If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

გაიცანით კოლინ ფიულერი

გაიცანით კოლინ ფიულერი: პროგრამული ინჟინერი და ბუნებაში დროის გატარების მოყვარული!

გამარჯობა, მე კოლინ ფულერი ვარ!

რაზე მუშაობთ?

მე ვარ ხანის აკადემიის მონაცემთა მეცნიერების გუნდში პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი. ეს ნიშნავს, რომ ვწერ პროგრამებს, რომლითაც ხანის აკადემია ხვდება, რომელი მასალის ნახვა გირჩიოთ, განახოთ თქვენი პროგრესი და განსაზღვროს, რამდენად ეფექტურად ვეხმარებით ადამიანებს სწავლაში.
ბოლო დროს ვმუშაობდი სან-ფრანცისკოს ყურის რეგიონის მათემატიკურ შეჯიბრში, „სწავლის შტორმზე“, რომლისთვისაც დიდი რაოდენობის კოდი დავწერე. ამ კოდის მეშვეობით ხანის აკადემიაზე ამოხსნილი მათემატიკური ამოცანების გადაყვანა ყოველკვირეულ რეიტინგშია შესაძლებელი, რათა სტუდენტებმა თვალი ადევნონ საკუთარ პროგრესს. შეგიძლიათ, ნახოთ, რა გავაკეთეთ (და რის კეთებას ვაგრძელებთ) აქ: LearnStorm.

როგორ დაინტერესდით ქიმიით და რას სწავლობდით?

მიჭირს გავიხსენო დრო, როცა მეცნიერებით დაინტერესებული არ ვყოფილვარ, ამიტომ არ ვარ დარწმუნებული, ჩემი ინტერესი რამ განაპირობა. ქიმიის შესახებ ჩემი ერთ-ერთი პირველი მოგონებაა, როდესაც ჩემმა მშობლებმა ქიმიის ნაკრები მაჩუქეს დაბადების დღეზე. ქიმია შეიძლება იყოს თვალში საცემი - აფეთქებები, განათებები, ცვალებადი ფერები, მაგრამ ყველაზე მეტად იმან მომხიბლა, რომ, როდესაც ვცდილობდი, გამეკეთებინა რაიმე, რაც ნაკრების სახელმძღვანელო ბროშურაში არ ეწერა, არაფერი ხდებოდა! საკმაოდ მკაცრი წესები იყო იმის შესახებ, თუ რა უნდა მომხდარიყო. არ ვიცოდი, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს წესები და მათ გაგებას ათწლეულები მაშორებდა, თუმცა იდეა ძალიან მომწონდა.
უნივერსიტეტში ქიმიას ვსწავლობდი და გარკვეული კვლევები ჩავატარე სხვადასხვა თემაზე, მაგალითად, კონკრეტული ტიპის მოლეკულებსა და ლაზერის იმპულსების ურთიერთქმედებაზე ან დნმ-ის შემადგენელი კომპონენტების მასინთეზებელ ბაქტერიებზე. ამის შემდეგ ბიოქიმიის დოქტორანტურაზე ჩავაბარე და რამდენიმე წელი დავხარჯე იმის სხვადასხვა ასპექტის გაგებაზე, თუ როგორ აძლევს უჯრედი გაყოფის შედეგად მიღებულ ორ უჯრედს დნმ-ის ზუსტად ერთ ასლს.
ამასთანავე, ძალიან აღმაფრთოვანა იმ პროგრამების გამოყენებამ, რომლებიც ექსპერიმენტის შექმნის, სიმულაციისა და შედეგების გაანალიზების საშუალებას გაძლევენ. როცა გაჩნდა შესაძლებლობა, რომ შემექმნა პროგრამა და გამეანალიზებინა მონაცემები, რათა დავხმარებოდი ხალხს, ესწავლათ ის, რისი სწავლაც მე მიყვარდა, ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი და ახლა ხანის აკადემიაში ვმუშაობ!

თავისუფალ დროს რითი ერთობი?

მიყვარს მზარეულობა, რაც ბევრი რამით წააგავს ქიმიას სამზარეულოში! (თუკი დაუფიქრებლად აურევთ ბევრ რამეს ერთმანეთში, ისევე, როგორც ჩემი ბავშვობის ექსპერიმენტებში, ძირითადად, გემრიელ რამეს ვერ მიიღებთ...) ბოლო დროს პატარა კურსი გავიარე ყველის კეთების შესახებ და სახლში რამდენიმე მარტივ ყველს ვაკეთებ. ასევე მომწონს მებაღეობა და ვზრდი ჩემს ბოსტნეულსა და მწვანილებს, რითაც საჭმელს ვამზადებ.
მომწონს ლაშქრობა და ჩიტების ყურება, განსაკუთრებით კი ამ ორის გაერთიანება. ბოლო შემოდგომაზე, როცა ნიუ-ჯერსიში ვცხოვრობდი, დელავერის ერთ-ერთი ხევის ქედზე ავედი და გადამფრენ ქორებს ვუყურებდი. მთის ქედის ირგვლივ ქარი უჩვეულოდ ქროდა, რის გამოც გადამფრენი ჩიტები ახლომახლო პატარა ადგილისკენ გაემართნენ. ძალიან ბევრი ლამაზი ჩიტი იყო და გამოვიდა საკმაოდ საყვარელი ლაშქრობა შემოდგომის ფერებში.
ხედი ენოტების ქედიდან, დელავერის წყლის ხევის მახლობლად, საიდანაც ქორების გადაფრენას ვუყურეთ.

რას ურჩევდით ქიმიით დაინტერესებულ ადამიანებს?

გააცნობიერეთ, რომ ქიმია თქვენი კლასებისა და კვლევის გარეთაც საკმაოდ გამოსადეგია. ქიმიას ყოველდღიურად ვაწყდებით ჩვენ მიერ ნაჭამ საჭმელსა თუ ჩვენ გარშემო არსებულ მასალებსა და ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებში. ქიმიის შემეცნება მშვენიერი გზაა საიმისოდ, რომ ისწავლოთ, როგორ იფიქროთ. ქიმიის გაგება მოიცავს ბევრი წარმოსახვითი მოდელის აგებას და დაფიქრებას, თუ რომელი დეტალია მნიშვნელოვანი და რომელი — არა. ეს საკმაოდ გამოსადეგია ბევრი რამისთვის, თუნდაც, პროგრამების დაწერისთვის, რასაც დღესდღეობით ვაკეთებ. ქიმია ძალიან მაგარია, მიუხედავად იმისა, საბოლოოდ რისი კეთება მოგიწევს.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.