If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

დამამთავრებელი კლასების ბიოლოგია

კურსი: დამამთავრებელი კლასების ბიოლოგია > თემა 1

გაკვეთილი 1: ბიოლოგია და სამეცნიერო კვლევის მეთოდი

სამეცნიერო კვლევის მეთოდი

როგორ გამოვიყენოთ სამეცნიერო კვლევის მეთოდი ჰიპოთეზის შესამოწმებლად.

შესავალი

ბიოლოგიური კვლევა ძირითადად აღმოჩენით იწყება, ანუ, იმ დროს, როდესაც რაღაც მიიქცევს ბიოლოგის ყურადღებას. მაგალითად, სიმსივნეზე მომუშავე ბიოლოგმა შეიძლება შეამჩნიოს, რომ სიმსივნის ზოგიერთ ტიპს ქიმიოთერაპია ვერ კურნავს და ამის მიზეზის გამოკვლევა გადაწყვიტოს. თუ ოკეანოლოგი შეამჩნევს, რომ მარჯნის რიფები უფერულდება, ის დაინტერესდება ამის მიზეზით.
როგორ იკვლევენ ბიოლოგები თავიანთი აღმოჩენების მიზეზებს? როგორ უნდა გამოვიკვლიოთ ცოცხალ სამყაროზე ჩვენი დაკვირვებების მიზეზები? ამ სტატიაში განვიხილავთ სამეცნიერო კვლევის მეთოდს, რომელსაც ბიოლოგები და სხვა მეცნიერები იყენებენ და რომელიც ლოგიკურ, ამოცანის ამოხსნაზე ორიენტირებულ პროცესს გულისხმობს.

სამეცნიერო კვლევის მეთოდი

ბიოლოგიისა და სხვა მეცნიერებების საფუძველია ამოცანის ამოხსნაზე ორიენტირებული მიდგომა, ანუ, სამეცნიერო კვლევის მეთოდი. სამეცნიერო კვლევის მეთოდი ხუთი ძირითადი საფეხურისგან და პლუს ერთი უკუკავშირის საფეხურისგან შედგება:
  1. გააკეთეთ აღმოჩენა.
  2. დასვით კითხვა.
  3. ჩამოაყალიბეთ ჰიპოთეზა ან შემოწმებადი ახსნა.
  4. ჰიპოთეზაზე დაყრდნობით, გააკეთეთ მომავლის პროგნოზი.
  5. შეამოწმეთ ეს პროგნოზი.
  6. გაიმეორეთ: გამოიყენეთ შედეგები, რომ ჩამოაყალიბოთ ახალი ჰიპოთეზები ან პროგნოზები.
სამეცნიერო კვლევის მეთოდი გამოიყენება მეცნიერების ყველა დარგში — ქიმიაში, ფიზიკაში, გეოლოგიასა და ფსიქოლოგიაშიც. ამ დარგების მეცნიერები განსხვავებულ კითხვებს სვამენ და განსხვავებულ ექსპერიმენტებს ატარებენ, თუმცა ამ კითხვებზე ლოგიკური პასუხების ძიების მეთოდი საერთო აქვთ.

სამეცნიერო მეთოდის მაგალითი: პური ვერ გავხუხეთ

იმისთვის, რომ ინტუიციურად გავიგოთ, რას ნიშნავს სამეცნიერო კვლევის მეთოდი, განვიხილოთ პრაქტიკული ამოცანა ყოველდღიური ცხოვრებიდან და მოვარგოთ მას მეთოდის საფეხურები.

1. აღმოაჩინეთ.

ვთქვათ, აიღეთ პურის ორი ნაჭერი, ჩადეთ ტოსტერში და დააწექით ღილაკს. მაგრამ პური არ გაიხუხა.
  1. აღმოჩენა: ტოსტერი პურს არ ხუხავს.

2. დასვით კითხვა.

რატომ არ გაიხუხა პური?
  1. შეკითხვა: რატომ არ მუშაობს ტოსტერი?

3. ჩამოაყალიბეთ ჰიპოთეზა.

ჰიპოთეზა არის პოტენციური პასუხი კითხვაზე, პასუხი, რომლის სისწორეც შეგვიძლია, რაიმე გზით შევამოწმოთ. მაგალითად, ამ შემთხვევაში ჩვენი ჰიპოთეზა შეიძლება იყოს, რომ პურის არ გახუხვის მიზეზი როზეტის გაუმართავობაა.
  1. ჰიპოთეზა: როზეტი ხომ არაა გაფუჭებული?
ჰიპოთეზა აუცილებლად სწორი ახსნა არ არის. ის სავარაუდო ახსნაა, რომლის სისწორე-მცდარობაც შეგვიძლია შევამოწმოთ. მისი მცდარობის შემთხვევაში, ახალი ჰიპოთეზა უნდა მოვიფიქროთ.

4. ჩამოაყალიბეთ ვარაუდები.

საჭიროა ჩამოვაყალიბოთ პროგნოზი, თუ რა შედეგს მივიღებთ ჰიპოთეზის სისწორის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში ვვარაუდობთ, რომ თუ როზეტი გაფუჭებულია, ტოსტერის სხვა როზეტში შეერთების შემთხვევაში პრობლემაც გადაიჭრება.
  1. პროგნოზი: თუ ტოსტერს სხვა როზეტში შევაერთებ, იგი ამუშავდება და პური გაიხუხება.

4. შეამოწმეთ ვარაუდები

ჰიპოთეზის შესამოწმებლად, უნდა დავაკვირდეთ ან ჩავატაროთ ექსპერიმენტი, რომელიც ჩვენს ვარაუდს შეამოწმებს. ამ შემთხვევაში, შეგვიძლია, ტოსტერი სხვა როზეტში შევაერთოთ და ვნახოთ, იმუშავებს თუ არა.
  1. პროგნოზის შემოწმება: შეაერთეთ ტოსტერი სხვა როზეტში და თავიდან სცადეთ პურის გახუხვა.
  • თუ ტოსტერი ამუშავდა, მაშინ ჰიპოთეზა გამართლდა და ის, სავარაუდოდ, სწორია.
  • თუ ტოსტერი არ ამუშავდა, მაშინ ჰიპოთეზა არ გამართლდა და ის, სავარაუდოდ, არასწორია.
ექსპერიმენტის შედეგები ან გაამყარებს, ანდაც უარჰყოფს ჰიპოთეზას. შედეგები, რომლებიც ჰიპოთეზას ამყარებს, არ ამტკიცებს, რომ ეს ჰიპოთეზა აუცილებლად ჭეშმარიტია, თუმცა გვაძლევს საფუძველს, რომ სავარაუდოდ ჭეშმარიტად მივიჩნიოთ ის. მეორე მხრივ, თუ შედეგები ჰიპოთეზას უარჰყოფს, ეს ჰიპოთეზა სავარაუდოდ არ არის სწორი. თუ ექსპერიმენტის ჩატარების დროს რამე არ შეგვეშალა — ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ ამის ალბათობა — ჰიპოთეზის უარმყოფი შედეგი ნიშნავს, რომ ეს ჰიპოთეზა მცდარია და ახალი უნდა მოვიფიქროთ.

6. გაიმეორეთ.

სამეცნიერო კვლევის მეთოდის ბოლო საფეხურია მიღებული შედეგების შემდეგ ნაბიჯებში გამოყენება.
შედეგები:
მარცხნივ: პური გაიხუხა! ჰიპოთეზა დასაბუთებულია. მარჯვნივ: პური მაინც არ გაიხუხა. ჰიპოთეზა დასაბუთებული არ არის.
  1. გამეორების დროა!
მარცხნივ (ამ შემთხვევაში ჰიპოთეზა დასაბუთდა): და რა სჭირს როზეტს? მარჯვნივ (ამ შემთხვევაში ჰიპოთეზა არ დასაბუთდა): ჰმმ..იქნებ ტოსტერის სადენია გაფუჭებული.
  • თუ ჩვენი ჰიპოთეზა გამართლდა, შეგვიძლია დამატებითი კვლევები ჩავატაროთ მის დასადასტურებლად ან კიდევ ერთხელ განვიხილოთ იგი და უფრო დავაკონკრეტოთ. მაგალითად, შეგვიძლია, გამოვიკვლიოთ, რატომაა როზეტი გაფუჭებული.
  • თუ ჰიპოთეზა არ დადასტურდა, ახალი ჰიპოთეზა უნდა მოვიფიქროთ. მაგალითად, მეორე ჰიპოთეზა შეიძლება ის იყოს, რომ ტოსტერის სადენია გაფუჭებული.
შემთხვევების უმეტესობაში, სამეცნიერო კვლევის მეთოდი განმეორებადი პროცესია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ციკლი უფროა, ვიდრე წრფე. პირველი „რაუნდის" შედეგები გვაძლევს უკუკავშირს, რომელიც აუმჯობესებს კითხვების დასმის შემდეგ რაუნდს.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.