If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

გაიცანით პოლ ნიოი!

გაიცანით პოლ ნიოი, ბიოსამედიცინო მკვლევარი და მოგზაური!
შენიშვნა: „ამგენის ფონდი“ ხანის აკადემიის ბიოლოგიის კატეგორიას აფინანსებს.

გამარჯობა, მე პოლ ნიოი ვარ!

რა ტიპის სამუშაო გაქვთ?

მე მეცნიერი ვარ „ამგენის ფონდში“, კვლევისა და განვითარების ჯგუფში. ჩვენი სამუშაოს მიზანია, დავრწმუნდეთ, რომ წამლები, რომლებსაც ვქმნით, უსაფრთხოა და მათ ძლიერი გვერდითი მოვლენები არ აქვს.
პოლი უჯრედებს იკვლევს გულის დაავადების ახალი წამლის მოქმედების შესასწავლად
ამისთვის ძალიან ბევრს ვმუშაობთ ლაბორატორიაში ადამიანის უჯრედებზე და ვიკვლევთ, როგორ იწვევს ადამიანის გენომის ცვლილებები მეტ ან ნაკლებ გვერდით მოვლენას. ფარმაცევტული ინდუსტრია საინტერესოა, რადგან მარტო მეცნიერებაში კი არა, ბიზნესშიც ჩართული ვარ ყოველდღიურად.

როგორ დაინტერესდით ბიოლოგიით და რას სწავლობდით?

ჩემი ინტერესი ჯერ კიდევ ბავშვობიდან მოდის. მამაჩემი ნავთობის ჭაბურღილზე მუშაობდა და ყოველთვის მოჰქონდა ხოლმე მოპოვებული ნიმუშები, რის გამოც ქიმიით დავინტერესდი. დედაჩემი კი ექიმის ოფისში მუშაობდა და სულ მიყვარდა იმის მოსმენა, როგორ ეხმარებოდა იგი პაციენტებს. შედეგად, რაც თავი მახსოვს, სულ მინდოდა საბაზისო მეცნიერებისა და ჯანდაცვის როგორღაც შერწყმა დაავადებების სამკურნალოდ — სწორედ ის, რაზეც ახლა ვმუშაობ.
პოლი შექმნის პროცესში მყოფი მედიკამენტის უსაფრთხოებას იკვლევს
უნივერსიტეტში ფარმაკოლოგიას ვსწავლობდი, მეცნიერებას დაავადებების მკურნალობისა და წამლების შექმნის შესახებ. ჩემი სადოქტორო დისერტაციაც ძალიან გამოყენებადი იყო — როგორ რეაგირებს ადამიანის ორგანიზმი სტრესზე.

თავისუფალ დროს რითი ერთობი?

სამი შვილი მყავს, ამიტომ სულ მათთან ვარ. თავისუფალ დროს მიყვარს სირბილი, მაინტერესებს ხელოვნება და მოგზაურობა. სირბილი ჩემთვის თერაპიასავითაა და ხშირად ყველაზე კარგი იდეები სწორედ ამ დროს მომდის.
რადგანაც მეცნიერებაში კრეატიულობა ძალიან მნიშვნელოვანია, მიყვარს ხელოვნება, მუზეუმებისა და გალერეების სტუმრობა. მოგზაურობის სენიც საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში შემეყარა, რადგან მე შოტლანდიიდან ვარ, მამაჩემი კი იტალიელია. ყოველთვის ძალიან ბედნიერი ვარ, როცა ამ საყვარელი საქმიანობების შერწყმას ვახერხებ.
პოლი და მისი ცოლი პარიზში მოგზაურობისას

რას ურჩევთ ბიოლოგიით დაინტერესებულ ადამიანებს?

არ მისცეთ სხვებს საშუალება, გადაგაფიქრებინონ სიახლეების გამოცდა ცხოვრებაში. ადამიანებს ყოველთვის ჰგონიათ, რომ ყველაფერი საუკეთესოდ იციან, მაგრამ კვლევისას გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ასე არ არის და სუბიექტური წარმოდგენები შესაძლოა, სრულიად მცდარი იყოს.
ბიოლოგიის ყველაზე კარგი ნაწილია სიახლეების გამოცდა, მონაცემების შეგროვება, მათზე დაყრდნობით დასკვნების გაკეთება და შემდგომი ნაბიჯების მორგება.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.