მოსწავლის გამოცდილება ხანის აკადემიაზე

შეჯამება იმისა, თუ რასთან აქვთ შეხება მოსწავლეებს, როდესაც ისინი ხანის აკადემიას იყენებენ სწავლისა და ვარჯიშისთვის.
შენიშვნა: ამ სტატიაში აღწერილი ზოგიერთი ფუნქცია საიტზე ჯერ არ დამატებულა!
ვიცით, რამდენად სასარგებლოა მასწავლებლებისთვის, სრულყოფილად ესმოდეთ მოსწავლის გამოცდილება ნებისმიერი სასწავლო რესურსის, მათ შორის ხანის აკადემიის, გამოყენებისას. ქვემოთ ჩვენ დეტალურად აგიხსნით, თუ რას იპოვიან თქვენი მოსწავლეები ხანის აკადემიაზე.

პირველი ნაბიჯები

მოსწავლეებს საიტზე ავტორიზაციისთვის შეუძლიათ, ანგარიში შექმნან ka.khanacademy.org-ზე.
პირველ ყოვლისა, მოსწავლეებმა უნდა აირჩიონ თავიანთი კლასი.
შემდეგ მოსწავლეები ირჩევენ ერთ ან მეტ საგანს, რომლებსაც ისწავლიან ხანის აკადემიაზე. მაგალითად, ქვემოთ ნაჩვენები მე-12 კლასის მოსწავლე ირჩევს AP კალკულუს AB-ს, ქიმიას, AP ხელოვნების ისტორიასა და SAT-ს.
არჩევანის გაკეთების შემდეგ მოსწავლეს ექნება წვდომა ინდივიდუალურ მთავარ გვერდთან, რომელზეც მისი კლასებია ნაჩვენები.
მოსწავლეს შეუძლია, საკუთარი მთავარი გვერდიდან გადავიდეს „მწვრთნელების გვერდზე“ ან, უბრალოდ, ჩაწეროს ka.khanacademy.org/coaches და შეუერთდეს მასწავლებლის კლასს ელფოსტის ან კლასის კოდის მეშვეობით.

დავალებების ნახვა და შესრულება

როდესაც მასწავლებელი ახალ დავალებებს იძლევა, მოსწავლეს შეუძლია, ნახოს ისინი საკუთარ მთავარ გვერდზე ან დავალებების გვერდზე.

სავარჯიშოები (ამოცანათა ნაკრებები) მოსწავლეებისთვის

სავარჯიშოების ფანჯარას რამდენიმე ფუნქცია აქვს:
1) ფანჯრის ქვედა ნაწილში არსებული „პროგრესის მთვლელი“ მოსწავლეს აჩვენებს პასუხების ისტორიას, მათ შორის იმას, თუ რომელ კითხვებს გაეცა პასუხები სწორად და რომლებს — არასწორად.
2) თითოეული ამოცანის ქვემოთ არის ვიდეოს ყურების ან დახმარების გამოყენების შემოთავაზება. ვიდეოს ყურება გავლენას არ მოახდენს მოსწავლის პროგრესზე, თუმცა დახმარების გამოყენება ამოცანას ამოუხსნელად ჩათვლის.
3) სავარჯიშოს ფანჯრის ქვედა მარცხენა კუთხეში არის მარკერის ხატულა, რომელიც გახსნის ამოცანის ამოსახსნელად განკუთვნილ სამუშაო დაფას, რომელზე მუშაობაც შესაძლებელია პლანშეტით, მობილურით ან კომპიუტერით.
ამოცანათა ნაკრების შესრულების შემდეგ მოსწავლეს შეფასების სამი კატეგორიიდან ერთ-ერთი ენიჭება:
სწორია 70%-ზე ნაკლები: თუკი მოსწავლე კითხვების 70%-ზე ნაკლებს გასცემს სწორად პასუხს, ვარსკვლავი და გარე წრეწირი, ორივე ნაცრისფერი იქნება.
სწორია 70%-დან 100%-მდე: ეს ქულა წარმატებულად ითვლება. ვარსკვლავი ამჯერად გამწვანდა, თუმცა გარე წრეწირი კვლავ ნაცრისფერია.
სწორია 100%: როდესაც მოსწავლე იდეალურ ქულას იღებს, ვარსკვლავიც და გარე წრეწირიც მწვანდება.

საგნის მთავარი გვერდი

როდესაც მოსწავლე საგანს ირჩევს, ჩნდება რამდენიმე ჩანართი, მათ შორის „გამოიკვლიეთ“, „კლასები“, „ვარჯიში“ და ზოგ შემთხვევაში „მისიაც“.
შენიშვნა: მისიები მხოლოდ მათემატიკური საგნებისთვის არსებობს.

ჩანართი „გამოიკვლიეთ“

როდესაც მოსწავლე სასწავლო თემას ირჩევს „გამოიკვლიეთ“ ჩანართიდან, მას შევთავაზებთ მოკლე დიაგნოსტიკური ტესტის გაკეთებას, რათა დავიწყოთ მისი სასწავლო გეგმა.
დიაგნოსტიკური ტესტის შედეგები განსაზღვრავს პირველ თემებს რეკომენდებული სწავლებისა და პრაქტიკისათვის.
„გამოიკვლიეთ“ ჩანართში მოსწავლეებს შეუძლიათ, დააწკაპუნონ ცალკეულ თემას და იხილონ საკუთარი პროგრესი. მაგალითად, ქვემოთ ნაჩვენები სტატიის ლურჯი ფერი ილუსტრირებს იმას, რომ მოსწავლემ უკვე წაიკითხა იგი, ხოლო სამი პრაქტიკული სავარჯიშო აჩვენებს მოსწავლის ქულასა და ამჟამინდელ სტატუსს.

„კლასების“ ჩანართი

„კლასების“ ჩანართში ჩამოთვლილია საგნის კლასები. ხანის აკადემიის საგნების, კლასებისა და სტანდარტების შესახებ უფრო მეტის გასაგებად დააწკაპუნეთ აქ.

„ვარჯიშის“ ჩანართი

„ვარჯიშის“ ჩანართი ცალკეული საგნის რესურსებს სავარჯიშოებამდე ავიწროებს.

„მისიის“ ჩანართი (მხოლოდ მათემატიკისთვის)

მისიების შესახებ მეტის გასაგებად დააწკაპუნეთ აქ.
იტვირთება