If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

მიმოხილვა: მასივები

ეს იმ მასალის მიმოხილვაა, რომელიც განვიხილეთ მასივების ამ სახელმძღვანელოში.
ჩვენი პროგრამების შექმნის დროს ხშირად გვსურს ხოლმე მნიშვნელობების სიის შენახვა. JavaScript-ში ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ მნიშვნელობის ტიპი, რომელსაც მასივი ეწოდება.
მასივის შესაქმნელად ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ ცვლადი ზუსტად ისე, როგორც ჩვეულებრივ ვაცხადებთ, თუმცა შემდეგ ჩვენი მნიშვნელობების სია უნდა ჩავსვათ კვადრატულ ფრჩხილებში და თითოეული მნიშვნელობა უნდა გამოვყოთ მძიმით:
var xPositions = [33, 72, 64];
მასივში შეგვიძლია, შევინახოთ JavaScript-ის ნებისმიერი მნიშვნელობა - არა უბრალოდ რიცხვები. აი, მაგალითი, თუ როგორ ვინახავთ მასივში სტრინგების სიას:
var myFriends = ['Winston', 'OhNoesGuy', 'John', 'Sophia'];
ხშირად გვსურს ხოლმე მასივის სიგრძის ეკრანზე გამოტანა ან ამ სიგრძის გამოყენებით რამის გაკეთება. საბედნიეროდ, ყოველ მასივს აქვს length თვისება, რომელიც გვეუბნება მასივის მიმდინარე სიგრძეს:
text(myFriends.length, 200, 200); // ეკრანზე გამოაქვს "4"
როდესაც გვსურს, გავწვდეთ კონკრეტულ მნიშვნელობას მასივში, ჩვენ მივმართავთ მას მისი მასივის „ინდექსის" საშუალებით, რომელიც წარმოადგენს მის ადგილმდებარეობას. მასივის პირველი ინდექსია „0", ამიტომ, თუ გვსურს, მივმართოთ მასივის პირველ ელემენტს, ჩვენ უნდა მივუთითოთ მასივის ცვლადის სახელი, შემდეგ მივაწეროთ კვადრატული ფრჩხილები და 0:
text(myFriends[0], 200, 0); // ეკრანზე გამოაქვს "Winston"
მეორე ელემენტი განთავსებულია ინდექსზე ნომრით „1", მესამე - „2" ინდექსზე, ხოლო მეოთხე - ინდექსზე ნომრით „3":
text(myFriends[1], 200, 100); // გამოაქვს "OhNoesGuy"
text(myFriends[2], 200, 200); // გამოაქვს "John"
text(myFriends[3], 200, 300); // გამოაქვს "Sophia"
ნულზე დაფუძნებული ინდექსირება დამწყები პროგრამისტებისთვის მასივების ერთ-ერთი ყველაზე დამაბნეველი ასპექტია, ამიტომ დაიმახსოვრეთ ეს თვისება მასივებთან მუშაობის დაწყებისთანავე. ამ უცნაურობას მალევე მიეჩვევით!
ხშირად გვსურს ხოლმე მასივის ყოველი ელემენტისთვის რაღაცა ქმედების შესრულება (მაგალითად, გამოვიყენეთ ბრძანება text() ზემოთ სახელების საჩვენებლად). იმის ნაცვლად, რომ დაწეროთ კოდი ბევრჯერ, სჯობს, გამოიყენოთ ციკლი, რათა გაიაროთ მასივის ყოველი ელემენტი და გააკეთოთ რაღაც ყოველი ელემენტისთვის ციკლის შიგნით. ჩვენ უნდა დავიწყოთ 0 ინდექსიდან და ვატრიალოთ ციკლი, სანამ არ მივაღწევთ მასივის ბოლოს და ყოველ ჯერზე ვამატოთ ინდექსს 1-იანი. აი, როგორ ვაკეთებთ ამას:
for (var i = 0; i < myFriends.length; i++) {
   text(myFriends[i], 200, (i+1)*100);
}
დააკვირდით, თუ როგორ ჩავსვით i კვადრატული ფრჩხილების შიგნით. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ ის წარმოადგენს ციკლის ყოველ იტერაციაზე მიმდინარე ელემენტის ინდექსს.
მასივების შეცვლის მრავალი გზა არსებობს. მოდით, დავიწყოთ მასივის შიგნით მნიშვნელობების ცვლილებით:
myFriends[1] = "TheErrorBuddy";
აგრეთვე შეგვიძლია, დავამატოთ მათ სრულიად ახალი მნიშვნელობები push() მეთოდში ახალი მნიშვნელობის გადაცემით:
myFriends.push("Hopper");
კოდის ამ ხაზის გაშვების შემდეგ, ჩვენი მასივის სიგრძის თვისება შეიცვლება, რათა წარმოადგინოს ახალი სიგრძე და ამ მასივის საბოლოო ინდექსი იქნება 4, 3-ის ნაცვლად.
თუ გსურთ, შეიტყოთ JavaScript-ის მასივების ცვლილების ყველა გზის შესახებ, გადახედეთ ამ მითითებებს. მაგრამ არ შეგეშინდეთ, ამ გაკვეთილში ახსნილი მასალა საკმაოდ შორს წაგვიყვანს!

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.