახლეობის ზრდის სიჩქარე რიცხოვნობის ზრდასთან ერთად უფრო და უფრო მაღალი ხდება.
პოპულაციები შეიძლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში ექსპონენციურად გაიზარდონ, თუმცა საბოლოოდ ისინი დასაშვებ სიმჭიდროვეს აღწევენ, როდესაც მათ რესურსების ხელმისაწვდომობა ზღუდავს. მიუხედავად ამისა, ადამიანებმა განაგრძეს დასაშვები სიმჭიდროვის პრობლემაზე მუშაობა და შეიმუშავეს ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც ხელს უწყობენ მათ მუდმივად მზარდ პოპულაციას.
ეს საფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნებას, რადგან რაც უფრო მეტი ადამიანია დედამიწაზე, მით მეტად განიდევნება სხვა სახეობები და იკლებს სახეობრივი სიმდიდრე.
ბიომრავალფეროვნების ადამიანთა მოქმედებით განპირობებული კარგვა
- მიწათსარგებლობის ცვლილება: ადამიანები ზოგჯერ ბუნებრივ ლადშაფტებს ანადგურებენ, რადგან სურთ რესურსების მოპოვება ან უბნების ურბანიზაცია. ეს პროცესი ზიანის მომტანია, რადგან მის გამო ადგილობრივი სახეობები განიდევნებიან, აგრეთვე მცირდება ხელმისაწვდომი ჰაბიტატებისა და საკვების წყაროების რაოდენობა.
- დაბინძურება: დაბინძურებას იწვევს ქიმიური ნივთიერებების მოშორება და მათი ჩამონადენი, ასევე ენერგიის წყაროები (ხმაურითა და სინათლით „დაბინძურება“).
- შემოყვანილი სახეობა: ადამიანებს ზოგჯერ ნებსით ან უნებლიეთ შეჰყავთ არაადგილობრივი სახეობა ეკოსისტემაში. ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ეკოსისტემაზე, თუკი შემოყვანილი სახეობა მოახერხებს ადგილობრივი ორგანიზმების დაჯაბნასა და განდევნას.
- რესურსების გამოყენება: ადამიანები მუდმივად მოიხმარენ რესურსებს თავიანთი საჭიროებებისთვის. ამის მაგალითებს შორისაა ბუნებრივი რესურსების, მაგალითად, ქვანახშირის, მოპოვება, ცხოველებზე ნადირობა და თევზაობა საკვების მოსაპოვებლად, ტყეების გაჩეხვა ურბანიზაციისთვის ან ხის გამოსაყენებლად.აღუდგენელი რესურსების, მაგალითად, წიაღისეული საწვავების, ფართო და ჭარბი გამოყენება ძლიერ აზიანებს გარემოს. რესურსების გამოყენების უარყოფითი ზეგავლენების შემცირების ერთ-ერთი გზაა აღუდგენელი რესურსებისგან ნაწარმოების პროდუქტების (მაგალითად, პლასტმასის, რომელიც ნავთობისგან მზადდება) გადამუშავება. გარდა ამისა, აღდგენადი რესურსების, მაგალითად, მზის ან ქანის ენერგიის, განვითარება და გამოყენება ხელს უწყობს რესურსების გამოყენების საზიანო ეფექტების შემცირებას.
კლიმატის ცვლილება და ბიომრავალფეროვნება
დედამიწაზე არსებული მიმდინარე კლიმატის ცვლილება განპირობებულია გლობალური ტემპერატურების ზრდით.
ადამიანთა აქტივობა ცვლის დედამიწის ატმოსფეროს უფრო სწრაფად, ვიდრე ის ოდესმე შეცვლილა.
წიაღისეული საწვავების წვამ და მეცხოველეობის ზრდამ გამოიწვია სათბურის აირების (მაგალითად, ნახშირორჟანგისა და მეთანის) დიდი რაოდენობით დაგროვება ატმოსფეროში. სათბურის აირების მაღალი კონცენტრაციები უფრო მეტ სითბოს იჭერენ ბიოსფეროში, რაც გლობალურ დათბობას იწვევს. შედეგად, ეს კლიმატის ცვლილებას იწვევს.
როდესაც კლიმატის ცვლილება ზემოქმედებს გარემოზე იმდენად, რომ ამ უკანასკნელს არ შეუძლია ორგანიზმების უზრუნველყოფა, ისინი აუცილებლად უნდა ადაპტირდნენ, გადასახლდნენ ან გადაშენების პირას აღმოჩნდნენ. ამის გამო კლიმატის ცვლილებას უზარმაზარი ეფექტი აქვს ბიომრავალფეროვნებაზე.
ბუნებისა და ბუნებრივი რესურსების დაცვა
ბუნების/გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მცდელობები სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოების შენარჩუნებისკენაა მიმართული. გარემოს დაცვა მრავალი სხვადასხვა გზით მიმდინარეობს.
სახეობათა დაცვა გადაშენებასთან ბრძოლის ერთ-ერთი გზაა. მართალია, გადაშენება ბუნებრივი პროცესია, მაგრამ ის გაცილებით უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ჩვეულებრივაა მოსალოდნელი.
ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო კანონების შემუშავებამ შეიძლება, ხელი შეუწყოს გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების კარგვის პრევენციას. გარდა ამისა, ტყვეობაში შეჯვარების პროგრამები გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების დაცვის საშუალებას იძლევა, რადგან ამ გზით ხერხდება მათი ჯანმრთელი პოპულაციის შენარჩუნება ტყვეობაში.
ჰაბიტატების დაცვა, გაფრთხილება და აღდგენა საკვანძოა ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად. ეს იძლევა იმის გარანტიას, რომ დაცულ სახეობებს ექნებათ ისეთი გარემო, რომელშიც იცხოვრებენ და რომელიც მათ უზრუნველყოფას შეძლებს.
საბოლოოდ, ერთი ჰაბიტატის შენარჩუნებას შეიძლება, კასკადური ეფექტი ჰქონდეს და მთლიანი ეკოსისტემის დაცვას შეუწყოს ხელი. მეცნიერებმა განსაზღვრეს რამდენიმე ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილი, რომელთა დაცვაც უფრო პრიორიტეტულია.
ხშირი შეცდომები და მცდარი წარმოდგენები
- ამჟამად გადაშენების სიჩქარე 1,000-10,000-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე გადაშენების ბუნებრივი სიჩქარე. ზოგს ჰგონია, რომ გადაშენება არ არის რელევანტური პრობლემა, მაგრამ, რეალურად, ის ახლა უფრო რელევენტურია, ვიდრე ოდესმე ყოფილა! ისტორიულად, გადაშენების ბუნებრივი სიჩქარე 1-დან 5-მდე გადაშენებაა წელიწადში. ადამიანთა გავლენით ეს სიჩქარე გაცილებით მაღალ მაჩვენებელზე ავარდა, რამაც ბიომრავალფეროვნება წონასწორული მდგომარეობიდან გამოიყვანა.
- სათბურის ეფექტი მთლიანად უარყოფითი არ არის. მართალია, ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ, რომ სათბურის აირებს უარყოფითი ზეგავლენა აქვთ (გლობალური ცვლილება), მაგრამ სათბურის ეფექტი ბუნებრივ მიზანს ემსახურება: შენარჩუნებას იმ სითბოსი, რომელიც ასაზრდოებს სიცოცხლეს დედამიწაზე. პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი სითბო გროვდება, რაც საშუალო გლობალური ტემპერატურის ზრდას იწვევს.
- ბიომრავალფეროვნებაზე ცალკეულ ადამიანსაც კი აქვს გავლენა. მართალია, ბიომრავალფეროვნების კარგვა ფართომასშტაბიანი პრობლემაა, მაგრამ ბიომრავალფეროვნების საფრთხეების შემცირება ცალკეულ ინდივიდსაც შეუძლია. ისეთი პატარა მცდელობებიც კი, როგორებიცაა ნივთების ხელახალი გამოყენება და გადამუშავება, ან თუნდაც გარემოსთვის არასაზიანო საკვები პროდუქტების ყიდვა, ზოგჯერ კულმინაციური ეფექტის მქონეა. ეს ნიშნავს, რომ თუკი თითოეული ცალკეული ადამიანი ამ ზომებს მიიღებს, თუნდაც მცირედით, მთლიანობაში ისინი ბიომრავალფეროვნების კარგვის შემცირებას შეუწყობენ ხელს.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.