If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

სიცოცხლის ხანგრძლივობის ცხრილები, გადარჩენადობა & ასაკობრივ-სქესობრივი სტრუქტურა

ხერხები, რომლებსაც ეკოლოგები იყენებენ პოპულაციის ამჟამინდელი მდგომარეობის აღსაწერად და მათი სამომავლო ზრდის განსასაზღვრად.

საკვანძო საკითხები

  • პოპულაციის გაზრდისა და შემცირების წინასწარ განსასაზღვრად ეკოლოგებს სჭირდებათ სხვადასხვა ასაკის ორგანიზმთა შობადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლების და პოპულაციის ამჟამინდელი ასაკობრივი და სქესობრივი შემადგენლობის ცოდნა.
  • სიცოცხლის ხანგრძლივობის ცხრილები აჯამებენ ორგანიზმთა შობადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლებს მათი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.
  • გადარჩენადობის მრუდები არის გრაფიკები, რომლებზეც ნაჩვენებია, თუ პოპულაციის რა ნაწილი ახერხებს გადარჩენას ერთი ასაკიდან მეორემდე.
  • ასაკობრივ-სქესობრივი პირამიდა არის პოპულაციის მოცემული დროის „სურათი“, რომელზეც ნაჩვენებია, თუ როგორ ნაწილდებიან მისი წევრები ასაკობრივ და სქესობრივ კატეგორიებში.

შესავალი

მსოფლიოს მასტაბით მთავრობები ინახავენ ადამიანთა შობადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლების ჩანაწერებს — არა მხოლოდ ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის, არამედ მასში არსებული ცალკეული ჯგუფების ასაკობრივ და სქესობრივ ინფორმაციასაც. ხშირად ამ მონაცემებით ქმნიან შემაჯამებელ ცხრილებს, სიცოცხლის ხანგრძლივობის ცხრილებს. სადაზღვევო კომპანიები ამ ცხრილებს იყენებენ, რათა ცალკეული ასაკის სიკვდილიანობის მაჩვენებლის მეშვეობით გამოთვალონ დაზღვევის ტარიფი, რომელიც მათ სტატისტიკურად მოუტანს მოგებას.
ეკოლოგები ხშირად მსგავს ინფორმაციას აგროვებენ იმ სახეობებისთვის, რომელთაც შეისწავლიან, მაგრამ არა მოგების მაქსიმიზაციისთვის! ისინი ამას ცოდნის მისაღებად და, ხშირ შემთხვევაში, სახეობათა დაცვისთვის აკეთებენ. ავიღოთ, მაგალითად, ეკოლოგები, რომლებსაც გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი წითელი პანდა ადარდებთ. მათ შეუძლიათ, თვალი ადევნონ წითელი პანდების ჯგუფს მათი დაბადებიდან სიკვდილამდე. ყოველწლიურად ისინი დაითვლიან, რამდენი პანდა გადარჩა და რამდენი ბელი იშვა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით მათ შეეძლებათ, უკეთ გაიაზრონ მათი წითელი პანდების ჯგუფის სიცოცხლის ხანგრძლივობის ისტორია, ანუ, გადარჩენისა და გამრავლების ტიპური მოდელი.
რა გამოყენება აქვს სიცოცხლის ისტორიას? ზოგჯერ ეკოლოგებს, უბრალოდ, აინტერესებთ, თუ როგორ ცხოვრობენ, მრავლდებიან და იხოცებიან ორგანიზმები, თუმცა სიცოცხლის ისტორიის მონაცემების შეგროვებას პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს. შობადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლების შედარება პოპულაციის ამჟამინდელ „სურათთან“ — რამდენი ასაკოვანი და ახალგაზრდა ორგანიზმია პოპულაციაში და როგორაა გადანაწილებული იგი სქესობრივად — ეკოლოგებს აძლევს საშუალებას, წინასწარ განსაზღვრონ, თუ რამდენად გაიზრდება ან შემცირდება პოპულაცია მომავალში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობებისთვის, როგორიცაა წითელი პანდა ჩვენს მაგალითში.

სიცოცხლის ხანგრძლივობის ცხრილები

სიცოცხლის ხანგრძლივობის ცხრილში ჩაწერილია პოპულაციის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხები — პირდაპირი მნიშვნელობით! იგი აჯამებს ალბათობებს იმისა, თუ რამდენად იცოცხლებენ, დაიხოცებიან ან გამრავლდებიან ორგანიზმები მათი სიცოცხლის სხვადასხვა ეტაპზე.
მოდით, დავიწყოთ სიცოცხლის ხანგრძლივობის მარტივი ცხრილით, რომელიც მხოლოდ გადარჩენადობას გვიჩვენებს, და არა - გადარჩენადობასა და რეპროდუქტიულობას. კერძოდ, ქვემოთ ნაჩვენებ ცხოველზე შევჩერდეთ: დოლის მთის ცხვარი, ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთში მობინადრე გარეული ცხვარი.
სურათის წყარო: დოლის ცხვარი, დევიდ მაკ-მასტერი, CC BY-SA 3,0
სინამდვილეში, ეს მონაცემები საკმაოდ უცნაურად შეგროვდა. 1930-იან და 1940-იან წლებში ეკოლოგმა, სახელად ოლაუს მიურიმ, რამდენჯერმე ილაშქრა მაკ-კინლის მთის მახლობლად მდებარე ეროვნულ პარკში. რამდენჯერაც მას გზად მკვდარი დოლის მთის ცხვრის თავისქალა შეხვდებოდა, იგი მისი რქების სიგრძის მიხედვით ითვლიდა სიკვდილის სავარაუდო ასაკს1. მის მიერ ნაპოვნი 608 თავის ქალის ასაკების გამოყენებით მან მიახლოებით დათვალა ცხვრების გადარჩენადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები მათი სიცოცხლის განმავლობაში.
ქვემოთ მოცემულია მიურის თავის ქალების კოლექციის მონაცემებით შედგენილი ცხრილი. უფრო მარტივად წაკითხვადი რომ გამხდარიყო, ცხრილი 1000-ცხვრიან პოპულაციაზეა მორგებული. ცხრილის განხილვისას შეგვეძლება, წარმოვიდგინოთ, თუ საშუალოდ რა მოუვა ამ 1000 ცხვარს — კერძოდ, რამდენი მათგანი გადარჩება ან დაიღუპება თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში.
მოდით, ერთად გავარჩიოთ ცხრილის პირველი მწკრივი. აქ ჩვენ ვხედავთ, რომ დაიბადა 1000 ცხვარი, ანუ, მათ მიაღწიეს ნულოვან ასაკს. ამ ცხვართაგან 54 დაიღუპება მანამ, სანამ 0,5 წლამდე მიაღწევს. ამგვარად, სიკვდილიანობის მაჩვენებელია 54/1000, ანუ 0,054, როგორც ეს უკიდურეს მარჯვენა სვეტში წერია.
ასაკის დიაპაზონი წლებში1000 დაბადებულიდან გადარჩენილების რაოდენობა ასაკის დიაპაზონის დასაწყისში1000 დაბადებულიდან გარდაცვლილების რაოდენობა ასაკის დიაპაზონშიასაკზე-დამოკიდებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი—ინტერვალის დასაწყისში ცოცხალი ინდივიდების რაოდენობის შეფარდება ინტერვალის განმავლობაში გარდაცვლილების რაოდენობასთან
0–0,51000540,054
0,5–19461450,1533
1–2801120,015
2–3789130,0165
3–4776120,0155
4–5764300,0393
5–6734460,0627
6–7688480,0698
7–8640690,1078
8–95711320,2312
9–104391870,426
10–112521560,619
11–1296900,9375
12–13630,5
13–14331
ცხრილის წყარო: Edward S. Deevey2.
ცხრილში შეგვიძლია, ვნახოთ, რა ასაკში აქვს ცხვარს სიკვდილის ყველაზე დიდი შანსი. ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო პერიოდია 0,5-დან 1 წლამდე; ეს იმაზე მეტყველებს, რომ ახალგაზრდა ცხვრები მტაცებლისთვის მარტივი ნადავლები არიან და, ამის შედეგად, მარტივად იხოცებიან. კიდევ ერთი მონაკვეთი, როდესაც სიკვდილიანობა მაღალია, სიცოცხლის გვიანი პერიოდია, დაახლოებით რვა წლიდან დაწყებული. ამ დროს ცხვრები უკვე ხანდაზმულობის გამო იხოცებიან.
ეს ცხრილი მხოლოდ ჩონჩხია; იგი მარტოოდენ გადარჩენადობას გვიჩვენებს და არა - რეპროდუქციულობას. სიცოცხლის ხანგრძლივობის ცხრილების უმრავლესობაში ორივე მათგანია ასახული. ამ ცხრილს თუ რეპროდუქციულობას დავუმატებთ, მივიღებთ კიდევ ერთ სვეტს, რომელშიც ჩამოწერილი იქნება თითოეული ასაკობრივი ინტერვალის ერთი ცხვრის მიერ გაჩენილი ბატკნების საშუალო რაოდენობა.

გადარჩენადობის მრუდები

ჩემთვის სიცოცხლის ხანგრძლივობის ცხრილი სულაც არაა მარტივად წასაკითხი რამ. ისიც კი მირჩევნია, გადარჩენადობის მონაცემები გრაფიკის სახით ვნახო — ამას გადარჩენადობის მრუდი ეწოდება.
გადარჩენადობის მრუდი გვიჩვენებს, საწყისი ჯგუფის რა ნაწილია კიდევ ცოცხალი თითოეული ასაკობრივი კატეგორიისთვის. მაგალითად, დოლის მთის ცხვრის გადარჩენადობის მრუდი ქვემოთაა ნაჩვენები:
გრაფიკი მარტივსა და გასაგებს ხდის, რომ ადრეულ ასაკში ცხვრების გადარჩენადობაში მცირე ჩავარდნაა, თუმცა ცხვრების უმრავლესობა სიცოცხლის შედარებით უფრო გვიან სტადიაზე იხოცება.
განსხვავებულ სახეობებს განსხვავებული ფორმის გადარჩენადობის მრუდები აქვთ. ზოგადად, შეგვიძლია გადარჩენადობის მრუდების სამ ტიპად დაყოფა მათი ფორმების მიხედვით:
სურათის წყარო: პოპულაციის დემოგრაფია: სურათი 5, ოპენსტაქსის კოლეჯი, ბიოლოგია, CC BY 4,0
  • ტიპი I. ადამიანებსა და პრიმატების უმრავლესობას I ტიპის გადარჩენადობის მრუდები აქვთ. ამგვარ მრუდში ორგანიზმები იხოცებიან არა ახალგაზრდულ ან საშუალო ასაკში, არამედ როდესაც ბერდებიან. I კატეგორიის მრუდების მქონე სახეობებს, როგორც წესი, ცოტა შთამომავალი ჰყავთ და გამოირჩევიან მშობლისეული მზრუნველობით, რათა უზრუნველყონ შთამომავლობის გადარჩენა.
  • ტიპი II. ფრინველთა მრავალ სახეობას აქვს II ტიპის გადარჩენადობის მრუდი. ამგვარ მრუდში ორგანიზმები დაახლოებით თანაბრად იხოცებიან თითოეულ ასაკობრივ ინტერვალში. აგრეთვე, ამგვარი გადარჩენადობის მრუდის მქონე ორგანიზმებს შედარებით ცოტა შთამომავალი და კარგი მშობლიური მზრუნველობა ახასიათებთ.
  • ტიპი III. ხეებს, ზღვის უხერხემლოებსა და თევზების უმრავლესობას აქვთ III ტიპის გადარჩენადობის მრუდი. ამგვარ მრუდში ძალიან ცოტა ორგანიზმი ურჩება ადრეულ წლებს. მიუხედავად ამისა, ის იღბლიანები, რომლებიც ამას მოახერხებენ, დიდი ალბათობით, საკმაოდ დიდხანს იცოცხლებენ. ამგვარი მრუდის მქონე სახეობებს, როგორც წესი, ბევრი შთამომავალი ჰყავთ ერთ ჯერზე — მაგალითად, ხე ათასობით თესლს გამოათავისუფლებს — თუმცა ისინი დიდად არ გასცემენ მშობლისეულ მზრუნველობას.

ასაკობრივ-სქესობრივი სტრუქტურა

როგორ შეგვიძლია სიცოცხლის ხანგრძლივობის ცხრილიდან შობადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლების გამოყენებით პოპულაციის ზრდისა თუ შემცირების ტენდენციის განსაზღვრა? ამის ეფექტურად გასაკეთებლად გვჭირდება პოპულაციის ამჟამინდელი მდგომარეობის „სურათი“.
მაგალითად, ჩათვალეთ, რომ გვყავს დათვების ორი პოპულაცია: ერთი დიდწილად შედგება ახალგაზრდა, რეპროდუქციული ასაკის მდედრი დათვებისგან, მეორე კი - მამრი დათვებისგან, რომლებიც უკვე გასცდნენ რეპროდუქციულ ასაკს. ამ პოპულაციების ზომა და სიცოცხლის ხანგრძლივობის ცხრილი ერთნაირიც რომ იყოს — ანუ, მოცემულ ასაკობრივ კატეგორიაში ერთნაირი რეპროდუქციულობა და გადარჩენადობა ჰქონდეთ — ისინი, დიდი ალბათობით, სხვადასხვაგვარად განვითარდებიან.
  • პირველი პოპულაცია გაიზრდება, რადგან მასში ბევრი ისეთი დათვია, რომელსაც შეუძლია, შვას პატარა დათვუკები — ბელები.
  • მეორე ეპოპულაცია შემცირდება, რადგან მასში ბევრი ისეთი დათვია, რომელიც მალე მოკვდება და ვეღარ გამრავლდება.
ამგვარად, პოპულაციის ამჟამინდელი შემადგენლობა დიდ როლს თამაშობს, როდესაც პოპულაციის სამომავლო ზრდაზე ვსაუბრობთ! პოპულაციის ასაკობრივ-სქესობრივი სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია ხშირად გამოისახება პოპულაციის პირამიდის სახით. x ღერძი გვიჩვენებს პოპულაციის პროცენტულობას თითოეულ კატეგორიაში (მამრები მარცხნივაა ნაჩვენები, მდედრები — მარჯვნივ). y ღერძზე განთავსებულია ასაკობრივი ჯგუფები დაბადებიდან ხანდაზმულობამდე.
სურათის წყარო: პოპულაციის პირამიდა, CK-12 Foundation, CC BY-NC 3,0
პოპულაციის პირამიდებს ხშირად იყენებენ ადამიანთა მოსახლეობის მონაცემების ასასახავად. მეტიც, არსებობს განსაზღვრული ფორმის მქონე პირამიდები, რომლებიც ხშირად უკავშირდება მოსახლეობის ზრდად, სტაბილურ და შემცირებად მდგომარეობებს, როგორც ეს ქვემოთაა ნაჩვენები.
სურათის წყარო: მოსახლეობის ზრდა: სურათი 3, ოპენსტაქსის კოლეჯი, ბიოლოგია, CC BY 4,0
  • მოსახლეობის სწრაფი ზრდის ტემპის მქონე ქვეყნების ასაკობრივი სტრუქტურის დიაგრამებს მახვილი პირამიდის ფორმა აქვთ. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობაში ახალგაზრდების წილი დიდია, მათ უმრავლესობას კი რეპროდუქციული ასაკი აქვს ან მალე ექნება. ეს სტრუქტურა ხშირად გვხვდება ისეთ ქვეყნებში, რომლებიც ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებულნი არიან და რომლებშიც სიცოცხლის ხანგრძლივობა შეზღუდულია სამედიცინო დახმარებისა და სხვა რესურსებისადმი ხელმისაწვდომობით.
  • მოსახლეობის ნელი ზრდის ტემპის მქონე რეგიონებში, მათ შორის ეკონომიკურად უფრო განვითარებულ ქვეყნებში (მაგალითად, აშშ-ში), ასაკობრივ-სქესობრივი სტრუქტურები კვლავ პირამიდის ფორმისაა, თუმცა ეს პირამიდა იმდენად მახვილი აღარაა, რაც ნიშნავს, რომ ამ რეგიონებში უფრო ნაკლები ახალგაზრდა და რეპროდუქციული ასაკის მქონე ადამიანია, მოხუცებულები კი მეტნი არიან სწრაფად ზრდად ქვეყნებთან შედარებით.
  • სხვა განვითარებულ ქვეყნებს, მაგალითად, იტალიას, მოსახლეობის ნულოვანი ზრდა აქვს. ამ ქვეყნების მოსახლეობების ასაკობრივ სტრუქტურას აქვს გუმბათის ან სასილოსე საცავის ფორმა, საშუალო და ხანდაზმული ასაკის მოსახლეობა კი იმაზე მეტია, ვიდრე ნელი ზრდის ტემპის მქონე მაგალითში იყო.
  • და ბოლოს, ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანას, სულაც, მოსახლეობის შემცირების ტენდენცია ახასიათებს. ასეთია, მაგალითად, იაპონია3. ამ ქვეყნების პოპულაციის პირამიდა, როგორც წესი, ფუძისკენ იკუმშება, რაც იმას ასახავს, რომ ახალგაზრდები მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენენ.
ადამიანთა მოსახლეობების ამ მაგალითების მთავარი პრინციპები ნარჩუნდება ბუნებაში არსებული პოპულაციების შემთხვევაშიც. ახალგაზრდა და რეპროდუქციული ასაკის ინდივიდების დიდი წილი ნიშნავს, რომ პოპულაცია გაიზრდება. რეპროდუქციულ ასაკს გადაცილებული ინდივიდების დიდი წილი კი იმაზე მეტყველებს, რომ პოპულაცია შემცირდება.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.