If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

გაიცანით ჯოველ კუეიროლო!

გაიცანით ჯოველ კუეიროლო, ბიოლოგიის მასწავლებელი და ჭიანჭველების ეკოლოგი!

სალამი, მე ჯოველ კუეიროლო ვარ!

რა ტიპის სამუშაო გაქვთ?

მე მე-9 კლასის ბიოლოგიის მასწავლებელი ვარ. ეს ნიშნავს, რომ მთელი წლის განმავლობაში ჩემს მოსწავლეებს ვასწავლი მრავალ სხვადასხვა თემას, რომელიც ბიოლოგიის კატეგორიაში ხვდება — დაწყებული ეკოლოგიით, გაგრძელებული უჯრედებითა და გენეტიკით, დამთავრებული ევოლუციით. ჩემი მიზანია, ჩემმა მოსწავლეებმა განივითარონ ბიოლოგიის საფუძვლების საწყისი ცოდნა, აგრეთვე მეცნიერისთვის საჭირო საწყისი უნარ-ჩვევები, მაგალითად, სამეცნიერო შეკითხვების დასმა, კვლევების შექმნა და წარმოება და აღმოჩენებზე საუბარი.
ჯოველი სკოლის მოსწავლეებს ესაუბრება იმის შესახებ, თუ რატომ გახდა მასწავლებელი.
ამ სურათზე მე ჩემს მოსწავლეებს ვესაუბრები იმაზე, თუ რატომ გადავწყვიტე მასწავლებლობა :)
ყოველ ღამით მიმოვიხილავ შემდგომი დღის გაკვეთილის გეგმას. ყოველდღიურად ერთსა და იმავე გაკვეთილს ოთხჯერ ვასწავლი მოსწავლეთა ოთხ განსხვავებულ ჯგუფს. თითოეული კლასი 30-32 მოსწავლისგან შედგება. ალბათ, მიხვდებით, რომ დღის ბოლოს ძალიან გადაღლილი ვარ! ჩემი საქმიანობის მომგებიანი ნაწილი ისაა, რომ მუდმივად მიწევს, დავრწმუნდე, რომ ექსპერტი ვარ იმ თემაში, რომელსაც შემდეგ დღეს ვასწავლი, აგრეთვე ვურთიერთობ ჩემს მოსწავლეებთან და ხელს ვუწყობ მათ, რომ საუკეთესო მეცნიერები და პიროვნებები გახდნენ.

როგორ დაინტერესდით ბიოლოგიით და რას სწავლობდით?

ბიოლოგიით მე-9 კლასში დავინტერესდი. ენთუზიაზმით აღსავსე ბიოლოგიის მასწავლებელი მყავდა, რომელმაც მიბიძგა, ისე მეფიქრა, რომ სამყარო სრულიად ახალი თვალით დავინახე. ბოტანიკა რომ ვისწავლეთ, ხისთვის ძველებურად აღარასდროს შემიხედავს. საოცარი იყო იმის შეგრძნება, რომ შემეძლო, ამომეცნო და ამეხსნა ხის განსხვავებული ნაწილები და მათი ურთიერთკავშირები, რომლებიც აუცილებელი იყო მის საარსებოდ. უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, უკვე ვიცოდი, რომ მსურდა, ცოცხალი არსებების შესწავლა გამეგრძელებინა, გამეგო, როგორ ახერხებდნენ ისინი გაზრდას, გადარჩენასა და ერთმანეთთან ინტერაქციას. საბოლოოდ შევუერთდი ლაბორატორიას, რომელიც შეისწავლიდა ჭიანჭველებს, და სამი წელი დავყავი იმაზე ფიქრში, თუ როგორ მუშაობენ ჭიანჭველები და როგორ ცხოვრობენ ისინი ერთად თანასაზოგადოებებში, რათა კოლონია შენარჩუნდეს.
კოლეჯში ისიც აღმოვაჩინე, რომ ძალიან მომწონს ადამიანებთან ურთიერთობა. საზოგადოებრივ ცენტრსა და კოოპერატიულ სახლში ვმუშაობდი. კოოპერატიული სახლი არის 30-დან 50 სტუდენტისგან შემდგარი საზოგადოება, რომლებიც ამზადებენ, ასუფთავებენ და ერთად ცხოვრობენ. მომწონს ისეთი როლები, რომლებითაც ადამიანებს კომფორტი და დაცულობა შეიძლება ვაგრძნობინო. მივხვდი, რომ ჩემი ბიოლოგიისადმი ინტერესი შემეძლო ამ ადამიანებთან მუშაობის ინტერესთან შემეთავსებინა. ბიოლოგიის სწავლება აერთიანებს ჩემს უსაზღვრო აღფრთოვანებას გარე სამყაროსადმი და შანსს მაძლევს, რომ ახალგაზრდებს დავეხმარო აკადემიური, სოციალური და ცხოვრებისეული უნარების შეძენაში, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ.
ჯოველი სამეცნიერო პოსტერთან: „ინტერაქციების დროისა და ლოკაციის გაზომვა წითელ ჭიანჭველებში საკვების მოპოვების ქცევის რეგულაციის უკეთ გასაგებად“. სურათზე ჯოველი „ჭიანჭველების ანტენას“ განასახიერებს თითებით.
ზედა სურათზე მე ვდგავარ ჩემი მოსწავლეების კვლევასთან ჭიანჭველების შესახებ..!

თავისუფალ დროს რითი ერთობი?

თავისუფალ დროს გარეთ ყოფნა მიყვარს! საკონკურსო ცურვის გუნდში ვარ და ამჟამად SCUBA სერტიფიკატს ვიღებ. როდესაც წყალში არ ვარ, როგორც წესი, ვლაშქრობ რედვუდის ტყის ან გაშლილი კლდეების მახლობლად. ვინაიდან მასწავლებელი ვარ, ზაფხულობით შემიძლია საველე სამუშაოების წარმოება, რაც ნიშნავს, რომ შემიძლია, გარეთ ვიყო და ბიოლოგებს მონაცემების შეგროვებაში დავეხმარო. თავისუფალ დროს აგრეთვე მშობლებთან ვატარებ ან მეგობრებთან ერთად სან-ფრანცისკოს ყურის არეალში არსებულ კოფი-შოპებში, პარკებსა და რესტორნებში ვხეტიალობ.
ჯოველი ლაშქრობისას.
ამ სურათზე მე ჯასპერ-რიჯის მახლობლად ვლაშქრობ!

რას ურჩევთ ბიოლოგიით დაინტერესებულ ადამიანებს?

ვფიქრობ, ბიოლოგიით დაინტერესებული ადამიანები გარკვეულწილად უნდა იყვნენ ბიოლოგიაში ჩართულები! ეს მრავალმხრივაა შესაძლებელი. შეგიძლიათ, დაგუგლოთ და ნახოთ, შეგიძლიათ თუ არა ისეთ სამეცნიერო ღონისძიებებში მიიღოთ მონაწილეობა, რომლებიც მოქალაქეთა აქტივობას მოიცავს. ხშირად ეს გულისხმობს ადგილობრივი ბუნების დაცვის ორგანიზაციებისთვის კვლევის წარმოებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახეობები გვხვდება მოცემულ არეალში და როგორ იცვლება მათი ამ არეალში ყოფნა რამდენიმე წლის განმავლობაში.
ბიოლოგიურ აქტივობებში მონაწილეობის კიდევ ერთი ხერხია ადგილობრივი უნივერსიტეტების პროფესორებთან დაკავშირება. ხშირად პროფესორები ან კურსდამთავრებულები მოხალისე სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს იყვანენ. როდესაც ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, პოსტდოქტორანტ მკვლევარს ვეხმარებოდი პროექტის გაკეთებაში, საბოლოოდ კი მისი ნაშრომი მე გავაგრძელე ჩემი სტუდენტური კვლევითი პროექტის გასაკეთებლად. ზოგიერთი ჩემი მეგობარი მრავალ სხვადასხვა ლაბორატორიაში მუშაობდა, რათა ბიოლოგიის განსხვავებული დარგები გამოეცადათ. გახსოვდეთ: ბიოლოგიის უამრავი სხვადასხვა დარგი არსებობს! თუკი ცხოველები და მცენარეები მოგწონთ, შეგიძლიათ, მოხალისედ იმუშაოთ ისეთ ლაბორატორიაში, რომელშიც ცხოველებს ან მცენარეებს შეისწავლიან. თუკი გენეტიკით ხართ მოხიბლული, დნმ-ზე მომუშავე ლაბორატორიაში წადით მოხალისედ.
შესაძლოა, ზოგჯერ მეცნიერება შორეულ რამედ მოგეჩვენოთ, მაგრამ ის საკმაოდ ხელმისაწვდომია, თუკი აქტიურად დაიწყებთ შესაძლებლობების ძიებას. იყავით შეუპოვარი და აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.