ძირითადი მასალა
ბიოლოგია
კურსი: ბიოლოგია > თემა 23
გაკვეთილი 4: შესავალი თანასაზოგადოებათა ეკოლოგიაშიურთიერთქმედებები თანასაზოგადოებებში
კონკურენციის, მტაცებლობის, ბალახისმჭამელობის, მუტუალიზმის, კომენსალიზმისა და პარაზიტიზმის მიმოხილვა.
საკვანძო საკითხები:
- ეკოლოგიური თანასაზოგადოება შედგება ცალკეულ არეალში მობინადრე ყველა სახეობის ყველა პოპულაციისგან.
- თანასაზოგადოების შიგნით განსხვავებულ სახეობებს შორის არსებულ ურთიერთქმედებებს ეწოდება სახეობათაშორისი ურთიერთქმედებები — inter- ნიშნავს „შორის"
- სახეობათაშორისი ურთიერთქმედებების სხვადასხვა სახეს განსხვავებული ეფექტები აქვს მათ წევრებზე. ეს ეფექტები შეიძლება იყოს დადებითი (+), უარყოფითი (-) ან ნეიტრალური(0).
- სახეობათაშორისი ურთიერთქმედებების მთავარი სახეებია კონკურენცია (-/-), მტაცებლობა (+/-), მუტუალიზმი (+/+), კომენსალიზმი (+/0) და პარაზიტიზმი (+/-).
შესავალი
როდესაც პოპულაციური ეკოლოგია განვიხილეთ, უმეტესწილად ცალკეული სახეობის იზოლირებულ პოპულაციებზე ვისაუბრეთ, თუმცა, რეალურად, ერთი სახეობის პოპულაციები იშვიათად — თუკი საერთოდ! — გამოეყოფა სხვა სახეობათა პოპულაციებს.
უმეტესწილად ჰაბიტატს მრავალი სახეობა იზიარებს და მათ შორის არსებული ურთიერთქმედებები გადამწყვეტ როლს თამაშობს პოპულაციის ზრდისა და სიჭარბის რეგულირებაში.
განსაზღვრულ არეალში ერთად მობინადრე სახეობების ყველა პოპულაცია ქმნის ეკოლოგიურ თანასაზოგადოებას. მაგალითად, მარჯნის რიფების ეკოლოგიური თანასაზოგადოების აღწერა რომ გვინდოდეს, მასში შევიყვანდით ნებისმიერი ტიპის ორგანიზმთა პოპულაციებს (რომელთა პოვნასაც მოვახერხებდით), დაწყებული მარჯნისა და თევზების სახეობებით, დამთავრებული მარჯანში მცხოვრები ერთუჯრედიანი ფოტოსინთეზური წყალმცენარეებით. ჯანმრთელი რიფის შემთხვევაში საკმაოდ ბევრ სხვადასხვა სახეობას მივიღებდით!
თანასაზოგადოებათა ეკოლოგებს სურთ, გაიგონ, რა ქმნის სახეობათა თანაარსებობის, მრავალფეროვნებისა და განაწილების კანონზომიერებებს, რომლებიც ბუნებაში გვხვდება. ამ საკითხების გარკვევის მთავარი ნაწილია იმის შესწავლა, თუ როგორ ურთიერთქმედებენ თანასაზოგადოებაში მყოფი განსხვავებული სახეობები ერთმანეთთან. ორ ან მეტ სახეობას შორის ურთიერთქმედებას ეწოდება სახეობათაშორისი ურთიერთქმედება — inter- ნიშნავს „შორის“.
ამ სტატიის დანარჩენ ნაწილში ჩვენ უფრო დეტალურად განვიხილავთ ეკოლოგიურ თანასაზოგადოებებში არსებული სახეობათაშორისი ურთიერთქმედებების მთავარ სახეებს. აქ მოცემულია მათი მოკლე მიმოხილვა:
სახელი | აღწერა | გავლენა |
---|---|---|
კონკურენცია | ორი სახეობის ორგანიზმს ერთი და იგივე ლიმიტირებული რესურსი სჭირდება გადასარჩენად და ერთმანეთზე უარყოფითი გავლენა აქვთ. | - / - |
მტაცებლობა | ერთი სახეობის წევრი, მტაცებელი, ჭამს სხვა სახეობის წევრის, მსხვერპლის სხეულს მთლიანად ან ნაწილობრივ. | + / - |
ბალახისმჭამელობა | მტაცებლობის განსაკუთრებული ფორმა, სადაც მსხვერპლი მცენარეა. | + / - |
მუტუალიზმი | გრძელვადიანი ახლო კავშირი ორ სახეობას შორის, რომლიდანაც ორივე წევრი სარგებელს იღებს | + / + |
კომენსალიზმი | გრძელვადიანი, ახლო კავშირი ორ სახეობას შორის, რომლიდანაც ერთი სარგებელს იღებს, მეორე კი არაფერს | + / 0 |
პარაზიტიზმი | გრძელვადიანი, ახლო კავშირი ორ სახეობას შორის, რომლიდანაც ერთი სარგებელს იღებს, მეორე კი ზარალდება | + / - |
მიმოხილვა: სახეობათაშორისი ურთიერთქმედებები
სახეობათაშორისი ურთიერთქმედებების სამ კატეგორიად დაყოფა შეგვიძლია: კონკურენცია, მტაცებლობა და სიმბიოზი. მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ თითოეული მათგანი.
კონკურენცია
სახეობათაშორისი კონკურენციის დროს ორი განსხვავებული სახეობის წევრები ერთსა და იმავე შეზღუდულ რესურსების იყენებენ და, შესაბამისად, ერთმანეთს კონკურენციას უწევენ მათთვის. კონკურენციას უაროფითი გავლენა აქვს ორივე სახეობაზე (-/- ურთიერთქმედება), რადგან თითოეული სახეობა უფრო კარგად გადარჩებოდა და გამრავლდებოდა, მეორე რომ არ არსებულიყო.
სახეობები ერმანეთს კონკურენციას უწევენ, როდესაც მათ აქვთ ურთიერთგადამფარავი ნიშები, რაც გულისხმობს ურთიერთგადამფარავ ეკოლოგიურ როლებსა და მოთხოვნებს, რომლებიც გადარჩენისა და გამრავლებისთვისაა საჭირო. კონკურენცია შეიძლება მინიმალური გახდეს, თუკი ურთიერთგადამფარავი ნიშების მქონე სახეობები ბუნებრივი გადარჩევის გზით განიცდიან ევოლუციას ისე, რომ უწევთ უფრო ნაკლები საერთო რესურსის გამოყენება, რასაც მივყავართ რესურსების განაწილებამდე.
მტაცებლობა
მტაცებლობის დროს ერთ-ერთი სახეობის წევრი — მტაცებელი — ჭამს სხვა ორგანიზმის — მსხვერპლის — სხეულის ნაწილს ან მთლიან სხეულს (იქნება ეს ცოცხალი ორგანიზმი თუ უკვე მკვდარი). ამგვარი ურთიერთქმედება სასარგებლოა მტაცებლისთვის, თუმცა საზიანოა მსხვერპლისთვის (+/- ურთიერთქმედება). მტაცებლობაში შეიძლება ჩართული იყოს ცხოველთა ორი სახეობა, თუმცა აგრეთვე შეიძლება, საქმე გვქონდეს ცხოველთან ან მწერთან, რომელიც მოიხმარს მცენარის ნაწილს. ეს უკანასკნელი არის მტაცებლობის სახე, რომელსაც ბალახისმჭამელობას ვუწოდებთ.
მტაცებლები და მსხვერპლი ერთმანეთის პოპულაციების დინამიკას არეგულირებენ. აგრეთვე, მტაცებელი-მსხვერპლის ურთიერთობაში მონაწილე მრავალმა სახეობამ განივითარა ადაპტაციები — ბუნებრივი გზით წარმოქმნილი სასარგებლო მახასიათებლები — რომლებიც მათ ურთიერთქმედებასთანაა დაკავშირებული. მსხვერპლის მხრიდან ასეთებია მექანიკური, ქიმიური ან ქცევითი დამცველობითი მექანიზმები. ზოგ სახეობას აგრეთვე აქვს გამაფრთხილებელი შეფერილობა, რომელიც პოტენციურ მტაცებლებს აფრთხილებს დაცვითი მექანიზმების ქონის შესახებ; სხვა უვნებელ სახეობებს შეიძლება, ჰქონდეთ ამ გამაფრთხილებელი შეფერილობების მიმიკრია (მიმსგავსება, მიბაძვა).
სიმბიოზი
სიმბიოზი არის ზოგადი ტერმინი ისეთი სახეობათაშორისი ურთიერთქმედებების აღსანიშნავად, რომლებშიც ორი სახეობა ერთად ცხოვრობს ხანგრძლივი, ინტიმური კავშირით. ყოველდღიურ ცხოვრებაში ტერმინ „სიმბიოზს“ ზოგჯერ ვიყენებთ ისეთი ურთიერთობის დასახასიათებლად, რომელშიც ორივე მხარე სარგებელს იღებს. მიუხედავად ამისა, ეკოლოგიაში სიმბიოზი უფრო ვრცელი კონცეფციაა და მოიცავს ახლო, ხანგრძლივ ურთიერთობებს, რომლებშიც მისი წევრების მრავალი სხვადასხვა დადებითი თუ უარყოფითი ეფექტი მოიაზრება.
მუტუალიზმი
მუტუალიზმის დროს ორ სახეობას აქვს ხანგრძლივი ურთიერთქმედება, რომელიც ორივესთვის სასარგებლოა (+/+ ურთიერთქმედება). მაგალითად, სოკოს ზოგიერთი სახეობა მუტუალისტურ კავშირშია მცენარის ფესვებთან. მცენარის ფოტოსინთეზი სოკოს ამარაგებს ფიქსირებული ნახშირბადით, რომელსაც შაქრების ან სხვა ორგანული მოლეკულების ფორმა აქვს. სოკოს აქვს ძაფისებრი სტრუქტურების, ჰიფების, ქსელი, რომელიც ნიადაგიდან წყლისა და საკვები ნივთიერებების შეწოვისა და მათი მცენარისთვის გადაცემის საშუალებას იძლევა.
კომენსალიზმი
კომენსალიზმის დროს ორ სახეობას აქვს ხანგრძლივი ურთიერთქმედება, რომელიც ერთ-ერთისთვის სასარგებლოა, მეორისთვის კი მას არ აქვს არც დადებითი და არც უარყოფითი ეფექტი (+/0 ურთიერთქმედება). მაგალითად, ჩვენს სხეულებში მცხოვრები მრავალი ბაქტერია ჩვენთან კომენსალურ ურთიერთობაშია. ისინი თავშესაფარსა და საკვებ ნივთიერებებს იღებენ, ჩვენზე კი არ აქვთ რაიმე აშკარა სასარგებლო ან საზიანო ეფექტი.
უნდა აღინიშნოს, რომ მრავალი მოჩვენებითი კომენსალიზმი სინამდვილეში ცოტათი მუტუალისტური ან ცოტათი პარაზიტულია (ერთ-ერთი მხარისთვის საზიანო, იხილეთ ქვემოთ), როდესაც მათ უფრო ახლოს ვაკვირდებით. მაგალითად, ბიოლოგები პოულობენ უფრო და უფრო მეტ მტკიცებულებას იმისა, რომ ჩვენს ორგანიზმში მობინადრე მიკრობები საკვანძო როლს თამაშობენ ჩვენს ჯანმრთელობაში.
პარაზიტიზმი
პარაზიტიზმის დროს ორ სახეობას აქვს ახლო, ხანგრძლივი ურთიერთქმედება, რომელიც ერთ-ერთისთვის, პარაზიტისთვის, სასარგებლოა, მეორე მხარისთვის კი, მასპინძელისთვის, საზიანო (+/- ურთიერთქმედება).
ზოგიერთი პარაზიტი ჩვენთვის კარგად ნაცნობ დაავადებებს იწვევს ადამიანებში. მაგალითად, თუკი თქვენს ნაწლავში თასმისებური ჭია ცხოვრობს, თქვენ მასპინძელი ხართ, ჭია კი პარაზიტია — თქვენი არსებობა აუმჯობესებს თასმისებური ჭიის ცხოვრების ხარისხს, თუმცა არა პირიქით!
სახეობათაშორისი ურთიერქმედებების შეჯამება
სახელი | აღწერა | გავლენა |
---|---|---|
კონკურენცია | ორი სახეობის ორგანიზმს ერთი და იგივე ლიმიტირებული რესურსი სჭირდება გადასარჩენად და ერთმანეთზე უარყოფითი გავლენა აქვთ. | - / - |
მტაცებლობა | ერთი სახეობის წევრი, მტაცებელი, ჭამს სხვა სახეობის წევრის, მსხვერპლის სხეულს მთლიანად ან ნაწილობრივ. | + / - |
ბალახისმჭამელობა | მტაცებლობის განსაკუთრებული ფორმა, სადაც მსხვერპლი მცენარეა. | + / - |
მუტუალიზმი | გრძელვადიანი ახლო კავშირი ორ სახეობას შორის, რომლიდანაც ორივე წევრი სარგებელს იღებს | + / + |
კომენსალიზმი | გრძელვადიანი, ახლო კავშირი ორ სახეობას შორის, რომლიდანაც ერთი სარგებელს იღებს, მეორე კი არაფერს | + / 0 |
პარაზიტიზმი | გრძელვადიანი, ახლო კავშირი ორ სახეობას შორის, რომლიდანაც ერთი სარგებელს იღებს, მეორე კი ზარალდება | + / - |
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.