ლეონარდო, ვიტრუვიუსის ადამიანი
ისტორიას არ აქვს ბუნებრივი დაყოფები. მე-15 საუკუნის ფლორენციაში მცხოვრები ქალი საკუთარ თავს აღორძინების ეპოქის წარმომადგენლად არ განიხილავდა. ისტორიკოსები ისტორიას დიდ და მცირე ერთეულებად იმისთვის ყოფენ, რომ გამოყონ მახასიათებლები და ცვლილებები, რომლებიც ყველაფერს უფრო ნათელს გახდის მათთვისა და მოსწავლეებისთვის. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ისტორიული პერიოდი არის კონსტრუქცია და გამარტივება. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მნიშვნელოვანი საფუძველი, რომლებიც დაწყებაში დაგეხმარებათ.
ქვემოთ მოყვანილი ქრონოლოგიის კითხვისას გაითვალისწინეთ, რომ იმავე მნიშვნელობის მოვლენები აგრეთვე მოხდა აფრიკაში, აზიაში, ამერიკასა და ოკეანეთში.

პრეისტორიული (დაახლოებით ძვ. წ. 3000)

შიშველი ქალი (ვილენდორფის ვენერა), დაახ. ძვ. წ. 28 000-25 000, კირქვა, სიმაღლე 4 1/4" (ბუნებისმეტყველების მუზეუმი, ვენა)
შიშველი ქალი (ვილენდორფის ვენერა), დაახ. ძვ. წ. 28 000-25 000, კირქვა, სიმაღლე 4 1/4" (ბუნებისმეტყველების მუზეუმი, ვენა; გერმ. Naturhistorisches Museum), ფოტო: სტივენ ცუკერი 
(CC BY-NC-SA 2.0)
ტერმინი „პრეისტორიული“ იმ დროს აღნიშნავს, როცა ხელნაწერი ისტორია ჯერ კიდევ არ არსებობდა. დასავლეთში დამწერლობა ანტიკურ შუამდინარეთში გამოიგონეს, ჯერ კიდევ ძვ. წ. 3000 წელზე უფრო ადრე, ამიტომ ეს პერიოდი მოიცავს ამ თარიღამდე შექმნილ ვიზუალურ კულტურას (ნახატებს, ქანდაკებებსა და არქიტექტურას). უძველესი დეკორატიული ფორმები, რომლებიც შეგვიძლია, ხელოვნებად მივიჩნიოთ, აფრიკიდან მოდის და თარიღდება ძვ. წ. 100 000 წლით. ამის საპირისპიროდ, ჩვენთვის ცნობილი, გამოქვაბულში შესრულებული უძველესი ნახატები მხოლოდ 40 800 წლისაა და, მართალია, ადრე გვეგონა, რომ მხოლოდ ჩვენი სახეობა, ჰომო საპიენსი, ქმნიდა ხელოვნებას, მაგრამ დღეს ანთროპოლოგები ვარაუდობენ, რომ ამ ადრეული ნახატებიდან ზოგიერთი მაინც შესაძლოა, ნეანდერტალელების მიერ იყოს შესრულებული.
ნეოლითური რევოლუცია, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში, პრეისტორიული ხანის დროს მოხდა. ამ დროს ჩვენმა წინაპრებმა ისწავლეს მეურნეობა და ცხოველების მოშინაურება, რამაც საშუალება მისცა მათ, მომთაბარეობას შეშვებოდნენ და მუდმივი სამოსახლო ეპოვათ ქალაქებისა და ცივილიზაციების დასაარსებლად.

ანტიკური (დაახლოებით ძვ. წ. 3000-400)

ეს პერიოდი მოიცავს ანტიკური ახლო აღმოსავლეთის (გაიხსენეთ ბაბილონი), ანტიკური ეგვიპტის, ანტიკური საბერძნეთის, ეტრუსკებისა და რომაელების დიდებულ ცივილიზაციებს — ყველაფერს, რაც დამწერლობის შექმნის შემდეგ და რომის იმპერიის დაცემამდე მოხდა. გაითვალისწინეთ, რომ რომის იმპერიის დაშლას საუკუნეები დასჭირდა, მაგრამ სიმარტივისთვის მივიჩნიოთ, რომ ეს დაახლოებით 400 წელს მოხდა.
არტემისიუმის ზევსი ან პოსეიდონი, დაახ. ძვ. წ. 460 წელი, ბრინჯაო, სიმაღლე 2.09 მ, ადრეული კლასიკური (მკაცრი სტილი), აღდგენილია საბერძნეთში, არტემისიუმის კონცხთან, 1928 წელს მომხდარი გემის ჩაძირვის შემდეგ (ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი, ათენი), ფოტო: სტივენ ცუკერი (CC BY-NC-SA 2.0)
ზევსის ან პოსეიდონის ანტიკური ბერძნული სკულპტურა, დაახ. ძვ. წ. 460 წელი, ბრინჯაო, სიმაღლე 2.09 მ, ადრეული კლასიკური (მკაცრი სტილი), აღდგენილია საბერძნეთში, არტემისიუმის კონცხთან, 1928 წელს მომხდარი გემის ჩაძირვის შემდეგ (ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი, ათენი), ფოტო: სტივენ ცუკერი (CC BY-NC-SA 2.0)
სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში დაიწყეს ძველმა ბერძნებმა გარესამყაროზე დაკვირვება და შექმნეს ადამიანთა ერთ-ერთი უძველესი ბუნებრივ-ისტორიული სახეები. ამ პერიოდს ხშირად მიაწერენ დასავლური ფილოსოფიის, მათემატიკის, თეატრის, მეცნიერებისა და დემოკრატიის შექმნას. რომაელებმა, თავის მხრივ, შექმნეს იმპერია, რომელიც ევროპის დიდ ნაწილსა და ხმელთაშუაზღვისპირეთზე იყო გადაჭიმული. ისინი მართვისა და ინჟინერიის ექსპერტები იყვნენ და თავს ორი უძველესი ცივილიზაციის, საბერძნეთისა და ეგვიპტის (რომლებიც მათ დაიპყრეს), მემკვიდრეებად მიიჩნევდნენ.
მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ისტორია ცალკეული ამბების წყების სახითაა წარმოდგენილი, რეალურად, ნარატივები ხშირად თანაიკვეთება და ისტორიას უფრო კომპლექსურსა და საინტერესოს ხდის. მაგალითად, სწორედ რომის იმპერიის დროს ცხოვრობდა პიროვნება, რომელსაც დღეს იესოს ვეძახით. იესო და მისი მოციქულები ებრაელები იყვნენ, რომლებიც თანამედროვე ისრაელის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, მაგრამ მაშინ ეს მიწები რომის იმპერიის ნაწილი იყო.

შუა საუკუნეები (დაახლოებით 400-1400)

ამ ათასწლოვანი პერიოდის პირველ ნახევარში საშინელი პოლიტიკური და ეკონომიკური გადატრიალება მოხდა დასავლეთ ევროპაში, როდესაც მიგრირებული ხალხების შემოსევებმა რომის იმპერიის დესტაბილიზაცია გამოიწვია. რომის იმპერატორმა კონსტანტინემ დააარსა კონსტანტინოპოლი (ამჟამად სტამბოლი, თურქეთი) და აღმოსავლეთის ახალ დედაქალაქად გამოაცხადა 330 წელს, ხოლო დასავლეთ რომის იმპერია მალევე დაიშალა. აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ბიზანტიის იმპერია (დედაქალაქ კონსტანტინოპოლით) აყვავდა.
ქრისტე, დეისუსის მოზაიკა (ბიუსტი), დაუთარიღებელი ბიზანტიური მოზაიკა, აია-სოფია, სტამბოლი, 4.08 x 5.95მ, ფოტო: სტივენ ცუკერი
ქრისტე (დეტალი), Deësis (ქრისტე ქალწულ მარიამსა და იოანე ნათლისმცემელთა ერთად), დაახ. 1261, მოზაიკა, საიმპერიო ზღუდე, სამხრეთ გალერეა, აია-სოფია, სტამბოლი, ფოტო: სტივენ ცუკერი
ქრისტიანობა ყოფილი რომის იმპერიის ტერიტორიაზე გავრცელდა — გადმოსახლებულ დამპყრობლებშიც კი (ვანდალებში, ვესტგუთებში და ა.შ.). ქრისტიანული ეკლესია, რომელსაც სათავეში პაპი ედგა, ყველაზე ძლიერი სოციალური ინსტიტუტი გახდა დასავლეთ ევროპაში, აღმოსავლეთში კი მართმლმადიდებლური ეკლესია დომინირებდა.
ბიზანტიის იმპერია 650 წელს
ბიზანტიის იმპერია 650 წელს
სწორედ ამ პერიოდში წარმოიქმნა ისლამი, სამი დიდი მონოთეისტური რელიგიიდან ერთ-ერთი. 632 წელს წინასწარმეტყველ მუჰამედის გარდაცვალებიდან საუკუნეზე ცოტა მეტის განმავლობაში ისლამი გახდა იმპერია, რომელიც გადაჭიმული იყო ესპანეთიდან ინდოეთამდე, ჩრდილოეთ აფრიკის, შუა და ახლო აღმოსავლეთების ჩათვლით. შუა საუკუნეების ისლამი ლიდერობდა მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში. მან შექმნა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საგანმანათლებლო ცენტრი (მაგალითად, კორდობა). ისლამურმა კულტურამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბერძნული ტექსტების შენახვასა და თარგმნაში იმ პერიოდში, როდესაც ანტიკური სამყაროს დროს წარმოქმნილი ცოდნის უდიდესი ნაწილი დაკარგული იყო.
პეტრარკამ (1300-იან წლებში მცხოვრებმა მწერალმა) ადრეულ შუა საუკუნეებს უწოდა „ბნელი საუკუნეები“, რადგან მისთვის ეს პერიოდი კაცობრიობის მიღწევების დაკნინების ხანა იყო, განსაკუთრებით ძველ ბერძნებსა და რომაელებთან შედარებით. „შუა საუკუნეებს“ სახელი ეწოდა რენესანსის (აღორძინების) ეპოქის სწავლულების მიერ, რომელთათვისაც ეს იყო ხანგრძლივი ბარბაროსული პერიოდი, რომელმაც ისინი გამოყო ძველი საბერძნეთისა და რომის უძველესი ცივილიზაციებისგან, რომელთაც რენესანსის დროს ადიდებდნენ და ბაძავდნენ.
ძმები ლიმბურგები, „ბერის ჰერცოგის დიდებული ჟამნი“ (ფრ. Très Riches Heures du duc de Berry), ფოლიო 5, ვერსო: მაისი, 1412-16, ველენის ქაღალდზე შესრულებული ილუმინირებული ხელნაწერი, 22.5 x 13.6 სმ (კონდეს მუზეუმი; ფრ. Musée Condé)
ახალგაზრდა დიდებულები მსვლელობის დროს, „ბერის ჰერცოგის დიდებული ჟამნი“ (ფრ. Très Riches Heures du duc de Berry), ძმები ლიმბურგების ნამუშევარი, ფოლიო 5, ვერსო: მაისი, 1412-16, ველენის ქაღალდზე შესრულებული ილუმინირებული ხელნაწერი, 22.5 x 13.6 სმ (კონდეს მუზეუმი; ფრ. Musée Condé)
შუა საუკუნეების საზოგადოება მკაცრად იყო დაყოფილი ფენებად. სათავეში იდგა მეფე. ქვემოთ იყვნენ მცირე დიდებულები. ეს ლორდები (ფეოდალები, ბატონები), თავის მხრივ, მართავდნენ გლეხებსა და ყმებს (მოსახლეობის უდიდეს ნაწილს). ყმები იყვნენ მუშები, რომლებიც სამუდამოდ იყვნენ დაკავშირებულნი იმ მიწაზე მუშაობასთან, რომელსაც მათი ლორდი ფლობდა. ფეოდალიზმად წოდებული ამ სისტემის საბაზო ერთეული იყო ბატონისა (ლორდისა) და ყმის (ვასალის) ურთიერთობა. მიწისა და უსაფრთხოების სანაცვლოდ ვასალს შეეძლო, ლორდი სამუშაო ძალით (ველსა თუ ბრძოლაში) უზრუნველეყო. ფენებს შორის გადასვლა ძალიან იშვიათი იყო.
ცხადია, ათასწლოვანი შუა საუკუნეების განმავლობაში ხელოვნებისა და ლიტერატურის მრავალი დიდებული ნიმუში შეიქმნა, მაგრამ ისინი განსხვავდებოდნენ იმისგან, რასაც პეტრარკა აფასებდა. შუა საუკუნეებში შექმნილი ხელოვნების ნიმუშების უმრავლესობა ეკლესიის სწავლებაზე ფოკუსირდებოდა.
მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ შუა საუკუნეებში იშვიათი იყო, წერა-კითხვა სამღვდელოების წევრების (ბერების, მღვდლებისა და ა. შ.) გარდა კიდევ ვინმეს სცოდნოდა. მიუხედავად იმ მოლოდინისა, რომ სამყაროს დასასრული 1000 წელს დადგებოდა, დასავლეთი ევროპა უფრო და უფრო სტაბილური ხდებოდა. ამ პერიოდს ხშირად გვიან (ან მაღალ) შუა საუკუნეებს უწოდებენ. ამ დროს განახლდა მასშტაბური ნაგებობების შენება და აღდგა მრავალი ქალაქი. მონასტრები (მაგალითად, კლუნი) გამდიდრდა და განათლების მნიშვნელოვანი ცენტრები გახდა.
შუა საუკუნეების ხელოვნების ისტორიაში არის ქვეერთეულები, მათ შორის ადრეული ქრისტიანული (ადრექრისტიანული), ბიზანტიური, კაროლინგური, ოტონური, რომანული და გოთიკური. ათასწლოვანი შუა საუკუნეების ხელოვნებისა და პოლიტიკის დიდი ნაწილს თუ დავაკვირდებით, ვიპოვით კომპლექსურ და მუდმივ ურთიერთკავშირს უძველესი რომის იმპერიის ხსოვნასა და მემკვიდრეობასთან, რამაც საფუძველი ჩაუყარა აღორძინების ეპოქას (რენესანსს).

რენესანსი (დაახლოებით 1400-1600)

ნაწილობრივ, რენესანსი იყო ანტიკური ბერძნული და რომაული კულტურებისადმი ინტერესის ხელახალი დაბადება (აღორძინება). ეს იყო აგრეთვე ევროპის, კერძოდ, იტალიისა და ჩრდილოეთ ევროპის, ეკონომიკური აყვავების პერიოდი. ხელოვნების ისტორიაში შევისწავლით როგორც იტალიურ, ასევე ჩრდილოურ რენესანსს. ვსაუბრობთ სამყაროს ხედვის იმ ხერხზე, რომელსაც ჰუმანიზმი ეწოდება, და რომელმაც — ყველაზე უფრო ფუნდამენტურ დონეზე — ხელახლა დააფასა კაცობრიობის ცოდნა და სამყაროსეული გამოცდილება (ღვთაებრიობაზე ფოკურისების საპირისპიროდ). მან ამ ყოველივეს მოდელად ანტიკური ბერძნული და რომაული ლიტერატურა გამოიყენა.
რაფაელი, „ათენის სკოლა“, ფრესკა, 1509-1511 (Stanza della Segnatura, აპოსტოლური სასახლე, ვატიკანი)
რაფაელის „ათენის სკოლაზე“ გამოსახული პლატონი, არისტოტელე და სხვა ძველი ფილოსოფოსები და მათემატიკოსები, ფრესკა, 1509-1511 (Stanza della Segnatura, აპოსტოლური სასახლე, ვატიკანი)
ისტორიაში მხოლოდ რამდენიმე მომენტია, რომლებზეც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სწორედ მათ შეცვალეს ყველაფერი. საბეჭდი დაზგის (სტამბის) გამოგონება და დამკვიდრება ნამდვილად ერთ-ერთი მათგანია. წიგნების ხელმისაწვდომობამ მკვეთრად გაზარდა წიგნიერების დონე ევროპაში. მკითხველებს გაეზარდათ შესაძლებლობები და გარკვეულწილად ჩვენი ინფორმაციული რევოლუცია შეგვიძლია, მე-15 საუკუნის გერმანიასა და გუტენბერგის პირველი სტამბის გამოგონებას მივაწეროთ.
1517 წელს გერმანელმა თეოლოგმა და ბერმა, მარტინ ლუთერმა, ეჭვქვეშ დააყენა პაპის ძალაუფლება და დაიწყო პროტესტანტული რევოლუცია. მისი იდეები სწრაფად გავრცელდა, ნაწილობრივ სწორედ საბეჭდი დაზგის არსებობის წყალობით. ეკლესიის ძალაუფლებასთან დაპირისპირებითა და ინდივიდუალური ცნობიერების ძალის დაცვით (ხალხისთვის ფართოდ გახდა ხელმისაწვდომი ბიბლია მშობლიურ ენაზე) რეფორმაციამ საფუძველი ჩაუყარა იმ ღირებულებას, რომელიც თანამედროვე კულტურაში ფუნდამენტურია ადამიანისთვის.
სწორედ ამ დროსვე დაიწყო მეცნიერული რევოლუცია და გარესამყაროს შესწავლამ ჩაანაცვლა რელიგიური დოქტრინა, როგორც სამყაროს ჩვენეული გაგებისა და მასში ჩვენი ადგილის წყარო. კოპერნიკმა შეცვალა სამყაროს ძველი ბერძნული (გეოცენტრული) მოდელი და განაცხადა, რომ მზის სისტემის ცენტრში იყო მზე, პლანეტები მის გარშემო ბრუნავდნენ წრიულ ორბიტებზე. მიუხედავად ამისა, თეორიები ხშირად სულაც არ შეესაბამებოდა დაკვირვებებს. მე-17 საუკუნის დასაწყისში კეპლერმა ივარაუდა (და სწორადაც!), რომ პლანეტები ელიფსურ (და არა წრიულ) ორბიტებზე მოძრაობენ და რომ ორბიტის სიჩქარე დამოკიდებულია პლანეტის მზისგან დაშორების მანძილზე. ესეც თქვენ ბერძნების იდეალური გეომეტრია!

ადრეული ახალი ისტორია (დაახლოებით 1600-1800)

შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, რომ „ახალი დროის“ დასაწყისი ამდენად დიდი ხნის წინ იყო, მაგრამ დიდწილად სწორედ მე-17 და მე-18 საუკუნეების მეცნიერულმა, პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა რევოლუციებმა განაპირობეს ჩვენი თანამედროვე საზოგადოების ჩამოყალიბება.
ხელოვნების ისტორიკოსები შეისწავლიან მე-17 საუკუნის ბაროკოს სტილს. ეს იყო ხანგრძლივი და ხშირად სასტიკი კონფლიქტების ეპოქა კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის, რასაც კიდევ უფრო ამწვავებდა ევროპის დიდი მონარქიების მზარდი ძალაუფლება. ეს იყო დრო, როდესაც გაიზარდა ერების ზომა, სიმდიდრე და ავტონომია, როდესაც განმტკიცდა ეროვნული საზღვრები და ჩამოყალიბდა ჩვენთვის ცნობილი სახელმწიფოები (მაგალითად, საფრანგეთი, ესპანეთი და ინგლისი). აგრეთვე ამ დროს დაიწყო კოლონიზაცია, როდესაც ევროპის ძალებმა გაიყო და თავის სასარგებლოდ გამოიყენა მსოფლიოს ბუნებრივი რესურსები და ხალხი (განსაკუთრებით გამოსარჩევია აფრიკელი მონებით ვაჭრობა და ადგილობრივი ამერიკელების ძალადობრივი დამორჩილება და მათი სხვა სარწმუნოებაზე მოქცევა).
ჰენდრიკ კორნელის ვრომი, ოსტინდოეთის მეორე ექსპედიციის დაბრუნება ამსტერდამში, 1599, ზეთი ტილოზე (Rijksmuseum)
ჰენდრიკ კორნელის ვრომი, ოსტინდოეთის მეორე ექსპედიციის დაბრუნება ამსტერდამში, 1599, ზეთი ტილოზე (Rijksmuseum)
1700-იან წლებს ხშირად „განმანათლებლობის ეპოქას“ უწოდებენ. მის დროს გაიზარდა ის ინტერესი პიროვნებისადმი, რომელიც იტალიურ რენესანსშიც შეინიშნებოდა, მოგვიანებით და უფრო ვრცლად კი - პროტესტანტული რეფორმაციის დროს. ისეთი მოაზროვნეები, როგორებიც არიან რუსო, ვოლტერი და დიდრო, იცავდნენ ჩვენს შესაძლებლობას, დამოუკიდებლად მიგვეღო გადაწყვეტილებები, რომელიმე დაწესებულების, მაგალითად, ეკლესიის, სწავლებაზე დაყრდნობის ნაცვლად. ხელოვნების ისტორიაში აგრეთვე შევისწავლით როკოკოსა და ნეოკლასიციზმს.
ამ პერიოდითაა დათარიღებული ამერიკისა და საფრანგეთის რევოლუციები. განვითარებადმა საშუალო კლასებმა (მოგვიანებით მუშათა კლასებმა) დაიწყეს პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების მრავალსაუკუნოვანი კამპანია, რითიც დაუპირისპირდნენ არისტოკრატიისა და მონარქიის კონტროლს. წარმატებულმა რეფორმატულმა მოძრაობებმა (ამ პერიოდში და მე-19 საუკუნეში) და რევოლუციებმა ნელ-ნელა გაზარდა მოქალაქეთა არჩევნებში მონაწილეობის მიღების (ხმის მიცემის) უფლება. მანამდე საარჩევნო უფლება ჰქონდათ მხოლოდ იმ მამაკაცებს, რომლებიც ფლობდნენ მიწას და იხდიდნენ გარკვეული ოდენობის გადასახადებს. ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მხოლოდ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარსა და მე-20 საუკუნეში იქცა საყოველთაო საარჩევნო უფლება ნორმად.

ახალი ისტორია (დაახლოებით 1800 წლის შემდეგ)

კაპიტალიზმი (მიუხედავად მისი რენესანსული ფესვებისა) სწორედ ამ პერიოდში გახდა წამყვანი ეკონომიკური სისტემა. ადამიანები რისკავდნენ კაპიტალით, რათა ეწარმოებინათ საქონელი იმ ფულადი ბაზრისთვის, რომელიც ემყარებოდა იაფ, დაქირავებულ მუშახელს. მუშები საბოლოოდ კავშირებში გაერთიანდნენ (თანამედროვე გილდიებში) და ამ სახით საკმაო გავლენაც მოიპოვეს. უფრო ვრცლად თუ ვიტყვით, ცხოვრების სტანდარტის ზრდამ და საჯარო განათლების პირველმა ექსპერიმენტებმა განაწილებული პოლიტიკური ძალაუფლება წაახალისა.
ორთქლზე მომუშავე მანქანებმა და არაკვალიფიციურმა მუშებმა ჩაანაცვლეს უფრო კვალიფიციური ხელოსნები. ამ პერიოდში ლონდონში, პარიზსა და ნიუ-იორკში მოხდა მოსახლეობის უპრეცედენტო ზრდა, რადგან ადამიანები სოფლებიდან გადასახლდნენ ან ემიგრირდნენ, რათა გაეუმჯობესებინათ საკუთარი ცხოვრების დონე.
პაბლო პიკასო, გერნიკა, 1937, ზეთი ტილოზე, 349 × 776 სმ (დედოფალ სოფიას მუზეუმი, მადრიდი; ესპ. Museo Reina Sofia)
პაბლო პიკასო, გერნიკა, 1937, ზეთი ტილოზე, 349 × 776 სმ
(დედოფალ სოფიას მუზეუმი, მადრიდი; ესპ. Museo Reina Sofia)
მე-20 საუკუნე ისტორიაში ყველაზე სასტიკი იყო. იგი მოიცავდა ორ მსოფლიო ომს, ცივ ომს, კოლონიალიზმის ნგრევასა და ტოტალიტარული სახელმწიფოს გამოგონებას. დიქტატორები (მუსოლინი, ჰიტლერი, სტალინი, იდი ამინი, პოლ პოტი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერები და ა.შ.) ნერგავდნენ ექსტრემალურ პოლიტიკურ სისტემებს, რომლებიც მასობრივ შიმშილს, გადასახლებებსა და გენოციდს იწვევდნენ. ამავდროულად მე-20 საუკუნე ხასიათდება ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლითა და გლობალური კაპიტალიზმის ზრდით.
თუკი ძველად ხელოვანები ეკლესიასთან ან სახელმწიფოსთან დაკავშირებული მდიდარი მფარველების ინსტრუქციებით ხელმძღვანელობდნენ, ამ პერიოდში ხელოვნება გახდა საბაზრო ეკონომიკის ნაწილი და იგი პიროვნული თვითგამოხატვის საშუალებად იქცა. დასავლური კულტურის მთავარი ფასეულობა პიროვნება, ინდივიდი იყო, რომელიც პირველად ძველ საბერძნეთსა და რომში აღმოცენდა, მოგვიანებით კი - რენესანსში. თუკი ერთ დროს მხატვრობის სტილები (მაგალითად, ბაროკო) მოიცავდა ვრცელ რეგიონებსა და დროის ხანგრძლივ მონაკვეთებში მოღვაწე მხატვრებს, მე-19 საუკუნის მიწურულსა და მე-20 საუკუნეში ხელოვნების სტილები ძალიან სწრაფად იცვლებოდა და იშლებოდა ინდივიდუალური მხატვრული გამოცდილებების კალეიდოსკოპად.

სად ვართ ჩვენ?

ჩვენ საკუთარ დროში ვცხოვრობთ და გვიჭირს, გარშემო სამყარო ობიექტურად აღვიქვათ. პრინციპში, 'ხელოვანის' ერთ-ერთი თანამედროვე განმარტებაა: ადამიანი, რომელიც განსაკუთრებით გათვითცნობიერებულია თავის კულტურულ ეპოქაში. გლობალური კაპიტალიზმის, სოციალური მედიისა და ინტერნეტის წყალობით, დღეს უფრო ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთდამოკიდებულნი ვართ, ვიდრე ოდესმე ვიყავით. ზოგისთვის ეს უტოპიური მომენტიცაა. ინტერნეტის მეშვეობით ყველას შეგვიძლია, წვლილი შევიტანოთ ინფორმაციურ რევოლუციაში. სხვებისთვის ტექნოლოგია ჩვენს ინდივიდუალურობასა და პრივატულობას უქმნის საფრთხეს. ის ჩვენგან ერთ-ერთ მონაცემს ქმნის, რომელსაც "ფეისბუკის", "გუგლისა" და "ეპლის" მსგავსი კორპორაციები შემოსავლის წყაროდ აქცევენ. ერთი რამ ცხადია: თითოეულ ეპოქაში ხელოვნება სხვადასხვა რამეს ნიშნავდა და დიდი ალბათობით, მისი მნიშვნელობა მომავალშიც შეიცვლება.
კაცობრიობის ისტორია ვიზუალურმა კულტურამ შემოგვინახა. ადრეული ცივილიზაციების მსგავსად, დრო ჩვენთვის ნაცნობი ვიზუალური კულტურის დიდ ნაწილსაც გაანადგურებს. ხელოვნების მომავალი ისტორიკოსები შეეცდებიან, აღადგინონ ის სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ; უკეთ გაიგონ მნიშვნელობები, რომლებიც ჩვენთვის კარგადაა ნაცნობი. ალბათ, ოდესმე ხელოვნების ისტორიკოსი დაჯდება და ინტერნეტის "მიმს", რიჩარდ სერას "ელიფსს" ან სკოლის ეზოს მოხატულობას უკირკიტებს.
ესეის ავტორები არიან დრ. ბეტ ჰარისი და დრ. სტივენ ცუკერი
იტვირთება