If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

შესავალი: ეუკარიოტული უჯრედები

ეუკარიოტული უჯრედებისა და მათი პროკარიოტებისგან განსხვავების განხილვა (ბირთვი, ორგანელები, ხაზოვანი ქრომოსომები).

შესავალი

როგორი იქნებოდა ცხოვრება ერთოთახიან ქოხში? ალბათ, ძალიან მარტივი. შენ შეჭამდი, დაიძინებდი, იმუშავებდი და დაისვენებდი ერთ ოთახში - რომელშიც ალბათ ცოტა შევიწროებულად იგრძნობდი თავს, მაგრამ სახლის დალაგების პროცესი, უდავოდ, ძალიან სწრაფი იქნებოდა!
პროკარიოტულ უჯრედებს, ბაქტერიისნაირი ორგანიზმების მარტივ უჯრედებს, ხანდახან ერთოთახიან ქოხებს ადარებენ: მათ არ აქვთ შიდა მემბრანები, ამიტომ ჰგვანან ერთ ოთახს, რომელსაც კედლები არ აქვს1. ამ ანალოგიას თუ განვავრცობთ ეუკარიოტულ უჯრედებზე, უფრო კომპლექსურ უჯრედებზე, რომლებისგანაც შედგება მცენარეები, სოკოები და ცხოველები, ჩვენ ვნახავთ, რომ უძრავი ქონების ბაზარზე ისინი აშკარად უფრო მაღალ საფეხურზე არიან.
როგორც დიდი ოჯახის სახლი არის დაყოფილი ბევრი განსხვავებული დანიშნულების ოთახად (საძინებლები, სააბაზანოები, სამზარეულო, მისაღები ოთახი და ა. შ.), ასევე ეუკარიოტული უჯრედები შეიცავენ სხვადასხვა განყოფილებებს სპეციალიზირებული ფუნქციებით, რომლებიც ერთმანეთისგან მკაფიოდ არიან განცალკევებულები მემბრანების შრეებით. ორგანიზაციის ასეთი ტიპი ყველა განყოფილებას აძლევს საშუალებას, შეინარჩუნოს თავისი შიდა მდგომარეობა, ანუ ის, რაც სჭირდება თავისი სამუშაოს შესასრულებლად.
მაგალითად, განყოფილებებმა, სახელად ლიზოსომები, რომლებიც ასრულებენ გადამამუშავებელი ცენტრის ფუნქციას უჯრედისთვის, უნდა შეინარჩუნონ მჟავე pH იმისთვის, რომ მოიშორონ უჯრედული ნარჩენები. მსგავსად, სტრუქტურები, სახელად პეროქსისომები, ასრულებენ ქიმიურ რეაქციებს, სახელად ჟანგვითი რეაქციები და აწარმოებენ წყალბადის ზეჟანგს. ორივე მათგანი დააზიანებდა უჯრედს, ისინი რომ არ იყვნენ უსაფრთხოდ გადანახულნი თავიანთ „ოთახებში"
უნარი, შეინარჩუნონ განსხვავებული გარემო ერთი უჯრედის შიგნით, ეუკარიოტულ უჯრედებს აძლევს საშუალებას, შეასრულოს კომპლექსური მეტაბოლური რეაქციები, რაც პროკარიოტებს არ შეუძლიათ. სინამდვილეში, ესაა დიდწილად მიზეზი, რატომაც ეუკარიოტული უჯრედები შეიძლება, ზომაში ბევრად დიდები გაიზარდნონ, ვიდრე პროკარიოტულები.

პროკარიოტული და ეუკარიოტული უჯრედები

რა არის ეუკარიოტული უჯრედის ძირითადი თავისებურებები? პროკარიოტული უჯრედებისგან განსხვავებით, ეუკარიოტულ უჯრედებს აქვთ:
  1. მემბრანით შემოსაზღვრული ბირთვი, ცენტრალური ღრუ, რომელშიც უჯრედის გენეტიკური მასალა ინახება.
  2. მემბრანით შემოსაზღვრული რამდენიმე ორგანელა, ციტოზოლში შეტივტივებული კომპარტმენტები, რომელთაც სპეციალური ფუნქციები აკისრიათ უჯრედში. (ორგანელა „პატარა ორგანოს" ნიშნავს და ამ სახელწოდებაში ასახულია ფაქტი, რომ ორგანელები, ჩვენი სხეულის ორგანოების მსგავსად, დიდი სისტემის ნაწილები არიან და უნიკალური ფუნქციები აკისრიათ.)
  3. მრავალი ხაზოვანი ქრომოსომა, განსხვავებით პრიკარიოტების ერთი, რგოლოვანი ქრომოსომისგან.
ეუკარიოტული უჯრედები ბევრად უფრო რთული აგებულებისაა, ვიდრე პროკარიოტული. ისინი დატვირთულია მრავალი უჯრედშიდა სტრუქტურით, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენერგეტიკულ ბალანსში, ნივთიერებათა ცვლასა და გენთა ექსრესიაში.
შემდეგ სტატიებსა და ვიდეოებში ჩვენ ეუკარიოტულ, მცენარეულ და ცხოველურ უჯრედებში ვიმოგზაურებთ, შევისწავლით მათში არსებულ უნიკალურ სტრუქტურებს და თითოეული მათგანის როლს ცოცხალ უჯრედში.
უკვე იცით, უჯრედის რომელი ნაწილის მონახულება გინდათ? ქვემოთ მოცემული ჩამონათვალის მეშვეობით პირდაპირ შეიძლიათ, საინტერესო რეგიონზე გადახვიდეთ:
ტიპური ცხოველური უჯრედის დიაგრამა:
ცხოველური უჯრედის დიაგრამა, რომელზეც ნაწილები მონიშნულია.
მოდიფიცირებული სურათის წყაროა OpenStax Biology.
ტიპური მცენარეული უჯრედის დიაგრამა:
მცენარეული უჯრედის დიაგრამა, რომელზეც ნაწილები მონიშნულია.
მოდიფიცირებული სურათის წყაროა OpenStax Biology.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.