If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ცხოველთა კომუნიკაცია (ურთიერთობა)

ვისწავლოთ, როგორ ურთიერთობენ ცხოველები ვიზუალური, ხმოვანი, შეხებისა და ქიმიური სიგნალებით.

საკვანძო საკითხები

  • კომუნიკაცია არის ერთი ცხოველის მიერ მეორისთვის ინფორმაციის გადაცემა, რაც ინფორმაციის მიმღებ ცხოველში გარკვეულ ცვლილებას იწვევს.
  • კომუნიკაცია ძირითადად ერთი სახეობის ცხოველებს შორის მყარდება, თუმცა ის შეიძლება განსხვავებული სახეობის ორ ცხოველს შორისაც დამყარდეს.
  • ცხოველები ერთმანეთთან კომუნიკაციას ამყარებენ სიგნალების გამოყენებით, მათ შორისაა ვიზუალური; აუდიტორული, ანუ სმენითი; ქიმიური (მაგალითად, ფერომონები); ტაქტილური, ანუ შეხებითი, სიგნალები.
  • კომუნიკაციური ქცევა ცხოველებს ეხმარება მეწყვილეების პოვნაში, დომინირების დამყარებაში, ტერიტორიის დაცვაში, ჯგუფური ქცევის კოორდინირებაში და ახალგაზრდა ინდივიდებზე ზრუნვაში.

შესავალი

ოდესმე გიფიქრიათ, როგორ მიუყვებიან ჭიანჭველები, ერთი შეხედვით, უხილავ ბილიკებს, რომლებსაც ისინი საკვებამდე მიჰყავს? რატომ ნიშნავენ მამრი ძაღლები თავიანთ ტერიტორიას ბუჩქებსა და საფარნე ბოძებზე მოშარდვის გზით, როდესაც ისინი სასეირნოდ გაგყავთ? რას ეუბნებიან ერთმანეთს ჩიტები, როდესაც ისინი ფანჯრის გარეთ ჭიკჭიკებენ?
თუკი გიფიქრიათ, მაშინ სწორ ადგილას მოხვდით! ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ ცხოველთა სამეფოში გამოყენებადი კომუნიკაციების ამ და სხვა სახეებს.

კომუნიკაციას მრავალი სახე აქვს

კომუნიკაცია — როდესაც ცხოველთა ქცევაზე ვსაუბრობთ — შეიძლება, იყოს ნებისმიერი პროცესი, რომლის დროსაც ინფორმაცია ერთი ცხოველიდან მეორეს გადაეცემა და ინფორმაციის მიმღებ ცხოველში საპასუხო ცვლილებას ან რეაქციას აღძრავს.
კომუნიკაცია მეტწილად სახეობის წევრებს შორის ხდება, თუმცა ზოგჯერ სხვადასხვა სახეობებს შორისაც. მაგალითად, თქვენმა ძაღლმა შეიძლება, დაგიყეფოთ, რათა საკვები მისცეთ! ზოგიერთი სახეობა ძალიან სოციალურია, ჯგუფებად ცხოვრობს და მუდმივად ურთიერთქმედებს; კომუნიკაცია აუცილებელია ამ ჯგუფების შეკრულობისა და ორგანიზებულობის შესანარჩუნებლად. მიუხედავად ამისა, იმ ცხოველებსაც კი, რომლებიც შედარებით მარტოსულები არიან, უწევთ მცირე კომუნიკაცია მაინც, თუნდაც მეწყვილის საპოვნელად.
რა სახეები აქვს კომუნიკაციურ ქცევებს? უნდა ითქვას, რომ ცხოველთა სენსორული სისტემები საკმაოდ მრავალფეროვანია. მაგალითად, ძაღლის ყნოსვის უნარი 40-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენი!2 ამ სენსორული მრავალფეროვნების გამო განსხვავებული ცხოველები სტიმულების ფართო დიაპაზონის გამოყენებით ამყარებენ კომუნიკაციას. ამ სტიმულებს სიგნალები ეწოდება.
ქვემოთ მოცემულია სიგნალების რამდენიმე მთავარი ტიპი:
  • ფერომონები — ქიმიური ნივთიერებები
  • აუდიტორული (სმენის) სიგნალები — ხმები
  • ვიზუალური სიგნალები
  • ტაქტილური სიგნალები — შეხება
ზოგჯერ სიგნალები ელექტრულიც კია!
საიდან მოდის კომუნიკაციური ქცევების ეს მრავალფეროვნება? სხვა ნიშან-თვისებების მსგავსად, კომუნიკაციური ქცევებიც — და/ან ამ ქცევათა სწავლის შესაძლებლობები — ბუნებრივი გადარჩევის გზით წარმოიქმნება. მემკვიდრული კომუნიკაციური ქცევები, რომლებიც ზრდის ორგანიზმის გადარჩენისა და გამრავლების შანსს, უფრო მეტი წარმატებით მოახერხებს არსებობის გაგრძელებას და უფრო ხშირი გახდება პოპულაციასა თუ სახეობაში.
სტატიის დარჩენილ ნაწილში ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე მაგალითს იმ მრავალი გზისა, რომელთა მეშვეობითაც ცხოველებს შეუძლიათ ერთმანეთთან კომუნიკაცია.

ფერომონები

ფერომონი არის გამოყოფილი ქიმიური სიგნალი, რომელიც გამოიყენება იმავე სახეობის სხვა ინდივიდში საპასუხო რეაქციის აღსაძვრელად. ფერომონები განსაკუთრებით დამახასიათებელია სოციალური მწერებისთვის, მაგალითად, ჭიანჭველებისა და ფუტკრებისთვის. ფერომონები მიიზიდავენ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს, ტეხენ განგაშს, ნიშნავენ საკვების გზას, ან იწვევენ სხვა, უფრო კომპლექსურ ქცევებს.
ქვემოთ მოცემული დიაგრამა გვიჩვენებს ფერომონთა ბილიკებს, რომლებსაც ჭიანჭველები წარმოქმნიან, რათა კოლონიის სხვა წევრებს საკვების წყაროები უჩვენონ. როდესაც საკვების წყარო მდიდარია, ჭიანჭველები ფერომონს მისკენ სვლის დროსაც გამოყოფენ და დაბრუნებისასაც, ქმნიან ბილიკს და მიიზიდავენ სხვა ჭიანჭველებს. როდესაც საკვების წყარო ამოწურვის პირასაა, ჭიანჭველები მისგან უკან წამოსვლისას ბილიკს აღარ მიამატებენ ფერომონს, რათა იგი გაქრეს3,4.
სურათის წყარო: Knapsack ants, Dake, CC BY 2,5
ჭიანჭველები ფერომონებს აგრეთვე იყენებენ კოლონიაში საკუთარი სოციალური სტატუსისა თუ როლის გასაცხადებლად, განსხვავებული „კასტების“ ჭიანჭველები კი ერთსა და იმავე ფერომონულ სიგნალებზე სხვადასხვაგვარად რეაგირებენ3. გასრესილი ჭიანჭველაც გამოყოფს ფერომონებს, რომლებიც ახლომახლო მყოფ ჭიანჭველებს საფრთხის შესახებ ატყობინებს და აგულიანებს მათ, რომ შეჯგუფდნენ და დაკბინონ მოწინააღმდეგე5,6.
ფერომონების გამოყენებით ძაღლებიც ურთიერთობენ. ისინი ერთმანეთს სუნავენ, რათა მოაგროვონ ქიმიური ინფორმაცია. აგრეთვე, მრავალი ქიმიური ნივთიერება გამოიყოფა მათ შარდში. ბუჩქსა თუ ბოძზე მიშარდვით ძაღლი ტოვებს საკუთარი იდენტობის ნიშანს, რომლის ამოცნობაც შეუძლიათ სხვა ძაღლებს, და აცხადებს, რომ ახლომდებარე ტერიტორია მას ეკუთვნის7,8.

აუდიტორული სიგნალები

აუდიტორული კომუნიკაცია — ხმაზე დამყარებული კომუნიკაცია — ფართოდ გამოიყენება ცხოველთა სამეფოში.
აუდიტორული კომუნიკაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფრინველებისთვის, რომლებიც სწორედ ხმის მეშვეობით იტყობინებიან საფრთხის შესახებ, იზიდავენ მეწყვილეებს, იცავენ ტერიტორიებს და ათანხმებენ ჯგუფურ ქცევას. ზოგიერთი ფრინველი აგრეთვე გალობს — გამოსცემს იმ ვოკალიზაციებს, რომლებიც შედარებით გრძელი და მელოდიურია და, როგორც წესი, მსგავსია ერთისა და იმავე სახეობის წარმომადგენლებში.
სურათის ავტორი: სოფლის მერცხალი მღერის ავტორი Charles J. Sharp, CC BY-SA 4,0
ხმის მეშვეობით მრავალი არაფრინველი სახეობაც ამყარებს კომუნიკაციას:
  • მაიმუნები გამაფრთხილებლად ყვირიან, როდესაც მტაცელები ახლოსაა, რითიც რაზმის სხვა წევრებს ეძლევათ გაქცევის შანსი. მაიმუნ ვერვეტებს განსხვავებული შეძახილებიც კი აქვთ სხვადასხვა მტაცებლის აღსანიშნავად.
  • ხარბაყაყები ყიყინებენ მდედრი ბაყაყების მისაზიდად. ბაყაყების ზოგიერთი სახეობის ეს ხმოვანება მთელი მილის დაშორებითაც კი ისმის!
  • გიბონები შეძახილებს იყენებენ ტერიტორიის მოსანიშნად და პოტენციურ კონკურენტებთან დისტანციის დასაჭერად. შეწყვილებული მამრი და მდედრი, და მათი შთამომავლობაც კი, ზოგჯერ ერთხმად გამოსცემენ ამ შეძახილებს.
წყალი, ჰაერის მსგავსად, ატარებს ხმოვან ტალღებს და ბგერებს კომუნიკაციისთვის წყლის ცხოველებიც იყენებენ. მაგალითად, დელფინები წარმოქმნიან სხვადასხვაგვარ ხმებს — მათ შორის სტვენას, ჭყივილსა და წკლაპუნს — და მათ კომპლექსურ სისტემაში აქცევენ. ის აზრი, რომ ეს შესაძლოა ენის გარკვეულ ფორმას გამოხატავდეს, დამაინტრიგებელი, მაგრამ საკამათოა9.

ვიზუალური სიგნალები

ვიზუალური კომუნიკაცია მოიცავს ისეთ სიგნალებს, რომელთა დანახვაც შესაძლებელია. ამ სიგნალებს შორისაა ჟესტები, სახის გამომეტყველებები, სხვეულის პოზები და შეფერილობა.
ჟესტები და პოზები ფართოდ გამოყენებადი ვიზუალური სიგნალებია. მაგალითად, შიმპანზეები საფრთხის შესახებ იტყობინებიან ხელების აღმართვით, მიწაზე დარტყმით ან სხვა შიმპანზესთვის უშუალო მიჩერებით. ჟესტები და პოზები ხშირად გამოიყენება საქორწილო რიტუალებში და მათ ზოგჯერ სხვა სიგნალების — მაგალითად, ნათელი შეფერილობის — გამომზეურებაც ახლავს თან.
ზოგიერთ სახეობაში ინფორმაციის გადასაცემად სახის გამომეტყველებებიც გამოიყენება. მაგალითად, ე.წ. „შიშის სიცილი“, რომელიც ქვემოთ გამოსახული შიმპანზეს სახეზეა ნაჩვენები, მორჩილების შესახებ იტყობინება. ამ გამომეტყველებას იყენებენ ახალგაზრდა შიმპანზეები, როდესაც ისინი თავიანთ გუნდში დომინანტ მამრს აწყდებიან, რათა აჩვენონ მას თავიანთი მორჩილება.
სურათის წყარო: 'შიშის სიცილი' ავტორი CK-12 Foundation, CC BY-NC 3,0
ვიზუალურ სიგნალებს შორისაა აგრეთვე შეფერილობის ცვლილებები. მაგალითად, მაიმუნთა ზოგიერთ სახეობაში მდედრის რეპროდუქციული ორგანოს შემოგარენში არსებული კანი ნათელ ფერს იძენს, როდესაც მდედრი თავისი რეპროდუქციული ციკლის ნაყოფიერობის ეტაპზეა. შეფერილობის ცვლილება იტყობინება, რომ ქალი ხელმისაწვდომია თაყვანისმცემლებისთვის.
ორგანიზმის ზოგადი შეფერილობა (და არა — შეფერილობის ცვლილება) აგრეთვე ვიზუალური სიგნალივით მოქმედებს1. მაგალითად, ზოგიერთი შხამიანი სახეობის, ვთქვათ, ხემძრომი შხამიანი ბაყაყის, ნათელი შეფერილობა მტაცებლებს „არ შეჭამო“ გამაფრთხილებელ სიგნალს აძლევს.
სურათის წყარო: Ranitomeya amazonica ავტორი Vir Vikram Singh, CC BY-SA 3,0

ტაქტილური სიგნალები—შეხება

ტაქტილური სიგნალები უფრო მეტადაა შეზღუდული მანძილით, ვიდრე სხვა ტიპის სიგნალები, ვინაიდან ასეთი სიგნალის გადასაცემად ორი ორგანიზმი აუცილებლად ერთიმეორის ახლოს უნდა იდგეს და შეეძლოს შეხება10. და მაინც, ასეთი სიგნალები მრავალი სახეობის კომუნიკაციის რეპერტუარის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ტაქტილური სიგნალები საკმაოდ ხშირია მწერებში. მაგალითად, მეთაფლია ფუტკარი ფურაჟირი, რომელმაც იპოვა საკვების წყარო, ასრულებს მოძრაობების რთულ წყებას, რომელსაც „ფუტკრის რხეული როკვა“ ეწოდება, რათა მიანიშნოს სხვებს საკვების წყაროს ადგილმდებარეობა. ვინაიდან ეს ცეკვა ბუდეში ხორციელდება, სადაც სიბნელეა, სხვა ფუტკრები მას დიდწილად შეხების მეშვეობით „თარგმნიან“11,12.
ტაქტილური სიგნალები აგრეთვე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სოციალურ ურთიერთობებში. მაგალითად, პრიმატების მრავალ სახეობაში ჯგუფის წევრები ერთიმეორეს წმენდენ — აშორებენ პარაზიტებს და ასრულებენ სხვა ჰიგიენურ მოქმედებებს13. ეს ტაქტილური ქცევა ჯგუფის წევრებს შორის აძლიერებს ერთიანი ძალებით მოქმედებასა და სოციალურ კავშირებს14.
ტაქტილური სტიმულები აგრეთვე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ახალგაზრდა ორგანიზმების გადარჩენაში. მაგალითად, ახალშობილი ლეკვები ინსტინქტურად ზელენ დედის სარძევე ჯირკვლებს, რაც იწვევს ჰორმონ ოქსიტოცინის გამოყოფასა და რძის წარმოქმნას15.

რისთვის გამოიყენება კომუნიკაცია?

როგორც ზემოთ მოყვანილ მაგალითებში ჩანს, ცხოველები მრავალი სხვადასხვა ტიპის სიგნალების მეშვეობით ამყარებენ კომუნიკაციას. ისინი ამ სიგნალებს აგრეთვე კონტექსთა საკმაოდ ფართო დიაპაზონში იყენებენ. ქვემოთ მოცემულია კომუნიკაციის რამდენიმე ყველაზე მთავარი ფუნქცია:
  • მეწყვილეთა პოვნა. მრავალ ცხოველს აქვს რთული კომუნიკაციური ქცევები, რომლებიც შეწყვილებას ახლავს თან. ეს ქცევები შეიძლება, მოიცავდეს მეწყვილის მიზიდვასა თუ მის სხვა პოტენციურ თაყვანისმცემლებთან კონკურენციას.
  • დომინაციის მოპოვება და ტერიტორიის დაცვა. მრავალ სახეობაში კომუნიკაციური ქცევები მნიშვნელოვანია სოციალურ იერარქიაში დომინაციის მოპოვებისთვის და ტერიტორიის დასაცავად.
  • ჯგუფური ქცევების შეთანხმება. სოციალურ სახეობებში კომუნიკაცია საკვანძო როლს ასრულებს ჯგუფის აქტივობების შეთანხმებაში, მაგალითად, საჭმლის მოპოვებასა და დაცვაში, და ჯგუფის შეთანხმებულობის შენარჩუნებაში.
  • ნაშიერებზე ზრუნვა. იმ სახეობებში, რომლებიც შთამომავლებს მშობლისეული მზრუნველობით უზრუნველყოფენ, კომუნიკაცია ათანხმებს მშობლისა და ნაშიერის ქცევებს, რაც ხელს უწყობს შთამომავლობის გადარჩენას.
როგორც ამ მაგალითებიდან ჩანს, კომუნიკაცია ორგანიზმებს ეხმარება ერთამენთთან ურთიერთქმედებაში, რაც ხელს უწყობს სიცოცხლის საბაზო ფუნქციების შესრულებას, მაგალითად, გადარჩენას, მეწყვილის პოვნასა და ნაშიერებზე ზრუნვას.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.