If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ტროპიკული წვიმიანი ტყეების ბიომები

ბიომი ცალკეული ტიპის ეკოსისტემის მეორე სახელწოდებაა. ბიომები ხასიათდება კლიმატით, რომელიც განსაზღვრავს მასში არსებულ მცენარეებს. ბიომების კლიმატი და მცენარეები განსაზღვრავენ მასში მცხოვრებ ცხოველებს. ამ სტატიაში განხილულია დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და საკულტო ბიომის კლიმატი და ბიომრავალფეროვნება: ტროპიკული წვიმიანი ტყის.
ტროპიკული წვიმიანი ტყის ბიომს ოთხი ძირითადი მახასიათებელი აქვს: მაღალი წლიური ნალექიანობა, მაღალი საშუალო ტემპერატურები, საკვები ნივთიერებებით ღარიბი ნიადაგი და ბიომრავალფეროვნების მაღალი დონე (სახეობრივი სიმდიდრე).
ნალექები: ტერმინი „ტროპიკული წვიმიანი ტყე“ გულისხმობს, რომ ეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ნალექიანი ეკოსისტემაა. წვიმიან ტყეებს, როგორც წესი, მაღალი ყოველწლიური ატმოსფერული ნალექები ახასიათებს, თუმცა ზუსტი რაოდენობა მერყეობს განსხვავებულ წლებსა და წვიმიან ტყეებში. მაგალითად, სამხრეთი ამერიკის ტროპიკულ წვიმიან ტყეებში ყოველწლიური წვიმიანობა 200-დან 300-მდე სანტიმეტრია. ამ ეკოსისტემებში შედარებით თანმიმდევრული წვიმების მიუხედავად, ზოგ წვიმიან ტყეში სხვადასხვაგვარი მშრალი სეზონები იცის. ტროპიკული ტყეების წვიმიანი და მშრალი სეზონები განსხვავდება მოხდენის დროით, ხანგრძლივობითა და სიმკაცრით. ტროპიკული ტყეები აგრეთვე მაღალი ტენიანობით გამოირჩევა; დაახლოებით 88% წვიმების სეზონის დროს და დაახლოებით 77% მშრალი სეზონის დროს.
ტემპერატურა: ტროპიკული წვიმიანი ტყეები ეკვატორის მახლობლად მდებარეობს, კირჩხიბის ტროპიკსა (იგივე ჩრდილოეთ ტროპიკს; 23°27’N) და თხის რქის ტროპიკს (იგივე სამხრეთ ტროპიკს; 23°27’S) შორის. ეკვატორს პირდაპირი მზის სინათლე მიეწოდება. რადიაციის მუდმივი დასხივება მთელი წლის განმავლობაში მაღალ ტემპერატურებს იწვევს. წლის ნებისმიერ მონაკვეთში დღის საშუალო ტემპერატურა წვიმიან ტყეებში არის 29°C, თუმცა ზოგჯერ იგი გაცილებით დიდია. ტროპიკული წვიმიანი ტყეების უმრავლესობაში სეზონებს შორის მხოლოდ 5°C-იანი სხვაობაა ტემპერატურაში.
ნიადაგის შემცველობა: ვინაიდან ტროპიკულ წვიმიან ტყეებში ფოთლეულის ძალიან დიდი რაოდენობა და საოცარი მრავალფეროვნებაა, შესაძლოა, იფიქროთ, რომ ტროპიკული ტყეების ნიადაგები საკვები ნივთიერებებითაა მდიდარი. რეალურად, ტროპიკული ტყეების ნიადაგები საკმაოდ ღარიბია, რადგან საკვები ნივთიერებები მათში არ ინახება დიდი ხნით — ძლიერი წვიმების შედეგად ორგანული ნივთიერებები ნიადაგიდან ჩამოირეცხება. მართალია, ცხელ, ტენიან პირობებში დაშლა უფრო სწრაფად ხდება, მაგრამ ჩამოცვენილი და დამჭკნარი ფოთლების უმეტესობა და სხვა ორგანული დეტრიტები მანამ ნადგურდება, სანამ მათგან საკვები ნივთიერებები გამოთავისუფლდება. მეტიც, წვიმის წყალი მიწაში ჩაედინება და მას საკვები ნივთიერებებისგან ცლის. მიუხედავად ამისა, რედუცენტების მრავალფეროვნება, მაგალითად, ბაქტერიებისა და სოკოების თანაობა, დაშლის პროცესს საკმარისად ასწრაფებს და მის შედეგად გამოთავისუფლებულ ნივთიერებებს მალევე იღებენ მცენარეები, ნაცვლად მათი ნიადაგში შენახვისა.
ბიომრავალფეროვნება: სხვა ეკოსისტემებთან შედარებით ტროპიკული წვიმიანი ტყეები უკიდურესი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ბორნეოს ტროპიკულ ტყეებში მეცნიერებმა 15,000-ზე მეტი მცენარის სახეობა აღრიცხეს, მათ შორის 2,500 ორქიდეისა იყო! ბიოლოგებს მიაჩნიათ, რომ ტროპიკულ ტყეებში მსოფლიოს ხმელეთის მცენარეებისა და ცხოველების სახეობების 50% იყრის თავს, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ტროპიკული დღეები დედამიწის ხმელეთის ფართობის მხოლოდ 6%-ს შეადგენს.
მსოფლიოს ყველა ტროპიკული წვიმიანი ტყე გავს კლიმატითა და ნიადაგის შემცველობით, მაგრამ თითოეული რეგიონული ტროპიკული ტყე უნიკალურია. ყველა ტროპიკულ წვიმიან ტყეში ზუსტად ერთი და იგივე სახეობები არ გვხვდებიან. მაგალითად, აფრიკის ტროპიკულ ტყეებში მობინადრე სახეობები განსხვავდებიან ცენტრალური ამერიკის ტროპიკულ ტყეებში მობინადრეებისგან. მიუხედავად ამისა, განსხვავებული სახეობები მსგავს როლებს ასრულებენ თავიანთ სპეციფიკურ, რეგიონულ ტროპიკულ ტყეში.
ყვავილოვან მცენარეებს დამტვერვა სჭირდება გასამრავლებლად. დამტვერვის დროს ყვავილის მტვერი მამრის რეპროდუქციული ორგანოებიდან მდედრის რეპროდუქციულ ორგანოებს გადაეცემა ყვავილში, რათა მცენარის თესლი წარმოიქმნას. ტროპიკული ტყეების მრავალი მცენარე დამოკიდებულია დამამტვერიანებელ ცხოველებზე, რომლებსაც ისინი ჭყეტელა ფერების კომბინაციის დემონსტრირებით, მაცდური სურნელებითა და საკვები ნივთიერებებით მდიდარი ყვავილის მტვერით მიიზიდავენ. მცენარეები აგრეთვე დამოკიდებულნი არიან ცხოველებსა თუ ქარზე, რათა მოახერხონ თავიანთი თესლების ახალ უბნებზე გადატანა და გავრცელება. ამგვარი გავრცელება ზრდის პოპულაციის განაწილებას. მრავალი მცენარე თავის თესლს გემრიელ ნაყოფებში სვამს. „გამავრცელებლებს“ მცენარეთა თესლები ბეწვში ან ბუმბულებში ეჭედებათ და ასე გადააქვთ იგი, ან ნაყოფი მიაქვთ და მისი ჭამისას თესლს ძირს ყრიან, ან თესლი „გამავრცელებლის“ საჭმლის მომნელებელ სისტემას გადის, თუკი იგი მთლიანად შეჭამს ნაყოფს. სახეობები, რომლებიც ამ მნიშვნელოვან ეკოლოგიურ როლს ასრულებენ, სხვადასხვაა განსხვავებულ ტროპიკულ წვიმიან ტყეებში. ქვემოთ მოყვანილია მათი რამდენიმე მაგალითი მთელი მსოფლიოდან:
კოსტა-რიკის ტროპიკულ წვიმიან ტყეში მატყლის ხეს (კაპოკს) ღამურები მტვერავენ, მცენარის თესლი კი ქარით ვრცელდება. ამაზონის აუზში ბრაზილიური კაკლის ხე იმტვერება ორქიდეის ფუტკრებით, თესლებს კი აგუტი — ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკებში მობინადრე დიდი მღრღნელი — ავრცელებს. მადაგასკარში მოგზაურთა ხეს მტვერავენ ლემურები, თესლს კი თუთიყუშები ავრცელებენ. ბორნეოზე ლეღვის ხეებს მტვერავენ ლეღვის კრაზანები, თესლს კი ორანგუტანი — ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ადამიანის მსგავსი მაიმუნი — ავრცელებს.
პრიმატები ტროპიკული წვიმიანი ტყეებისა და მათ განსხვავებულ რეგიონებს შორის არსებული მრავალფეროვნების საკულტო მაგალითებია. პრიმატები ცხოველთა ჯგუფია, რომელშიც შედიან ადამიანები, ადამიანის მსგავსი მაიმუნები და მაიმუნები. ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში გვხვდებიან ღრიალა მაიმუნები, კოატები, კაპუცინები და საიმირები, ხოლო აფრიკაში ბინადრობენ ვერვეტები, პავიანები, შიმპანზეები და გორილები. მადაგასკარი ლემურების ერთადერთი სახლია, აზიაში კი გვხვდებიან ცხვირა მაიმუნები, მაკაკები, ლანგურები, გიბონები და ორანგუტანები. ეს ნიშნავს, რომ ერთი ტროპიკული ტყის გადარჩენა სულაც არ ინარჩუნებს მთელი მსოფლიოს ტროპიკულ ტყეებში წარმოდგენილ მრავალფეროვნებას. ადამიანები ძლიერ ზემოქმედებენ ტროპიკულ ტყეებზე მთელ მსოფლიოში, რაც გამოწვეულია ე.წ. „გაჩეხვისა და გადაწვის მეთოდით“ მიწათმოქმედებით (ინგლ. slash-and-burn agriculture), სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებით, ხეტყის ჭარბი ჭრით და გზებისა და ქალაქების ზრდით.
სურათები: ღრიალა მაიმუნი — ჯეისონ როთმეიერი; ტროპიკული ტყე — ნილ პალმერი; ორანგუტანი — ტონი ჰისჯეტი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.