If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ვებგვერდების განვითარება ხანის აკადემიის გარეთ

ჩვენ ბრაუზერშივე გთავაზობთ კოდის რედაქტორს ხანის აკადემიაზე, რათა გაგიმარტივდეთ HTML-ის მოსინჯვა, დაუყოვნებლივ მიიღოთ უკუკავშირი და გააზიაროთ თქვენი ნაშრომი.
თუმცა ჩვენი კოდის რედაქტორით ყველაფერს ვერ გამოიყენებთ–როგორც უსაფრთხოების, აგრეთვე იმ სირთულის გამო, რომელიც გამოწვეულია ყველა მახასიათებლის მქონე რედაქტორის ჰოსტინგით ასეთ პატარა სივრცეში!
როგორც კი ისწავლით HTML/CSS-ს აქ, უფრო მეტი მახასიათებლის მქონე რედაქტორში მოგინდებათ ვებგვერდების განვითარება. ისეთში, რომელიც დაამატებს მახასიათებლებს, როგორიცაა რამდენიმე ფაილი, ფაილის ძიება და პერსონალიზებული პროგრამული გაფართოება. რომელ რედაქტორსაც არ უნდა იყენებდეთ, დაიმახსოვრეთ ფაილი ისეთი სახელით, რომელიც ბოლოვდება „.html"-ით— ეს არის ფაილის გაფართოება, რომელიც გამოიყენება HTML-ის ყველა გვერდისთვის, რათა რედაქტორმაც და ბრაუზერმაც გაიგოს, რა ფაილია ეს.

ონლაინ რედაქტორები

ერთი ვარიანტია ონლაინრედაქტორის გამოყენება, რომელიც ჰგავს ჩვენს რედაქტორს დამატებითი მახასიათებლებით. ონლაინრედაქტორის გამოყენება თქვენთვის მოსახერხებელი იქნება, თუკი გაქვთ კომპიუტერი, რომელიც არ გაწერინებთ აპლიკაციებს, ან ერთისა და იმავე რედაქტორის გამოყენება გსურთ რამდენიმე კომპიუტერში. პოპულარული ონლაინრედაქტორებია JSBin, Repl.it, Glitch და CodePen. თუ ChromeBook-ზე ხართ, შეგიძლიათ, დააინსტალიროთ ქრომის ვებაპლიკაცია, როგორიცაა Caret ან Zed. აი, ვიდეო, რომელშიც მე ვარედაქტირებ ვებგვერდს Cloud9-ში:
ხანის აკადემიის ვიდეოების მომთავსებელი

გადმოსაწერი რედაქტორები

კიდევ ერთი ვარიანტი არის გადმოსაწერი რედაქტორი. აპი გადმოიწერება თქვენს კომპიუტერში და დაიმახსოვრებს ფაილებს თქვენს მყარ დისკზე. არსებობს უამრავი გადმოსაწერი რედაქტორი, რომლებიც შეგიძლიათ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ფასისა და ოპერაციული სისტემის მიხედვით. პოპულარული გადმოსაწერი რედაქტორებია Visual Studio Code, Atom, Sublime Text, Adobe Brackets და Notepad++ (ვინდოუსისათვის). აი, ვიდეო, რომელშიც მე ვარედაქტირებ ვებგვერდს Sublime Text-ში:
ხანის აკადემიის ვიდეოების მომთავსებელი

ბრძანების სტრიქონის რედაქტორები

მესამე ვარიანტია ბრძანების სტრიქონის რედაქტორის გამოყენება. თუ ჯერ არ იცნობთ ბრძანების სტრიქტონს, მაშინ ჯობს, ამ გზას არ გაჰყვეთ, რადგან თავდაპირველად მოგიწევთ ბევრი რამის სწავლა ბრძანების სტრიქონზე. თუმცა თუ კლავიატურით აკრეფა და ნავიგაცია გირჩევნიათ მაუსის გამოყენებას, მაშინ შეიძლება, მოგეწონოთ ბრძანების სტრიქონის იარაღები. ორი პოპულარული ბრძანების სტრიქონის რედაქტორია Emacs და Vim და ისინი ხშირად უკვე დაინსტალირებულია Unix-ზე დაფუძნებულ სისტემებში, როგორიცაა Mac და Linux. აი, ვიდეო, რომელშიც მე ვარედაქტირებ ვებგვერდს Vim-ში:
ხანის აკადემიის ვიდეოების მომთავსებელი

რედაქტორის შერჩევა

რომელი უნდა აირჩიოთ? ჯერ შეგიძლიათ, გააგრძელოთ ხანის აკადემიის HTML/CSS რედაქტორის გამოყენება. საბოლოოდ დაგჭირდებათ, გაეცნოთ ერთ სხვა რედაქტორს მაინც. კარგი იქნება, თუ რამდენიმე უფასო ვარიანტს მოსინჯავთ და ნახავთ, რომელი მოგწონთ ყველაზე მეტად. შეგიძლიათ, მეგობრებსა და კოლეგებსაც ჰკითხოთ, რას იყენებენ. ხშირ შემთხვევაში ხელსაყრელია იმ იარაღის გამოყენება, რომელსაც თქვენი ნაცნობები იყენებენ, რადგან შემდეგ შეგეძლებათ, დახმარება სთხოვოთ.
მაგალითად, აი, გრაფიკი, რომელიც გვაჩვენებს რედაქტორებს, რომლებსაც იყენებენ ჩემი ხანის აკადემიის კოლეგები. რამდენიმე მათგანი არ წერს HTML/CSS-ს, ამიტომ მათი საყვარელი რედაქტორი შეიძლება, თქვენთვის არ იყოს კარგი არჩევანი.
რედაქტორების პოპულარულობის სვეტოვანი დიაგრამა—VSCode, Sublime, Emacs, VIM, ამ მიმდევრობით.
გამოკითხვა ბოლოს ჩატარდა 2018-ში, რედაქტორების პოპულარულობა ხშირად იცვლება.
თუ თქვენ ამას კითხულობთ და ვებგვერდების დეველოპმენტისთვის უკვე იყენებთ სხვა რედაქტორს, შეგიძლიათ, „რჩევებში“ გაგვიზიაროთ, რას იყენებთ და რატომ მოგწონთ ის. თუკი ფავორიტი რედაქტორის დანამატები ან ბრაუზერის დეველოპმენტის ხელსაწყოები გაქვთ, ისინიც გაგვიზიარეთ.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.