If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ნიშები & კონკურენცია

რა არის ეკოლოგიური ნიშა. როგორ იბრძვიან ურთიერთგადამფარავი ნიშების მქონე სახეობები რესურსებისთვის. რესურსების განაწილება კონკურენციის შესამცირებლად.

საკვანძო საკითხები:

  • სახეობათაშორისი კონკურენციის დროს ორი სახეობა ერთსა და იმავე შეზღუდულ რესურსებს მოიხმარს. კონკურენციას ორივე სახეობაზე უარყოფითი ეფექტი აქვს (-/- ურთიერთქმედება).
  • სახეობის ეკოლოგიური ნიშა არის მისი ეკოლოგიური როლი, რომელიც განისაზღვრება მისთვის საჭირო (ან მის მიერ გამოყენებადი) პირობების, რესურსებისა და ურთიერთქმედებების წყებით.
  • კონკურენტული გამორიცხვის პრინციპი (გაუზეს კანონი) ამბობს, რომ ორი სახეობა ვერ თანაიარსებებს, თუკი მათ ზუსტად ერთი და იგივე ეკოლოგიური ნიშა აქვთ (და იბრძვიან იდენტური რესურსებისთვის).
  • ორი სახეობა, რომელთა ნიშებიც ურთიერთგადაიფარება, შეიძლება, ბუნებრივი გადარჩევის გზით ევოლუციონირდეს და უფრო სხვაგვარი ნიშა მიიღოს, რაც გამოიწვევს რესურსების განაწილებას.

შესავალი

ადამიანები მუდმივად ეჯიბრებიან ერთმანეთს – სამუშაოსთვის, სპორტული ჯილდოებისთვის, მეწყვილეებისთვის და კიდევ მრავალი სხვისთვის. მაგრამ ვუწევთ თუ არა კონკურენციას სხვა სახეობებსაც? ოდესმე თუ სალაშქროდ წასულხართ და თქვენი საკვები მოუპარავს თავზეხელაღებულ ენოტს, დათვს ან რომელიმე სხვა ცხოველს, მაშინ ცოტათი გაგისინჯავთ სახეობათაშორისი კონკურენციის გემო – იმ სხვადასხვა სახეობის წევრებს შორის კონკურენციის, რომლებიც იყენებენ ურთიერთგადამფარავ, შეზღუდულ რესურსებს.
ჰაბიტატში არსებული რესურსები ხშირად შეზღუდულია და მათ მოსაპოვებლად შესაძლოა, მრავალი სახეობა ეჯიბრებოდეს ერთმანეთს. მაგალითად, ბაღში ამოსული მცენარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან ნიადაგის საკვები ნივთიერებებისთვის, წყლისა და მზის სინათლისთვის. სახეობათაშორისი კონკურენციის ჯამური ეფექტი ორივე სახეობისთვის უარყოფითია (-/- ურთიერთქმედება). ეს ნიშნავს, რომ თითოეული სახეობა უკეთ იცხოვრებდა, მეორე სახეობა რომ იმავე ჰაბიტატში არ ყოფილიყო.
ამ სტატიაში უფრო დეტალურად განვიხილავთ ეკოლოგიური ნიშის კონცეფციას და ვნახავთ, როგორ ჩნდება ერთისა და იმავე ნიშის მქონე სახეობებში კონკურენცია. აგრეთვე ვიხილავთ, როგორ შეიძლება, სახეობამ განიცადოს ევოლუცია ბუნებრივი გადარჩევის გზით და მოიცვას უფრო განსხვავებული ნიშა, შესაბამისად, გაანაწილოს რესურსები და მინიმუმამდე შეამციროს კონკურენცია.

ნიშის კონცეფცია

სახეობის ნიშა არის მისი ეკოლოგიური როლი, „ცხოვრების გზა“, რომელიც განისაზღვრება მისთვის საჭირო (ან მის მიერ გამოყენებადი) პირობების, რესურსებისა და ურთიერთქმედებების წყებითstart superscript, 1, end superscript. თითოეული სახეობა თავისებურად ერგება თავის ეკოლოგიურ თანასაზოგადოებას და მას ამტანობის საკუთარი დიაპაზონები აქვს მრავალი გარემო ფაქტორის მიმართ. მაგალითად, თევზის სახეობის ნიშა შეიძლება, ნაწილობრივ განისაზღვროს მარილიანობის, pH-ისა (მჟავიანობისა) და ტემპერატურის განსაზღვრული დიაპაზონების მიმართ ამტანობით, აგრეთვე საკვების იმ ტიპებით, რომლებითაც მას შეუძლია კვება.
როგორც შემდეგ ვნახავთ, ზუსტად ერთისა და იმავე ნიშის მქონე ორგანიზმები ვერ გადარჩებიან ერთსა და იმავე ჰაბიტატში (რადგან ისინი ზუსტად ერთნაირი რესურსებისთვის იბრძვიან და ერთ-ერთი მეორის გადაშენებას გამოიწვევს). მიუხედავად ამისა, სახეობებს, რომელთა ნიშებიც მხოლოდ ნაწილობრივ თანაიკვეთება, შეუძლიათ თანაარსებობა. აგრეთვე, დროის ხანგრძლივი მონაკვეთების განმავლობაში მათ შეიძლება, ევოლუცია განიცადონ და დასჭირდეთ უფრო განსხვავებული, ან ნაკლებად ურთიერთგადამფარავი, რესურსების გამოყენება.

კონკურენტული გამორიცხვის პრინციპი

კონკურენტული გამორიცხვის პრინციპი ამბობს, რომ ჰაბიტატში ერთისა და იმავე ნიშის მქონე ორი სახეობა სტაბილურად ვერ თანაიარსებებს. ეს ასე იმიტომაა, რომ იდენტური ნიშების მქონე სახეობებს იდენტური საჭიროებები აქვთ, რაც ნიშნავს, რომ მათ შორის კონკურენცია ზუსტად ერთნაირი რესურსებისთვის წარიმართება.
კონკურენტული გამორიცხვის პრინციპის ცნობილი მაგალითი ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე, რომელიც მოიცავს ერთუჯრედიანი ორგანიზმების ორ ტიპს, Paramecium aurelia-სა და Paramecium caudatum-ს. როდესაც მათ ცალ-ცალკე ვზრდით ლაბორატორიაში, ორივე სახეობა ყვავის. მაგრამ როდესაც ისინი ერთსა და იმავე სინჯარაში (ჰაბიტატში) იზრდებიან, რომელსაც საკვები ნივთიერებების ფიქსირებული რაოდნეობა აქვს, ორივე უფრო მწირად იზრდება და P. aurelia საბოლოოდ სჯობნის P. caudatum-ს საკვების მოპოვებაში, რაც იწვევს ამ უკანასკნელის ამოწყდომას.
A, b და c გრაფიკებზე მოცემულია უჯრედების რაოდენობა და დრო (დღეებში). გრაფიკ (a)-ზე P. aurelia მარტოა გაზრდილი, გრაფიკ (b)-ზე კი P. caudatum-ია მარტო გაზრდილი. გრაფიკ (c)-ზე ორივე სახეობის ერთად გაზრდის მონაცემებია გამოსახული. ცალ-ცალკე გაზრდისას ორივე სახეობას ახასიათებს ლოგისტიკური ზრდა და ისინი უჯრედების შედარებით უფრო მაღალ სიმჭიდროვემდე იზრდებიან. როდესაც ისინი ერთად იზრდებიან, P. aurelia კვლავ ლოგისტიკურად იზრდება და უჯრედების დაახლოებით იმავე სიმჭიდროვეს აღწევს, რომელსაც მარტო გაზრდისას მიაღწია, თუმცა P. caudatum ძლივძლივობით იზრდება, საბოლოოდ კი მისი პოპულაციის რიცხვი 0-მდე ეცემა.
სურათის წყარო: „თანასაზოგადოებათა ეკოლოგია: სურათი 7", OpenStax College, Concepts of Biology, CC BY 4,0.
ბუნებაში იშვიათად ხდება, რომ ორ სახეობას ზუსტად ერთნაირი ნიშები ჰქონდეთ. მიუხედავად ამისა, სახეობათა ნიშების რაც უფრო დიდი ნაწილი თანაიკვეთება, მით უფრო ძლიერი იქნება მათ შორის კონკურენციაsquared.

რესურსების განაწილება

კონკურენტული გამორიცხვის თავიდან არიდება შეგვიძლია მაშინ, როდესაც კონკურენტი სახეობების რომელიმე (ან ორივე) მხარე ევოლუციას განიცდის ისე, რომ უჩნდება განსხვავებული რესურსის მოხმარების საჭიროება, იკავებს ჰაბიტატის სხვა ნაწილს ან იკვებება დღის სხვა მონაკვეთში. ამგვარი ევოლუციის შედეგი ისაა, რომ ორი მსგავსი სახეობა იყენებს უფრო მეტად არაურთიერთგადამფარავ რესურსებს და, შესაბამისად, მათ განსხვავებული ნიშები აქვთ. ამას ეწოდება რესურსების განაწილება და იგი სახეობებს თანაარსებობაში ეხმარება, ვინაიდან მათ შორის უფრო ნაკლები უშუალო კონკურენცია წარმოიქმნება.
კუნძულ პუერტო-რიკოზე მობინადრე ანოლისები (ხვლიკების გვარი) რესურსების განაწილების კარგი მაგალითია. ამ ჯგუფში ბუნებრივმა გადარჩევამ გამოიწვია იმ განსხვავებული სახეობების წარმოქმნა, რომლებიც განსხვავებულ რესურსებს იყენებენ. ქვემოთ მოცემული დიაგრამა გვიჩვენებს რესურსების განაწილებას ანოლისების 11 სახეობას შორის. თითოეული სახეობა მის კუთვნილ ჰაბიტატში ბინადრობს, რომელიც განისაზღვრება მცენარეულობის ტიპითა და სიმაღლით (ხეები, ბუჩქები, კაქტუსი და ა.შ.), მზის სინათლით, ტენიანობითა და სხვა ფაქტორებით.
დიაგრამა, რომელიც გვიჩვენებს ანოლისების სახეობებს შორის რესურსების განაწილებას. ზოგიერთი მათგანი ბინადრობს ხეების კენწეროებში, სხვები - შუაში, დანარჩენები კი - ხის ტანზე. ანოლისების სხვა სახეობებს ვაწყდებით ბუჩქებსა და კაქტუსებშიც. აგრეთვე, ზოგი სახეობა ბინადრობს უფრო მზიან, მშრალ გარემოში, სხვები კი - უფრო ჩრდილიან და ტენიან გარემოში. სულ წარმოდგენილია 11 სახეობა, რომელთაგან თითოეულიც შედარებით განსხვავებულ გარემოში ბინადრობს.
სურათის წყარო: „თანასაზოგადოებათა ეკოლოგია: სურათი 9, ევა ჰორნი, მოდიფიცირებულია უილიამსიდან და სხვ.cubed, ორიგინალი სტატიის ლიცენზიაა CC BY 4,0.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.